ფრენკი დე იონგი რონალდ კუმანის ავტორიტეტის შესახებ საუბრობს
"ბარსელონას" ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ფრენკი დე იონგი, UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში რონალდ კუმანის შესახებ საუბრობს. დე იონგის თქმით, კუმანის მას "ბარსელონაში" გადასვლამდე რჩევებს აძლევდა.
"ერთი წლით ადრე ["ბარსაში" გადასვლამდე"] მას ტელეფონით ველაპარაკე და ბარსელონაზე, როგორც ქალაქსა და, როგორც კლუბზე, დადებითად მესაუბრა. მითხრა, რომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, რათა რესტორნებში ბევრი არ მევლო და ზედმეტი საკვები არ მიმეღო, რადგან ბარსელონაში ძალიან კარგი ცხოვრებაა და, ხანდახან, გიჩნდება განცდა, რომ მთელი წელი შვებულებას ატარებ".
დე იონგმა, ასევე, თქვა, რომ კუმანი ავტორიტეტულ ფიგურას წარმოადგენს.
"ვფიქრობ, კომუნიკაცია ჩვენ შორის, მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის, ძალიან კარგია. იგი მე მკაცრად მიხსნის თუ რას ითხოვს ჩემგან ამ პოზიციაზე და, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია. თუ ის საუბრობს, შენ უსმენ, რადგან მას ეს ავტორიტეტი თუ ძალა აქვს, არ ვიცი, როგორ ავხსნა.
იგი ფეხბურთში კარგად ერკვევა, თამაში კარგად ესმის, დიდებული ფეხბურთელიც იყო. ასე რომ, თუ იგი შენთვის რაღაცის ახსნას ცდილობს, შენ მას უსმენ", - თქვა 23 წლის ფეხბურთელმა.
კუმანის "ბარსელონაში" დანიშვნამდე, ისინი ერთად ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში მუშაობდნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]