ანსუ ფატის შანსები და "ბარსელონას" გეგმა
Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ახალგაზრდა ფეხბურთელს, ანსუ ფატის ენდობა და სჯერა, რომ ტალანტი გუნდში სამომავლოდ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
ანსუს გამოჩენა სეზონის სტარტზე დიდი სიურპრიზი იყო. როგორც ამბობენ, ერნესტო ვალვერდემ ახალგაზრდას ძირითად გუნდში თავის გამოჩენის საშუალება მას შემდეგ მისცა, რაც ერთ-ერთ ვარჯიშზე 4 გოლის გატანა შეძლო. მას შემდეგ, გვინეა-ბისაუელის ანგარიშზე 9 რეკორდია:
1. "ბარსას" მეორე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ლა ლიგაში |15.08.2019
ანსუმ, 16 წლისა და 298 დღის იყო, როდესაც პრიმერა დივიზიონში პირველი შეხვედრა ჩაატარა. ის "ბეტისის" წინააღმდეგ, კარლეს პერესის ნაცვლოდ, 78-ე წუთზე გამოვიდა.
2. "ბარსას" ყველაზე ახალგაზრდა გამტანი ლა ლიგაში |31,08.2019
16 წლისა და 304 დღის შემტევმა პირველი გოლი "ოსასუნას" წინააღმდეგ გაიტანა. მატჩი საბოლოოდ ფრედ, 2-2 დასრულდა.
3. ყველაზე ახალგაზრდა დამწყები "კამპ ნოუზე" | 14.09.2019
"ვალენსიას" წინააღმდეგ 16 წლისა და 318 დღის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა.
4. გოლი და საგოლე პასი ლა ლიგის ერთ მატჩში |14.09.2019
იმავე მატჩში ფატიმ გოლის გატანა და ასისტის გაკეთება მოახერხა, შესაბამისად, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგის ერთ შეხვდრაში მსგავსი შედეგი დააფიქსირა.
5. ყველაზე ახალგაზრდა გამტანი "კამპ ნოუზე" |14.09.2019
6. "ბარსელონას" ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ჩემპიონთა ლიგაზე | 17.09.2019
ანსუმ ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა "დორტმუნდის" წინააღმდეგ ჩაატარა. ის, 59-ე წუთზე ლიონელ მესიმ შეცვალა.
7. ყველაზე ახალგაზრდა გამტანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში | 10.31.2019
17 წლისა და 40 დღის "ბარსელონელმა" ლიგის პირველი გოლი "ინტერს" გაუტანა.
8. ის "ოქროს ბიჭისა" და Globe Soccer Award-ის განდიდატებს შორის იყო წარმოდგენილი.
9. დუბლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი ლა ლიგაში
"ლევანტე" გახდა პირველი გუნდი, რომელსაც ანსუ ფატიმ ლა ლიგაში პირველი დუბლი შეუსრულა და შეხვედრის საუკეთესოს წოდებაც მიიღო.
"ბარსელონამ" ანსუმანეს კონტრაქტი 2022 წლამდე გაუხანგრძლივა, მისი გამოსასყიდი კი 170 მილიონი ევროა. აღნიშნული თანხა 400 მილიონ ევრომდე გაიზრდება, როდესაც ფატი პირველი გუნდის მოთამაშე რეგულარულად გახდება.
კატალონიური კლუბი მასზე დიდ იმედებს ამყარებს და განიხილება, რომ სხვაგან განათხოვრების ნაცვლად, სათამაშო პრაქტიკა სარეზერვო გუნდში მიიღოს. ცოტა ხნის წინ Marca-მ დაწერა, რომ სამწვრთნელო შტაბი ფიქრობს, სეზონის განახლების შემდეგ 17 წლის ფეხბურთელი "ბარსა B-ს" შეუერთდეს და თანატოლებს ესპანეთის მეორე დივიზიონში დასაწინაურებლად დაეხმაროს. 19 წლამდელებიდან "ბლაუგრანას" მეორე გუნდში ანსუ გასულ ზაფხულს გადავიდა, თუმცა ერნესტო ვალვერდეს გამოძახებების გამო, მატჩის ჩატარება ჯერ ვერ მოასწრო.
ანსუს "ბარსელონურ" კარიერას პრობლემები, შესაძლოა, ნეიმარის ან ლაუტარო მარტინესის მოსვლამ შეუქმნას. "ლურჯ-ბროწეულისფერები" ორივე ფეხბურთელის ფრონტზე იბრძვიან, თუმცა საკითხავია, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ნაბიჯები რამდენად გონივრულია. ტალანტმა შანსები სეზონის დარჩენილ ნაწილშიც შეიძლება მიიღოს, რადგან უსმან დემბელეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერ ცნობილი არაფერია.
აუცილებელია ვახსენოთ, რომ "ბარსაში" დებიუტამდე, Transfermarkt-ი მას 200 000 ევროდ აფასებდა. ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში მისი ღირებულება 25 მილიონი გახდა, 4 თვის შემდეგ - 40 (საწყისზე 200-ჯერ მეტი), ახლა კი, კორონავირუსის ფონზე, ღირებულება 10%-ით შემცირდა და 36 მილიონი გახდა.
სტატისტიკური პლატფორმა, Whoscored-ი უმაღლესად აფასებს ანსუს საკვანძო პასებს, შორიდან დარტყმებსა და მომენტების დასრულებას. მისი სუსტი მხარეები კი მეორე სართულზე ბრძოლა და ბურთის შორს ჩაწოდებაა.
ნებისმიერ შემთხვევაში, "ბარსელონა" კარგად აანალიზებს, რომ ბოლო წლების "ლა მასიას" ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროდუქტის დაკარგვა არ შეიძლება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]