ხელშეუხებლობიდან ტრანსფერზე დაყენებამდე - სერჟი რობერტოს მომავალი გაურკვეველია
"ბარსელონას" უნივერსალის, სერჟი რობერტოს მომავალი კვლავ გაურკვეველია. ბოლო დროს იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, 27 წლის მოთამაშით "იუვენტუსი" ინტერესდებოდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, კატალონიელი და მისი წარმომადგენლები "კამპ ნოუს" დატოვებას არ გეგმავენ. Marca-ს ინფორმაციით, გასულ წელს "ბარსამ" 65-მილიონიანი შეთავაზებაც მიიღო, რომელიც უარყო, რადგან გუნდის მესვეურების გეგმებში სერჟის გაყიდვა არ შედიოდა.
თუმცა, კორონავირუსის გამოწვეული კრიზისის ფონზე, სიტუაცია შეიცვალა - "ბლაუგრანას" ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად ფული და, შესაბამისად, ფებურთელების გაყიდვა სჭირდება. "ბარსელონას" რობერტოსთვის მისი ტრანსფერზე დაყენების შესახებ არ შეუტყობინებია, თუმცა წყაროს მტკიცებით, "ლურჯ-ბროწეულიფერები" 27 წლის ტალანტის გაყიდვაზე გასული ზაფხულიდან ფიქრობენ.
გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი ვარიანტი ნელსონ სემედუცაა, თუმცა კიკე სეტიენს, რა თქმა უნდა, ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე ორი მარჯვენა მცველის დაკარგვა არ სურს.
სერჟი რობერტო "ბარსას" პირველ გუნდში 2010 წლიდან ირიცხება და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი მატჩი ჩაატარა, თავისი ადგილი ბოლომდე ვერ უპოვეს. მოგეხსენებათ, კატალონიელი პოზიციით ნახევარმცველია, თუმცა, დანი ალვესის წასვლის შემდეგ, ლუის ენრიკემ იგი დაცვის მარჯვენა ფლანგზე გაამწესა, სადაც "ნელსინიოს" მოსვლამდე პირველი არჩევანი იყო.
ესპანური გრანდის მე-20 ნომერმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 29 მატჩში თავი 1 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა. Transfermarkt-ი მას 40 მილიონ ევროდ აფასებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]