სრნა: "არ მინდა 1/4 ფინალში "ბარსას" ან "რეალს" შევხვდეთ"
უკრაინული "შახტარის" კაპიტანი დარიო სრნა აცხადებს, რომ არ სურს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მისი გუნდი "ბარსელონას" ან "რეალს" დაუპირისპირდეს. ხორვატიელის აზრით დონეცკელებს ესპანელების გარდა ყველა სხვა გუნდთან თავისუფლად შეუძლიათ გამარჯვების მოპოვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა.
"ძალიან არ მინდა 1/4 ფინალში ჩვენი მეტოქე "ბარსა" ან "რეალი" იყოს. ამ დროისათვის ეს ორი გუნდია ყველაზე ძლიერი. დანარჩენი კლუბები ჩვენ დონეზე არიან და შეგვიძლია მათი დამარცხება. მოდით განვიხილოთ სათითაოდ: "მანჩესტერს" უამრავი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული; "ინტერი" ახლა ისე ნამდვილად ვერ თამაშობს, როგორც შარშან; "ჩელსიმ" კობენჰაგენთან" საკუთარ მოედანზე 0:0 ითამაშა და ამით ყველაფერი ნათქვამია; რაც შეეხება "შალკეს", მათ გუშინ მწვრთნელი გააგდეს. თავს ვდებ, თუ სწორედ გერმანულ კლუბთან მოგვიწევს ჯახი, აუცილებლად გავალთ 1/2 ფინალში, ხოლო დანარჩენებთან ჩვენი შანსი 50/50–ზეა. ესპანურ გრანდებთან ჩემი აზრით 80/20–ზეა მათ სასარგებლოდ, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს "შახტარი" სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს, შევეცდებით მოვახდინოთ საოცრება და გავაგდოთ ტურნირიდან რომელიმე მათგანი. დაუმარცხებელი არავინაა." –ციტირებს სრნას სიტყვებს დონეცკელთა ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ დარიო სრნა ირიცხება ხორვატიის ნაკრებში, რომელიც 26 მარტს (შემდეგ შაბათს) ეწვევა საქართველოს და გამართავს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]