ჩავი: მესი ნამდვილი ცხოველია, ის ყატარის მუნდიალზე აუცილებლად ითამაშებს

ჩავი: მესი ნამდვილი ცხოველია, ის ყატარის მუნდიალზე აუცილებლად ითამაშებს

Marca-მ ჩავი ერნანდესთან ინტერვიუ ჩაწერა და სხვადასხვა თემებზე ესაუბრა, მათ შორის, ბოლოს გავრცელებულ ხმებზე, რომ ჩავის კორონავირუსი დაუდასტურდა.

- თავს როგორ გრძნობ მას შემდეგ, რაც Covid-19 დაგიდასტურეს?

- კარგად, თავს კარგად ვგრძნობ, განმარტოებული და იზოლირებული ვარ, მსურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდე ჩვეულ რეჟიმს.

- ყატარში 2015 წელს ჩახვედი, გვიამბე ამ ქვეყნის პროგრესის შესახებ, სულ მალე მუნდიალს მასპინძლობენ.

- საოცარი პროგრესი აქვთ, ინფრასტრუქტურისა და სტადიონების თვალსაზრისით, ყველაფერი კეთდება, რვიდან ხუთი სტადიონი უკვე მზად არის, სასტუმროებიც შენდება.. ქვეყანა სწრაფად იცვლება, ახალ-ახალი გზები და რესტორნები ჩნდება, საცობებსაც კი უშველეს.

- ახალი სტადიონის მაკეტი რევოლუციურია, არაფერს არ ჰგავს, რაც აქამდე გვინახავს, როგორ გგონია, იქნება ეს საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი?

- ყველაფერი, რაც კეთდება, აღმოსავლურ კულტურას წარმოადგენს, ასე იქნება ბოლომდე და რა თქმა უნდა, გამორჩეული ჩემპიონატი გველის, უდავოდ ისტორიული ტურნირი იქნება. ხალხი გაოცებული დარჩება.

- მწვრთნელის რანგში პირველ სეზონს როგორ შეაფასებდი?

- პოზიტიურად, ორი თასი მოვიგე, ახლა შემიძლია, რომ კიდევ ორი დავუმატო. ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალამდე მივედით, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე გამორჩეული შეხვედრები არ ჩაგვიტარებია, იყო წარუმატებლობა და იმედგაცრუებაც, თუმცა საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ.

- რატომ არის ჩემპიონთა ლიგის მოგება ასეთი რთული?

- არაბულ კლუბებს შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, არიან გუნდები, რომლებიც ჩვენზე ბევრად მეტს ხარჯავენ, მათთან კონკურენცია ყოველთვის რთულია, ამიტომ შევიძინეთ სანტი კასორლა, ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს.

- ეს რეგიონი რამდენად არის საკმარისი იმისათის, რომ განვითარდე, როგორც მწვრთნელი?

- იდეალური ადგილია, გამოცდილების მისაღებად "ალ სადზე" კარგი ადგილი ამ მომენტისთვის ჩემთვის არ არსებობს, პანდემიის გამო ჩემპიონთა ლიგა დოჰაში გაიმართება, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში, შევეცდებით, რომ ამჯერად გავიმარჯვოთ.

- რამდენად შეიცვალა შენი სათამაშო ფილოსოფია, მწვრთნელის სტატუსით?

- სულ ოდნავ ცვლილება განიცადა, სიმართლე, რომ გითხრა, მაგრამ ძირითადად იგივე გზაზე ვარ, იმას ვაკეთებ, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი, "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრებში. ჩემი სათამაშო ფილოსოფია ბურთის ფლობა და მაღალი პრესინგია, ბევრი მომენტის შქმნა და მეტოქეზე ზეწოლის გაზრდა, სხვანაირად არ შემიძლია.

- შესაძლებელია კარგი ფეხბურთის თამაში, ვარსკვლავების გარეშე?

- რა თქმა უნდა, ჩემს ფეხბურთელებს სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების, მათ მიმართულების მიცემა სჭირდებათ, რომ უკეთესები გახდნენ, მე კი ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია.

- მომავალ სეზონში სად უნდა გელოდოთ?

- პატივი უნდა ვცეთ კიკე სეტიენს, მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, ამჟამად ჩემს კლუბზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ არასდროს დამიმალავს, რომ "ბარსაში" დაბრუნება ოცნების ახდენა იქნება. არ ვიცი, როდის მოხდება ეს, ადრე თუ გვიან, მაგრამ როცა მოხდება, მე მზად ვიქნები.

- ფიქრობ, რომ ლიონელ მესი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს? 35 წლის ასაკში.

- ეჭვი არ მეპარება. ის ნამდვილი ცხოველია, იმდენ ხანს ითამაშებს, რამდენიც მოუნდება.

- როგორ აისახება პანდემია სატრანსფერო ბაზარზე?

- მიჭირს ამის თქმა, მაგრამ დადებითად, ყველაფრის რეორგანიზაცია მოხდება, ადამიანის ნიჭი და უნარი ისევ წინ წამოიწევს, ფინანსური შესაძლებლობები კი გადამწყვეტი აღარ იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 ივლისი 2020 19:45
    2
    ცხოველი კი არა მხეცი.
    თარგმანზე უკეთ იმუშავეთ!