ბარსელონა-სევილია - მატჩიწინა მიმოხილვა
შეიძლება ითქვას, რომ ლა ლიგის მე-5 ტურში ერთმანეთს გათამაშების ლიდერები ხვდებიან. მართალია, "ბარსელონა" და "სევილია" მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე არიან, მაგრამ ამის მიზეზი ისაა, რომ მათ პირველ ორ ტურში არ უთამაშიათ. ესპანეთის ჩემპიონატში უდანაკარგონი მხოლოდ ეს გუნდები დარჩნენ, მე-5 ტურში კი ისინი ერთმანეთს "კამპ ნოუზე" დაუპირისპირდებიან.
სათამაშო ფორმა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუნდები დაპირისპირებას კარგ ფორმაში ხვდებიან. "ბარსელონამ" წინასასეზონო მზადების სამივე თამაში მოიგო, მაგრამ სუსტ გუნდებთან და თანაც არადამაჯერებელი ანგარიშებით. თუმცა, სეზონის დაწყებისთანავე გამოჩნდა, რომ რონალდ კუმანმა გუნდი აშკარად გამოაცოცხლა. "ბარსამ" ჯერ "ვილიარეალი" გაანადგურა 4-0, შემდეგ კი "სელტას" მისსავე მოედანზე 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. "ვილიარეალმა" იმ თამაშის შემდეგ დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არაა - ჯერ "ალავესს" მოუგო, ახლახანს კი "ატლეტიკოსთან" მადრიდში ქულა აიღო და ადგილი ლიდერთა შორის დაიმკვიდრა. "სელტასთან" სტუმრად მოგება კი "ბარსას" 5 წელი ჰქონდა საოცნებო და ეს დღეც დადგა, თანაც 10 კაცით და ძალიან დამაჯერებლად.
სეზონი კარგად დაიწყო "სევილიამაც". ლოპეტეგის შეგირდებმა წინა სეზონში მონსტრად მოვლენილ "ბაიერნთან" ევროპის სუპერ თასზე მხოლოდ დამატებით დროში წააგეს, ლა ლიგაში კი "კადისსა" და "ლევანტეს" სძლიეს.
დანაკლისი
"ბარსელონას" პრობლემა დაცვის ხაზში აქვს. ტრავმირებულ უმტიტის დისკვალიფიცირებული ლანგლე შეუერთდა. დიდი ალბათობით, კუმანი პიკესთან წყვილში ახალგაზრდა რონალდ არაუხოს ათამაშებს. ისევ ტრავმირებულია მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. დიდი ალბათობით განაცხადს მიღმა დარჩება ჟუნიორ ფირპოც.
კარგი ამბავი ისაა, რომ "ბარსელონამ" როგორც იქნა შეიძინა სერჟინიო დესტი, რომელიც, შესაძლოა, მოედანზე "სევილიასთან" თამაშშივე ვიხილოთ, მაგრამ ალბათ არა სასტარტო შემადგენლობაში.
"სევილიას" დაცვაში კორშია არ ეყოლება, თუმცა მიმდინარე სეზონში მას ჯერ არ უთამაშია და ეს დიდ დანაკლისად არ უნდა ჩავთვალოთ. სამაგიეროდ პრობლემა იქნება ლოპეტეგის არყოფნა - ანდალუსიელებს მწვრთნელი ლა ლიგის წინა შეხვედრაში გაუძევეს.
ურთიერთშეხვედრები
როგორც ესპანური გუნდების აბსოლუტურ უმრავლესობასთან, "ბარსელონას" "სევილიასთან" ურთიერთშეხვედრებშიც დიდი უპირატესობა აქვს. სულ გამართული 186 თამაშიდან კატალონიელებმა 105 მოიგეს, 37 ფრედ დაასრულეს და 44 წააგეს, გაიტანეს 383 და გაუშვეს 233 გოლი.
საკუთარ კედლებში ჩატარებული 90 დაპირისპირებიდან "ბარსამ" 70 მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 7 წააგო.
ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 4 შეხვედრიდან 3 "ბალუგრანას" გამარჯვებით, ერთი კი ფრედ დასრულდა. "სევილია" "კამპ ნოუზე" მოგებას 2010, ხოლო ქულის აღებას 2011 წლის შემდეგ ვერ ახერხებს. "ბლაუგრანას" საკუთარ კედლებში 11 მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
რონალდ კუმანი, "ვალენსიაში" მუშაობის დროს, "სევილიას" ერთხელ დაუპირისპირდა და საკუთარ კედლებში 1-2 დამარცხდა.
ხულენ ლოპეტეგი "ბარსელონას" 3-ჯერ შეხვედრია. მისი "რეალი" "კამპ ნოუზე" 1-5 განადგურდა, ერთი წლის შემდეგ იგივე (0-4) "სევილიამ" გააკეთა. მიმდინარე წლის ივნისში კი, სევილიაში, გუნდებმა უგოლოდ ითამაშეს.
