ჟოან ლაპორტა - ყველაზე გამაღიზიანებელი კაცი მადრიდში
Marca-მ ლაპორტას მორიგი სტატის მიუძღვა, რომელსაც მცირე ცვლილებით გთავაზობთ.
"მე ვბრუნდები!" - ასეთი გზავნილი მოდიოდა ლაპორტას მომღიმარი ბანერიდან, რომელიც მადრიდში გამოჩნდა, იქვე "ბერნაბეუს" დაჰყურებდა შავი ღრუბელივით, ეს კი მადიდელთათვის კარგ და მზიან ამინდს არ მოასწავებს. დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა, მაგრამ ლაპორტამ, როგორც ყოველთვის სჩვევია, დიპლომატიური განმარტება გააკეთა -"იმედი მაქვს ყველაფერი სწორად გაიგეს, ეს კარგი ხუმრობა იყო, ყველაფერს იუმორით უნდა შეხედონ, პროვოკაციაზე არც მიფიქრია."
მუქარა ღიმილით - ჯერ მადრიდში შეიჭრა, მერე კი ჟურნალების გარეკანიც დაიპყრო, არც სიტყვა შეეშლება და ფაქტობრივად ყველა მისი ქმედება ფლორენტინო პერესის გამოწვევაა.
"ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მათ ერთი ჩემპიონთა ლიგაც კი არ მოუგიათ!"- ხშირად იმეორებს ჟოან ლაპორტა. "რეალმა" ორი ლა ლიგა მოიგო, თუმცა არა იმიტომ, რომ აღმავლობის გზაზე იდგა, არამედ იმიტომ, რომ "ბარსას" ჰქონდა ორწლიანი კრიზისი, რომელსაც გვარდიოლამ წერტილი დაუსვა.
ლაპორტა აღარ არის ისეთი ახალგაზრდა, როგორიც წლების წინ იყო, მაგრამ ჯერ კიდევ შერჩა იმის ენერგია, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყოს.
ლაპორტას საუკეთესო მოგონება
"6:2 "ბერნაბეუზე" ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა, "რეალთან" ასეთი გამარჯვება, ასეთ სტილში, თან მადრიდული საზოგადოების დღეს, როცა თამაშს ესპერანსა აგირეც ესწრებოდა, (იმდროინდელი მადრიდული საზოგადოების პრეზიდენტი) ეს განსაკუთრებული იყო."- ასე პასუხობს ლაპორტა კითხვას - გაიხსენეთ თქვენი საუკეთესო მოგონება "ბარსელონას" პრეზიდენტობის პერიოდში.
ორი განსხვავებული მოდელი
"ბარსა" და "რეალი" ორი განსხვავებული მოდელის გუნდია, კატალონელებს მეტი დაფიქრება მართებთ, რადგან ყოველთვის უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, ყველაფერი რაციონალურად უნდა შეაფასონ, რადგან არ აქვთ ისეთი მხარდაჭერა ზედა ეშელონებიდან, როგორიც მადრიდს, რეალურად, არანაირი დახმარება არ აქვთ. თუმცა, მათი მოდელიც მუშაობს - "ჩვენ საკუთარი პროდუქტი უნდა შევქმნათ, რომელიც კონკრეტულ იდეოლოგიაში იქნება მოქცეული, ეს არის ჩვენი ძალა, სხვაგვარად უპირატესობას დავკარგავთ. ჩვენი მოდელი შეუთავსებელია "რეალისთვის", მათი მოდელი კი ჩვენთვის."- ასე პირდაპირ და დაუფარავად ისაუბრა ლაპორტამ 2009 წელს.
ფლორენტინოს იმპერიალიზმი
მას შემდეგ, რაც ლაპორტამ "ბარსა" მწვერვალზე აიყვანა და "რეალს" ზემოდან დაჰყურებდა, მადრიდში ცვლილებები მოითხოვეს და პირველი, რა თქმა უნდა, ფლორენტინო პერესი გაახსენდათ, რომლის "გალაქტიკური" პროექტიც ჩაფლავდა, მაგრამ ხალხის სიყვარული და მხარდაჭრა არასდროს აკლდა, რადგან, ერთი შეხედვით შეუძლებელი კონტრაქტების გაფორმებაც შეეძლო. - "ეს იმპერიალისტური მოდელია, ჩვენგან აბსოლუტურად განსხვავებული, ჩვენთვის ეს უცხოა, რადგან აქ ყველაფერი გეგმაზეა დამყარებული, რომელიც კეთილსინდისიერი ადამიანების ნიჭზე და ტალანტზე დგას."(ეგ ადრე ჟოან - ავტ).
