რას გვერჩოდა პერეს ლასა?!
გუშინ გაიმართა ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის გათამაშება, სადაც ერთმანეთს ”სევილია” და ”ბარსელონა” დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ თამაშის მთავარმა არბიტრმა, პერეს ლასამ ლეო მესის მიერ გატანილი გოლი არ ჩათვალა.
თამაშის 8-ე წუთზე ”სევილიელთა” კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა. სტანდარტი ლეო მესიმ შეასრულა. მან ანდალუსიელების კარში გოლი გაიტანა, თუმცა თამაშის მთავარმა არბიტრმა ყველასათვის გასაკვირი გადაწყვეტილება მიიღო. გოლი არ ჩაითვალა. ყველას, ვინც აღნიშნულ თამაშს თვალს ადევნებდა, გაუჩნდა შეკითხვა: რატომ არ ჩაითვალა გოლი? პასუხი გაურკვეველია, ვინაიდან ძალიან რთულია მსგავსი პრეცედენტის მოძიება პრიმერა დივიზიონის ისტორიაში.
ლეო მესიმ ჯარიმა მარცხენა ფეხით შეასრულა და მეკარიდან მარჯვენა კუთხეში აუღებელი დარტყმა განახორციელა. ”ბარსას” ფეხბურთელები გოლის აღნიშვნისთვის ემზადებოდნენ, როდესაც პერეს ლასამ ხელი ასწია იმის ნიშნად, რომ გოლი არ ჩაითვალა. არბიტრის გადაწყვეტილებით გაოგნებულები დარჩნენ არამარტო ორივე გუნდის ფეხბურთელები, არამედ სტადიონზე შეკრებილი პუბლიკაც. გოლი გაუქმდა იმის გამო, რომ საჯარიმოში მიმდინარეობდა პოზიციური ბრძოლა. მსაჯმა მიიჩნია, რომ სერხიო ბუსკეტსი თამაშის წესს არღვევდა ალექსის წინააღმდეგ.
გოლის გაუქმება გამართლებულად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ ბუსკეტსის მიერ ალექსის წინააღმდეგ წესის დარღვევა უშუალოდ იმოქმედებდა გოლის თავიდან აცილებაზე. ჩნდება შეკითხვა: შეეძლო ალექსის თავისი თამაშით ”სევილია” გოლისგან ეხსნა? პასუხი მარტივია - გამორიცხულია!
პერეს ლასამ ბუსკეტს არ მისცა გაფრთხილება (ყვითელი ბარათი), რაც იმის მანიშნებელია, რომ სერხიოს მიერ წესების დარღვევას გოლზე არ უმოქმედია.
თამაშის დასრულების შემდეგ ”ბარსას” ნახევარმცველმა ასეთი კომენტარი გააკეთა: ”მე არ შევხებივარ ალექსის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ლიგაში უპირატესობას ვინარჩუნებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ორი ქულა დავკარგეთ. მეორე ტაიმში შედარებით სუსტად გამოვიყურებოდით.”
რომ არა პერეს ლასას გადაწყვეტილება, ”ბარსელონა” გაიმარჯვებდა, ანგარიშით 2:1. მიუხედავად ამისა კატალონიურ მხარეს არ დაუწყია ჩივილი მსაჯის გადაწყვეტილების გამო.
მსაჯის გადაწყვეტილებამ არამარტო ”ბარსელონას” დააკარგვინა 2 ქულა, არამედ ლეო მესის არ მისცა საშუალება, დაწინაურებულიყო ”პიჩიჩისთვის” ბრძოლაში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]