"ბარსელონაში" ჩატარებული აუდიტის დასკვნა ცნობილია
"ბარსელონამ" გამოაქვეყნა იმ გარე აუდიტის დასკვნა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში კატალონიური კლუბის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხება.
მოკლედ რომ შეგახსენოთ - რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონა" თანამშრომლობდა კომპანია I3 Ventures-თან, ეს კომპანია კი, კატალონიური კლუბის ლეგენდებისა და ლიდერების "გაშავებით" იყო დაკავებული. "ბლაუგრანამ" I3 Ventures-სთან კონტრაქტი მალევე გაწყვიტა, მაგრამ ბუნებრივია, დარჩა ეჭვები, რომ ამ სკანდალში კლუბის ხელმძღვანელი პირებიც იყვნენ გარეულები.
"ბარსელონამ", ამ სკანდალთან დაკავშირებით, გარე აუდიტი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ კომპანია PricewaterhouseCoopers (PwC) დაავალა, რომლის საბოლოო დასკვნაც ცნობილი დღეს გახდა.
"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი, PwC-ს დასკვნიდან, 5 მნიშვნელოვან პუნქტს გამოყოფს.
- ვერ მოიძებნა მტკიცებულება, რომელიც "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს წევრების კლუბის ლუდერებისა და ლეგენდების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასთან პირდაპირ კავშირს ადასტურებს;
- ვერ მოიძებნა მტკიცებულებები, რომლებიც "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს წევრების კორუფციულ სქემებში გარევასა და I3 Ventures-სთან გაფორმებული კონტრაქტიდან მატერიალური სარგებლის მიღებას ადასტურებს;
- "ბარსელონასა" და I3 Ventures-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება მსგავსი მომსახურების საბაზრო ღირებულებას შეესაბამება;
- I3 Ventures-სა და "ბარსელონას" შორის ურთიერთობა შიდა აუდიტს დადგენილი წესებით არ გადიოდა. თანამშრომლობის სათანადო წესით გაკონტროლება არ ხდებოდა, რამდენიმე შემთხვევაში კი, დირექტორთა საბჭოს წინაშე პრეზენტაცია მხოლოდ ფორმალურად წარადგინეს;
- მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით I3 Ventures-ის მიერ აღებული ვალდებულება სრულად არ შესრულდა, ან "ბარსელონამ" შესრულება სრულად არ ჩაიბარა. გაწეული სამუშაოს მაქსიმალური წლიური ღირებულება 620 ათასი ევროა, "ბარსელონა" კი წელიწადში დაახლოებით მილიონ ევროს იხდიდა.
შეჯამება: დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუსა და დირექტორთა საბჭოს სხვა წევრებს ფეხბურთელების "გაშავებასთან" პირდაპირი კონტაქტი არ უმტკიცდებათ, მაგრამ დადასტურებულია, რომ "ბარსელონამ", I3 Ventures-თან თანამშრომლობის არაეფექტიანად წარმართვის გამო, მიუღებელ მომსახურებაში, მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]