ახალი დეტალები "ბარსელონას" გარშემო აგორებულ სკანდალზე
"ბარსელონას" გარშემო გუშინ აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა", კომპანია I3 VENTURES-ის დახმარებით, სოციალური ქსელების გამოყენებით, ცდილობდა ჟოზეპ მარია ბართომეუს რეპუტაცია გადაერჩინა და ამ მიზნის მისაღწევად კლუბის ლეგენდების, საპრეზიდენტო კანდიდატებისა და ამჟამინდელი ვარსკვლავების კრიტიკასაც კი არ ერიდებოდა.

ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, "ბარსელონამ" ოფიციალური განცხადება გააკეთა და ინფორმაციის გამავრცელებლებს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. თუმცა, წყარომ, Cadena SER-მა, არათუ არ უარყო ინფორმაცია, ახალი მტკიცებულებებიც გამოაქვეყნა.
"ბარსელონას" განცხადების საპასუხოდ, Cadena SER-მა გამოაქვეყნა 36-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც, გამოცემის მტკიცებით, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. საუბარია მტკიცებულებებზე, რომლებიც კომპანია I3 VENTURES-სა და "ბარსას" ვარსკვალვების "გაშვებაში" მონაწილე ანგარიშების კავშირს ადასტურებს. მაგალითად, დასტურდება, რომ ვებგვერდ respetodeporte.com-ის უკან სწორედ ეს კომპანია დგას. "ბარსელონამ", გუშინ, I3 VENTURES-თან თანამშრომლობა აღიარა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ თანამშრომლობის მიზანი მხოლოდ კლუბის რეპუტაციის დაცვაა.

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]