როგორი იქნება განახლებული ლა ლიგის პროტოკოლი
მიუხედავად იმისა, რომ არსებული ვარიანტი ჯერ კიდევ ესკიზად ითვლება და ოფიციალურად დადასტურებული არ არის, პროტოკოლის შესაძლო მოდელი უკვე შემუშავებულია. ამგვარი წესდება ბუნდესლიგაში უკვე ოფიციალურად დამტკიცდა.
ვირუსის რაიმე სახით გადადებისაგან თავის დასაცავად, ფეხბურთელებს Covid-19-ის ტესტებზე შემოწმება თამაშამდე 48 საათით ადრე მოუწევთ. ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, აღნიშნულ პროტოკოლთან დაკავშირებით beIN Sport-თან განაცხადა:
"ფეხბურთელები 48 საათით ადრე PCR გამოკვლევებს გაივლიან, რათა სრულად გახდეს ცნობილი არიან თუ არა ინფიცირებულნი. იმ შემთხვევაში, თუ მათ რაიმე სახის ინფექცია დაუდასტურდებათ, თამაშის უფლება არ ექნებათ. მათ კარანტინში გადავიყვანთ. ხოლო, ჩემპიონატი თამაშში 1-2 დაინფიცირებულის აღმოჩენის შემთხევაშიც კი, არ გაუქმდება."
გარდა ამისა, ლა ლიგის გუნდები ერთი ავტობუსის ნაცვლად ორით იმგზავრებენ, რისი საშუალებითაც, 23 მოთამაშე და სამწვრთელო შტაბის წევრები ერთმანეთთან დისტანციას დაიცავენ.
როდესაც ისინი უშუალოდ სტადიონზე მივლენ, ყველა მათგანს ტემპერატურას გაუზომავენ და გასახდელში ერთად შესვლა მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ. არსებული პროტოკოლის მოდელის მიხედვით, ისინი სამ ჯგუფად იქნებიან დაყოფილნი. მწვანე ზონა, სადაც ფეხბურთელები, სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბის წევრები იქნებიან (მაქსიმუმ 94 ადამიანი). ლურჯი ზონა, რომელშიც ტრიბუნები შედის და აქაც, ყოფნის უფლება იმდენივე ადამიანს ექნება. ხოლო, მესამე ზონაში კი სტადიონის გარეთ მყოფი პერსონალი მოიაზრება(მაქსიმუმ 32 ადამიანი).
ლა ლიგის განახლების ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, თუმცა, დიდი ალბათობით, ტურნირი ივნისის შუა რიცხვებში განახლდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]