"სევილია" ან არაფერი"
"სევილია" ან არაფერი" - ასეთი წარწერით მოხვდა "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი სევილიური Estadio Deportivo-ს გარეკანზე.
წყაროს ცნობით, ივან რაკიტიჩს, ზაფხულში "ბლაუგრანას" დატოვების შემთხვევაში, მხოლოდ "სევილიაში" დაბრუნება სურს. 32 წლის ფეხბურთელის პრიორიტეტი, მიუხედავად სხვა კლუბების ინტერესისა, მისი ყოფილი გუნდია.
რაკიტიჩის "სევილიაში" დაბრუნების სურვილის მიზეზი მარტივი გასაგებია. ხორვატმა შუახაზელმა ამ კლუბში 3 წელი ითამაშა. ის 2014 წელს ანდალისიელებთან ერთად ევროპა ლიგის გამარჯვებულიც გახდა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი "ბარსელონას" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ სწორედ ამ წელს შეუერთდა. იმავე გამოცემის ცნობით, ივანის მის ყოფილ კლუბში დაბრუნების ერთ-ერთი მოტივი ისიცაა, რომ მოთამაშის მეუღლე წარმოშობით სევილიადანაა.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკიტიჩის კატალონიური გუნდიდან წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. "ბარსა" ფეხბურთელთან, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება, ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. "ბლაუგრანას" სურს, ასაკიან ნახევარმცველში გამომუშავებული თანხა შესყიდვებში გამოიყენოს. Sport-ის ცნობით, კატალონიელები რაკიტჩში 20 მილიონის მიღებას იმედოვნებენ.
ივან რაკიტიჩმა მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, თუმცა ის ძირითადში მხოლოდ 15 შეხვედრაში მოხვდა, 90 წუთი კი მან 3 მათგანში ითამაშა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]