შანსი "ბარსელონას" - გვარდიოლა ერიკ გარსიას შესახებ ინფორმაციას ადასტურებს
მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონა" საკუთარი აკადემიის აღზრდილის, ერიკ გარსიას შეძენაზე აქტიურად მუშაობს. აღნიშნულ თემას "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ეხმაურება და ადასტურებს, რომ ფეხბურთელის შენარჩუნება ვერ შეძლო.
"ერიკ გარსიას "სიტისთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. ვფიქრობ, ის სხვა კლუბში წასვლას აპირებს", - განაცხადა სპეციალისტმა მატჩისწინა პერსკონფერენციის დროს.
ტრანსფერებზე ორიენტირებული ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 19 წლის ვუნდერკიდისთვის პრიორიტეტი "ბლაუგრანაში" დაბრუნებაა და მშობლიურ გუნდთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
"ლა მასიელს" ინგლისურ კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ფეხბურთელი "ბარსაში" ახლა არ გადმოვა, მომავალ სეზონში თავისუფალი აგენტი გახდება და "ლურჯ-ბროწეულისფერებს" უფასოდ შეუერთდება. თუმცა, ლოგიკურია, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება "მანჩესტერ სიტის" გეგმებში არ უნდა შედიოდეს.
Cat Radio-ს ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ, გარსია კატალონიელთა პირველი შენაძენი იქნება.
Rac1-ის ცნობით კი, ერიკი დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]