თბილისის მსგავსად - "ბარსას" თამაშზე დასასწრებად იბიცაზე ღამეს ათენებენ
ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივრებმა კარგად ვიცით, რა ხდება იმ ქალაქში, რომელსაც "ბარსელონა" პირველად სტუმრობს. თბილისის შემდეგ, ეს ბალეარის კუნძულების პატარა ქალაქმა, იბიცამაც გამოსცადა.
ქალაქს, რომელშიც მხოლოდ 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 22 იანვარს, ესპანეთის საუკეთესო კლუბი "ბარსელონა" ეწვევა.
მიუხედავად იმისა, რომ იბიცაზე იმაზე ცოტა ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე, მაგალითად, "დინამო არენაზე" ეტევა, ოთხშაბათის თამაშისთვის ბილეთბის შოვნა მაინც პრობლემა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საფეხბურთო კლუბ "იბიცას" საშინაო არენა "ესტადი მუნისიპალ დე კან მისესი" მხოლოდ 4500 მაყურებელს იტევს.
ესპანეთის თასის მატჩისთვის ბილეთების გაყიდვა გუშინ დაიწყო, მაგრამ მხოლოდ კლუბის წევრებზე. კლუბის არაწევრებს ბილეთების შეძენა დღეს დილიდან შეეძლოთ და იმისათვის, რომ მათ რიგი არ დაეკარგათ, ღამის სტადიონთან გათენება მოუხდათ, ისევე, როგორც 2015 წელს, თბილისში.
ბილეთების გაყიდვა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყო და დილითვე რიგმა 300 მეტრს მიაღწია.
პირველი კლუბის არაწევრი, რომელსაც ბილეთი შეხვდა, ენრი კანტოსია, რომელიც სალაროსთან ჯერ კიდევ გუშინ, 13:00 საათზე მივიდა.
"კარგი ფეხბურთის მოყვარული ვარ. ჩემი გული ორადაა გაყოფილი "ბარსელონასა" და "იბიცას" შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია და მისი გამოტოვება არ მინდა." - ციტირებს ენრი კანტოსის სიტყვებს Sport.
კატალონიური გამოცემის ცნობით, ბილეთის ფასი 70 ევროა, ხოლო კლუბის წევრებისთვის - 55 ევრო.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იბიცას მეერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე, თამაშს დიდ ეკრანზე გაუშვებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]