ოქროს ბურთი
"ჩვენ ვზრდით ფეხბურთელებს, რომლებიც "ოქროს ბურთს" იგებენ, ისინი კი ყიდულობენ."- ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ლიონელ მესი "ოქროს ბურთის" ლაურეატი გახდა, ხოლო "რეალმა" კრიშტიანუ შეიძინა, რომელსაც "მანჩესტერში" უკვე ჰქონდა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მოგებული.
VAR-ზე
ეს ბოლო პერიოდში ძალიან მგრძნობიარე საკითხია, როგორც წესი, ყველაზე მეტს პიკე საუბრობს და კლუბის ხელმძღვანელების მხარდაჭერასაც ითხოვს, მაგრამ არასდროს მიუღია ისეთი დახმარება, როგორსაც ელოდა, ლაპორტა ულაპარაკოდ გააკეთებს ამას, თან ისე გააკეთებს, რომ პიკეს დაპოსტვაც აღარ მოუწევს.
მან უკვე ისაბრა VAR-ის შესახებ და არც მადრიდის ხსენება დავიწყებია - "თუ მარსიდან უცხოპლანეტელი ჩამოფრინდება და VAR-ს შეხედავს, ისიც კი მაშინვე იტყვის, რომ "რეალს" ეხმარებიან."
ტრიპლეტის გავლენა
"ჩვენი ტრიპლეტით ვაიძულეთ, რომ დიდი თანხები დახარჯონ" - ასე ხსნის ლაპორტა "რეალის" ბოლო დიდ სატრანსფერო პროექტს, როცა კრიშტიანუ, კაკა, ბენზემა, ალონსო, ალბიოლი და არბელოა შეიძინეს.
რობინიო და ლაპორტას წინასწარმეტყველება
2005 წელს ბრაზილიელი ყველაზე დიდ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, მისი ტრანსფერი ძალიან გაიწელა, თითქოს "ბენფიკაში" უნდა გადასულიყო და ყველაფერი მზად იყო, მაგრამ "რეალმა" თავისი გაიტანა და რობინიო გადაიბირა, ამ ყველაფერზე კი ლაპორტამ შემდეგი რამ განაცხადა - "რობინიოს "ბარსაში" სურდა თამაში, მაგრამ ჩვენ უკეთესი ფეხბურთელი გვყავს, პატარა ლეოს ისეთი დრიბლინგი აქვს, როგორიც მარადონას, მოედანს კი ისე ხედავს, როგორც კრუიფი."- მართალი გამოდგა.
კრიშტიანუზე
2016 წელს რონალდუმ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა და "რეალმა" ქულები დაკარგა, ხოლო ლაპორტამ, რომელიც პრეზიდენტის პოსტს არ იკავებდა, სოციალურ ქსელში მისი ფოტო გამოაქვეყნა, შემდეგი წარწერით - "ვიცი რატომაც არ გავიტანე, მაგრამ არ გეტყვით."
მადრიდელთა ტრიუმფის შემდეგ
"რეალმა" 5 წელში ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რაც წარმოუდგენელი მიღწევაა, ამის შემხედვარე ლაპორტა, რა თქმა უნდა, ცუდ ხასიათზე იყო, ჯერ კიდევ კიევის ფინალის შემდეგ, როცა "რეალმა" "ლივერპული" დაამარცხა, ლაპორტამ თავი ვერ შეიკავა - "ფინალი სერხიო რამოსმა და "ლივერპულის" მეკარემ მოიგეს, ინგლისელები უკეთესები იყვნენ, სალაჰს ვერ აჩერებდნენ, მაგრამ მადრიდელები პროფესიონალები არიან და სერხიო რამოსი თამაშს კარგად კითხულობს." (იგულისხმა, რომ რამოსმა შეგნებულად მიაყენა ტრავმა სალაჰს)
"ზიდანის "რეალისა" და პეპის "ბარსელონას" შედარება არ შეიძლება, ჩვენ ეპოქა შევქმენით, არა მხოლოდ ტიტულებით, არამედ თამაშის ხარისხითაც, ისიც სათქმელია, რომ ერთ სეზონში ყველაფერი მოვიგეთ, ზიდანს ეს ჯერ არ გაუკეთებია."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.


კომენტარები [ 12 ]