ნასრის ”არსენალის” შეტევების იმედი აქვს

ნასრის ”არსენალის” შეტევების იმედი აქვს

ხვალ ”კამპ ნოუზე” გაიმართება ”უეფას” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედ-ფინალური შეხვედრა კატალონიის ”ბარსელონასა” და ლონდონის ”არსენალს” შორის. აღნიშნული შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს ფეხბურთის გულშემატკივრებში. პირველი მატჩი კატალონიელებსა და ლონდონელებს შორის სამი კვირის წინ გაიმართა და ”მეთოფეების” გამარჯვებით დასრულდა. ”არსენალის” ფეხბურთელებმა მატჩის ბედი თამაშის ბოლო 12 წუთში გადაწყვიტეს. რობინ ვან პერსმა გაქვითა ვილიას მიერ გატანილი გოლი. არშავინის დარტყმის შემდეგ ტაბლოზე 2:1 დაფიქსირდა, ლონდონელთა სასარგებლოდ.

ორივე გუნდის წინაშე რთული ამოცანა დგას. მოგეხსენებათ, ორივე გუნდში მძვინვარებს ტრავმების ეპიდემია. კატალონიელებს არ ეყოლებათ კარლეს პუილი და ხერარდ პიკე (დისკვალიფიკაციის გამო). წინასწარი ინფორმაციით ლონდონელებს ვერ დაეხმარებიან თეო უოლკოტი და რობინ ვან პერსი. მართალია პირველი მატჩი ”არსენალის” გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ნურავის დაავიწყდება ”კამპ ნოუ” და 100,000 გულშემატკივარი. ზუსტად ერთი წლის წინ ”მეთოფეებს” ლეო მესიმ მწარე გაკვეთილი ჩაუტარა. ახალგაზრდა არგენტინელმა ვარსკვლავმა ”არსენალის” კარი ოთხჯერ აიღო.

”ბარსელონა” ფავორიტია, ვინაიდან ის მსოფლიოს საუკეთესო გუნდია”.- ”უეფასთან” ინტერვიუში განაცხადა სამირ ნასრიმ. ”ჩვენ მათი დამარცხების შანსი გვაქვს, ვინაიდან უპირატესობა მოვიპოვეთ პირველ შეხვედრაში.”

ჩვენ ვითამაშებთ ჩვენთვის ჩვეულ სტილს. ჩვენ მოგვეცემა სივრცეები, რადგან ”ბარსელონა” ფეხბურთს თამაშობს, ის იტალიური კლუბებივით არ იცავს თავს. ჩვენ გვაქვს გამარჯვების შანსი და დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ. ჩემპიონთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.”

ყველანი, ვინც სამი კვირის წინ უყურა ”არსენალისა” და ”ბარსელონას” შეხვედრას, დამეთანხმებიან, რომ მატჩი უბრალოდ შესანიშნავი იყო. ”არ ვიცი იყო თუ არა ეს მატჩი საუკეთესო ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ ფაქტი ერთია, ორი გუნდი გამოვიდა და ითამაშა თავისთვის ჩვეული შეტევითი სტილის ფეხბურთი. სწორედ ამიტომ მომწონს ჩემპიონთა ლიგა. სხვადასხვა ქვეყნის გუნდები ხვდებიან ერთმანეთს და აჩვენებენ , თუ ვინ არის საუკეთესო. ამიტომ არის ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაზე, ასეთ თამაშზე. მე ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე 16 თებერვალს გამართულ შეხვედრაში.”

ნასრის სწამს, რომ გამარჯვებით ისინი მსოფლიოს აჩვენებენ, თუ როგორ განვითარდა არსენ ვენგერის გუნდი. ”ამ ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული ”არსენალი”, როდესაც მე მათთან კონტრაქტი გავაფორმე. სწორედ ამიტომაა ეს გუნდი სტაბილური.”

”ფეხბურთელებმა პროგრესი განიცადეს და როდესაც მოთამაშეები ვითარდებიან, ეს გუნდზეც აისახება. ბატონი ვენგერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ის ჩვენ საკუთარი თავის რწმენას გვინერგავს, მაშინაც კი, როდესაც თასებს ვერ ვიგებთ. ის გვაჩვენებს, რომ გვენდობა. მას ჩვენი სწამს. ”

საპასუხო შეხვედრაზე საუბრისას აშკარად იგრძნობა მესის მიერ შესრულებული პოკერის შედეგად მიღებული ეფექტი: ”მესის შეუძლია 100 გოლი გაიტანოს ლიგაში. ეს ნორმალურია და ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ არ მინდა, რომ მან იგივე გაიმეოროს, რაც შარშან გააკეთა. ის შეუდარებელი იყო. მან გაიტანა ოთხი ფანტასტიკური გოლი და დაამტკიცა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. იმედი მაქვს, რომ საპასუხო მატჩში მესი მშვიდად იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.”

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.