კუმანი და ლოპეტეგი ერთმანეთს აქამდე არ დაპირისპირებიან.
არბიტრი
შეხვედრას 36 წლის ცნობილი არბიტრი ხესუს ხილ მანსანო განსჯის.
"ბარსელონას" მანსანოს მონაწილეობით ჩატარებულ 25 შეხვედრდაში 16 მოგება (64%), 5 ფრე (20%) და 4 წაგება (14%) აქვს. კატალონიელებმა 59 ყვითელი და 6 წითელი ბარათი (3 პირდაპირ წითელი) მიიღეს, მათ სასარგებლოდ კი 5 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა 84 ყვითელი და 5 წითელი ბარათი (2 პირდაპირ წითელი) მიიღეს, მათ სასარგებლოდ კი ასევე 5 პენალტი დაინიშნა. სიახლე არაა, რომ მანსანო "ბარსელონას" არ სწყალობს.
"სევილიამ" მანსანოს მონაწილეობით ჩატარებული 15 თამაშიდან 8 მოიგო (53%) და 7 წააგო (47%). ანდალუსიელებმა 40 ყვითელი და 3 წითელი (2 პირდაპირ წითელი) ბარათი მიიღეს, მათ სასარგებლოდ 2 პენალტი დაინიშნა. სევილიელების მეტოქეების ანგარიშზე 52 ყვითელი და 1 წითელი ბარათია, თერთმეტმეტრიანი კი მათ 7-ჯერ შეასრულეს. როგორც ჩანს, ხესუს ხილ მანსანო "სევილიას" კიდევ უფრო არ სწყალობს.
"ბარსელონასა" და "სევილიას" მონაწილეობით გამართული შეხვედრის მთავარი არბიტრი მანსანო 3-ჯერ ყოფილა. პირველ შემთხვევაში, ლა ლიგაში, ანდალუსიელებმა იმარჯვეს (2-1), შემდეგ კი, ჯერ ესპანეთის სუპერ თასზე (2-0) და ქვეყნის თასის ფინალში (5-0) "ბარსელონამ" მოიგო. ამ 3 შეხვედრაში მანსანომ 2 პენალტი დანიშნა და ორივე "ბარსელონას" სასარგებლოდ.
გამორჩეული ფეხბურთელი
ამ წოდებას უდავოდ ივან რაკიტიჩი იმსახურებს, რომელიც ორივე გუნდის ლეგენდაა. ხორვატი ნახევარმცველი 2011-2014 წლებში "სევილიაში" ბრწყინავდა, რის შემდეგაც "ბარსელონაში" გადმოვიდა. კატალონიელთა მაისურით, 6 წლის განმავლობაში, რაკიტიჩმა 310 თამაში ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა, 13 ტიტული მოიგო და "სევილიას" "ბარსელონას" ლეგენდის სტატუსით ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა.
სტატისტიკა
- "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 27 საშინაო თამაშიდან 24 მოიგო;
- "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის "კამპ ნოუზე" ჩატარებულ ბოლო მატჩში მასპინძლებს მინიმუმ 4 გოლი გაჰქონდათ;
- "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის "კამპ ნოუზე" ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში მასპინძლებმა პირველი ტაიმიც მოიგეს და თამაშიც;
- "სევილიამ" ლა ლიგის ბოლო 3 თამაშში პირველი ტაიმი ფრედ დაასრულა, საბოლოოდ კი მოიგო;
- "სევილიას" ლა ლიგაში 17 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 8 საშინაო თამაშიდან კარი მშრალად ექვსში შეინახა;
- "სევილიამ" ლა ლიგის ბოლო 8 თამაშიდან კარი მშრალად ექვსში შეინახა.
მწვრთნელების კომენტარები
რონალდ კუმანი: "სევილია" ძლიერი გუნდია. რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ სახლში ვთამაშობთ. ჩვენს ანგარიშზე უკვე ორი გამარჯვებაა და თავდაჯერება არ გვაკლია". კუმანის სრული კომენტარი.
ხულენ ლოპეტეგი: "ჩვენი მეტოქე ძალიან კარგი გუნდია ახალი მწვრთნელითა და განახლებული ენერგიით. დიდებული გუნდის წინააღმდეგ კარგად თამაშზე უნდა ვიფიქროთ."
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-2-3-1): ნეტუ, ს. რობერტო, პიკე, არაუხო, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, კოუტინიო, ფატი, მესი.
სევილია (4-3-3): ბონო, ნავასი, კუნდე, კარლოსი, აკუნია, ხორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი, სუსო, ელ-ნესირი, ოკამპოსი.
პროგნოზი
- WhoScored: 3-2
- Sportsmole: 2-1
- Sportskeeda: 3-1
- Squawka: 3-1
ტრანსლაცია
თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge წარმოგიდგენთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]