ლიონელ მესის ისტორიული გამოწვევები დარჩენილ სეზონში
13 ივნისს "ბარსელონა" ლა ლიგის დარჩენილ სეზონს "მალიორკასთან" მატჩით ხსნის. ამ შეხვედრის შემდეგ კიკე სეტიენის შეგირდებს პრიმერა დივიზიონში სათამაშო კიდევ 10 ტური ექნებათ.
კლუბი დარჩენილ პერიოდთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიურადაა განწყობილი და გულშემატკივართა მოტივაციის ასამაღლებლად, ლიონელ მესის გამოწვევებს გვთავაზობს.
პიჩიჩის მე-7 ჯილდო
ამჟამად "ბარსელონას" ათიანი ლა ლიგის ბომბარდირთა ცხრილს 19 გოლით ლიდერობს. მის უახლოეს მდევარს, ქარიმ ბენზემას 5 გოლით ნაკლები აქვს. იმ შემთხვევაში, თუ "ლა პულგა" მოწინავე პოზიციას შეინარჩუნებს, კარიერაში რიგით მე-7 პიჩიჩის აღმართავს, რითაც ლეგენდარულ ტელმო სარას (6) რეკორდს გააუმჯობესებს.
პელეს რეკორდის მოხსნა
ერთ-ერთი დიდებული შედეგი, რომელსაც ლეო ბოლოს მალე მოუღებს, პელეს ეკუთვნის. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ერთი გუნდის, "სანტოსის" რიგებში 643 გოლი გაიტანა, ლეოს კი "ბარსელონას" მაისურით მეტოქის კარი 627-ჯერ აქვს აღებული. შესაბამისად, მას მიზნამდე მხოლოდ 17 გოლი აშორებს.
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტიტული
იმ შემთხვევაში, თუ ლეო ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგას აღმართავს, ეს მისთვის რიგით მე-5 ტიტული იქნება. იმ ადამიანთა რეიტინგში, ვისაც ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირი ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული, არგენტინელი მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლებს. ამჟამად რეკორდი "რეალის" ლეგენდარულ მარცხენა გარემარბს, პაკო ხენტოს ეკუთვნის (6).
ლა ლიგის მე-11 ტიტული
კატალონიის "ბარსელონა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ამჟამად 58 ქულით ლიდერობს. იმ შემთხვევაში, თუ "ბლაუგრანა" დომინირებას შეინარჩუნებს, ლეო მესი კარიერაში მე-11 ჯილდოს აღმართავს.
გიგზთან გათანაბრება
ამჟამად ერთი კლუბის, "ბარსელონას" რიგებში ლეო მესიმ 34 თასი მოიგო. იმ შემთხვევაში, თუ ის ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგას მოიგებს, რაიან გიგზის რეკორდს გაიმეორებს (36 ტიტული).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]