უმოტივაციო იმედი
მალე 2011 წლის 13 მარტის 20 საათი დადგება და დაიწყება "სეგუნდა დივიზიონის" 29–ე ტურის ბოლო შეხვედრა ამავე ლიგის მეთექვსმეტე და მეთვრამეტე ადგილზე მობინადრე გუნდებს შორის. ლუის ენრიკეს "ბარსა ბ" კი არც მეთექვსმეტე ადგილზეა და არც მეთვრამეტეზე. ახალგაზრდა კატალონიელებმა ეს ადგილები "რეკრეატივოსა" და "სალამანკას" ფეხბურთელებს დაუთმეს, თავად კი საუკეთესო 6–ეულში მოხვედრა ისურვეს და მართლაც, მათ "ლიგა ადელანტეს" მეოთხე ადგილი ერთპიროვნულად აქვთ დაპყრობილი...
პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე შესაბამისად "რაიო ვალიეკანო", "რეალ ბეტისი" და "სელტა ვიგო" იმყოფებიან. პირველ ადგილოსანთან კატალონიელებს ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი აქვთ გამართული. მეორე შეხვედრა სეზონის ბოლოს გაიმართება. "რაიო ვალიეკანომ" "ბარსა ბ"–ს დამარცხება გასვლით შეხვედრაში ანგარიშით, 1–2 შეძლო. ასევე ერთი მატჩია დარჩენილი სათამაშო მეორე ადგილოსან "რეალ ბეტისთან". პირველი დაპირისპირება ფრედ, 2–2 დასრულდა. მესამე ადგილის მკვიდრებთან ლუისის შეგირდებს უკვე ორივე მატჩი აქვთ გამართული. პირველში "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს, ხოლო მეორე ფრედ, 1–1 დასრულდა. მოკლედ და კონკრეტულად, "ბარსა ბ" ამ სამ გუნდზე არაფრითაა ნაკლები, თუ რაღა თქმა უნდა ფეხბურთელების ასაკს არ ჩავთვლით. ასე, რომ როგორც ლუის ენრიკემ განაცხადა, "ბარსა ბ"–ს ახლა საუკეთესო სამეულში მოხვედრის შანსებიც აქვს. მართალია სხვაობა მესამე ადგილოსანთან 7 ქულაა, მაგრამ ერთი ძალზედ ცნობილი შემთხვევის გათვალისწინებით, იმედი არ უნდა დავკარგოთ.
"ბარსა ბ" 20 ნოემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ერთი მატჩიდან ერთ ქულაზე მეტის მოპოვებას ვერ ახერხებდა. თქვენ წარმოიდგინეთ და ვერც იმას ახერხებდა, რომ ერთ ქულაზე ნაკლები მოეპოვებინა. 6 შეხვედრა და 6 ქულა. ამის შემდეგ კი იყო მარცხი, იყო იგივე, რაც 20 ნოემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ბატონობდა და იყო გამარჯვებაც. უფრო სწორად კი არის გამარჯვება. უკვე ზედიზედ 4 შეხვედრაა პატარა კატალონიელები ვერც სამ ქულაზე მეტის და ვერც სამ ქულაზე ნაკლების მოპოვებას ვერ ახერხებენ. ჯიუტად შეეჩვივნენ სამ ქულასა და ბევრ გოლებს და ჯიუტად ცდილობენ საუკეთესო 6–ეულში ადგილის დამკვიდრებას. 4 შეხვედრა და 12 ქულა. 4 შეხვედრა და 18 გოლი. 4 შეხვედრა და 1 პოკერი & 1 ჰეტ–ტრიკი & 3 დუბლი. ამ გუნდისთვის ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენა არ გახლავთ...
კატალონიელთა გვარები არც ბომბარდირთა დავას აკლია. ჯონათან სორიანო ბომბარდირთა დავას "გრანადელ" ალექს გეიხოსთან ერთად 19 გატანილი გოლით ლიდერობს. 15 საუკეთესო "მეგოლეთა" შორის ნოლიტოს მოძებნაც შეიძლება, რომელმაც შეიძლება ამ ზაფხულს გუნდი დატოვოს და რომელიმე ქვეყნის უმაღლესი ლიგის გუნდშიც დაიმკვიდროს თავისი ადგილი. ნოლიტოს ანგარიშზე 11 გოლია. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ "ბარსა ბ"–მ მეტოქეთა კარის დალაშქვრა "სეგუნდაში" ყველაზე მეტჯერ, 56–ჯერ მოახერხა. საკუთარ კარში კი ბურთი 42–ჯერ მიიღეს.
ბოლო შეხვედრა ლუის ენრიკეს შეგირდებმა ჟიმნასტიკის წინააღმდეგ, საკუთარ მოედანზე გამართეს. გუშინ ბარსელონა არც ისე კარგ ამინდს მოეკითხა და მოედანი მთლიანად წყალს დაემშვენებინა. ფეხბურთელებმა კი თავის მხრივ, ეს წყლიანი ბალახი კარგად დასველებული ბურთითა და 4 გოლით დაამშვენეს. 4–ივე გოლი კატალონიელების ანგარიშზეა და 4–ივე გოლი ჯონათანის ანგარიშზეა. უფრო სწორად კი 2 – ჯონათან დოს სანტოსის და 2–იც ბომბარდირთა დავის ერთ–ერთი ლიდერის, ჯონათან სორიანოს ანგარიშზეა. გამაფრთხილებელი ბარათების რაოდენობა გოლების რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა. მარისკალ სანჩესს ბარათის ამოსაღებად თავის შეწუხება 5–ჯერ მოუწია. 2 ყვითელი ბარათი სტუმართა გუნდის ფეხბურთელებისთვის გაიმეტა და 2–იც მასპინძლებისთვის. ყვითელი ბარათების ადრესატები ტიაგო ალკანტარა და ჯონათან სორიანო გახლდნენ. მოგეხსენებათ 2+2 ოთხის ტოლია და შესაბამისად დაგვრჩა ერთი ბარათი. ბარათი, რომელსაც ზედმეტსახელად "წითელი" ჰქვია და ბარათი, რომლის მსხვერპლი მარკ მუნიესა გახდა.
საბოლოო ჯამში, კატალონიელებმა გაიმარჯვეს. გაიმარჯვეს ანგარიშით, 4–0 და მეოთხე ადგილზე ერთპიროვნული მართთველობაც დააწესეს. გუნდს 47 ქულა აქვს მოპოვებული, ხოლო ლუის ენრიკეს თამამად შეუძლია იამაყოს იმით, რომ მას ჰყავს "გუნდი". გუნდი, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და გუნდი, რომელსაც შესწევს ძალა იმისა, რომ "სეგუნდა დივიზიონის" საუკეთესო სამეულთა რიგებში ირიცხებოდეს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშეც კი...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]