MSG - "ბარსელონას" შემტევი ტრიო ფორმაში შედის
"ბარსელონას" შემტევი ტრიო ბოლო პერიოდია არაჩვეულებრივად გამოიყურება და მეტოქეთათვის, ფაქტობრივად, შეუჩერებელ ძალად იქცა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ "დორტმუნდისა" და "მალიორკას" წინააღმდეგ ტრიოს სამივე წევრმა გამოიჩინა თავი.
"მალიორკასთან" გატანილი გოლით გრიზმანმა ლა ლიგაში მშრალი სერია შეწყვიტა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ გრძელდებოდა. ლა ლიგის მე-16 ტურში ლიონელ მესიმ ჰეთ თრიქი შეასრულა, ლუის სუარესმა კი "კამპ ნოუზე" შეკრებილ გულშემატკივარს თავი ბრწყინვალე გოლით დაამახსოვრა.
ესპანეთის ჩემპიონატში "ბლაუგრანას" მიერ გატანილი 41 გოლიდან 21 სწორედ შემტევი ტრიოს ანგარიშზეა. მესი და სუარესი ერთმანეთს წლების განმავლობაში არაჩვეულებრივად უგებდნენ, გრიზმანი კი, როგორც ჩანს, თავის ნიშას პოულობს წინა ხაზში.
"ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს გავუგოთ. ყოველ მატჩში ეს უფრო ადვილი ხდება. ეს მესისთვის განსაკუთრებული ღამე იყო. მეექვსე "ოქროს ბურთი" - წარმოუდგენელი რამაა. ჩვენ გვინდოდა მისთვის ეს საღამო განსაკუთრებულად გვექცია." - ციტირებს ანტუან გრიზმანის სიტყვებს Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]