ანტონიო კონტე: "ბარსელონა" ზეწოლის გარეშე ითამაშებს
მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს თქმით, იმის მიუხედავად, რომ "ბარსელონა" იტალიაში გადახალისებული შემადგენლობით მიემგზავრება, "ნერაძურის" სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად მაინც მაქსიმუმის გაღება მოუწევს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ, "ბარსელონას" პირველი ადგილი განაღდებული აქვს. მე-2 ადგილისთვის "ინტერი" და "დორტმუნდი" იბრძვიან. ორივე გუნდი საკუთარ მოედანზე თამაშობს - "ინტერი" "ბარსელონასთან, ხოლო "დორტმუნდი" "სლავიასთან". მილანელთა მიზანია მინიმუმ იმდენი ქულა აიღონ, რამდენსაც "დორტმუნდი" აიღებს. ასეთ შემთხვევაში, "ნერაძური" მე-2 პოზიციას შეინარჩუნებს.
"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზურისთვის ვითამაშებთ და ეს მნიშვნელოვანია.
წილისყრის შემდეგ, ხალხმა ეს ჯგუფი ძალიან რთულად მიიჩნია. ბოლო ტურში "ბარსელონას" ვმასპინძლობთ და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ეს საამაყოა.
ამ ტურნირზე ასპარეზობის გაგრძელება გვსურს. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც გამოცდილება სჭირდებათ.
"ბარსელონა" იმ 4-5 გუნდს შორის შედის, რომლებიც ტურნირის სტარტიდანვე მის მოგებაზე ფიქრობენ. კატალონიელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელმაც შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე გაინაღდა. ეს ნიშნავს, რომ მეტოქე ზეწოლის გარეშე ითამაშებს, რაც, ხშირად, პრობლემებს ქმნის.
ასე რომ, არაფერი შეცვლილა. ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, მაქსიმუმი გავიღოთ და ვიცოდეთ, რომ შესაძლოა, საკმარისი ესეც არ აღმოჩნდეს." - ციტირებს კონტებს სიტყვებს Football Italia.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]