ელ კლასიკოს მე-18 მასპინძელი
ხვალ დიდი მატჩია, საფეხბურთო სამყაროსთვის, ალბათ, უდიდესი. ხვალ "რეალი" "ბარსელონას" უმასპინძლებს. უმასპინძლებს სტადიონზე, რომელზეც ასეთი მნიშვნელობის თამაში აქამდე არასდროს გამართულა.
იმის გამო, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ტრიბუნებზე გულშემატკივრების ყოფნა დაშვებული ჯერ კიდევ არაა, "რეალი" თითქმის ერთი წელია საშინაო შეხვედრებს გუნდის საწვრთნელ ბაზაზე, სათადარიგო არენაზე ატარებს. სწორედ ალფრედო დი სტეფანოს სახელობის 6-ათასიან სტადიონზე გაიმართება "ელ კლასიკო". ეს რიგით მე-18 არენა იქნება, რომელიც "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირებას უმასპინძლებს.
გავეცნოთ წინა 17 სტადიონის ისტორიას.
მადრიდის იპოდრომი (1902 წელი)
თამაში: 1 (კორონაციის თასი)
მოგება: ბარსელონა 1, რეალი 0
ამ გუნდებს შორის ისტორიაში პირველი თამაში 1902 წლის 13 მაისს, მადრიდის იპოდრომზე გაიმართა. შეხვედრა კორონაციის თასის ეგიდით ჩატარდა და 1/2-ფინალში "ბარსელონამ" "მადრიდს" (მაშინ "რეალი" ჯერ სამეფო კლუბი არ იყო და მხოლოდ "მადრიდი" ერქვა) 3-1 სძლია.
კორონაციის თასი ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ს საპატივცემულოდ გაიმართა და ის პირველი ტურნირი იყო, რომელში გუნდები ესპანეთის სხვადასხვა პროვინციებიდან მონაწილეობდნენ.
კამპ დელ კარერ მუნტანერი, ბარსელონა, (1906 და 1916 წლები)
თამაში: 2 (1 ამხანაგური, 1 ესპანეთის თასი)
მოგება: ბარსელონა 2, რეალი 0
4 წლის შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთს უკვე ბარსელონაში დაუპირისპირდნენ. ის თამაშიც, ისევე, როგორც 1916 წელს ამ გუნდებს შორის გამართული პირველი ოფიციალური დაპირისპირება, "ბლაუგრანამ" მოიგო.
აღსანიშნავია, რომ "კამპ დელ კარერ მუნტანერი" "ესპანიოლის" საშინაო არენა იყო.
კამპ დე ლა ინდუსტრია, ბარსელონა (1913-1921 წლები)
თამაში: 10 (ყველა ამხანაგური)
მოგება: ბარსელონა 7, რეალი 0
"ბარსელონას" საშინაო არენას "რეალი" 10-ჯერ ეწვია. მადრიდელები 7-ჯერ დამარცხდნენ, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
ესტადიო დე ო'დონელი, მადრიდი (1914-1922 წლები)
თამაში: 3 (ყველა ამხანაგური)
მოგება: ბარსელონა 2, რეალი 0
იმავე პერიოდში "რეალი" (რომელსაც ჯერ კიდევ "მადრიდი" ეწოდებოდა) საშინაო მატჩებს "ესტადიო დე ო'დონელზე" ატარებდა. ამ არენაზე "ბარსამ" 3-ჯერ ითამაშა, 2-ჯერ მოიგო და ერთხელ შეხვედრა ფრედ დაასრულა.
კამპო დე ო'დონელი, მადრიდი (1916)
თამაში: 3 (ყველა ესპანეთის თასი)
მოგება: ბარსელონა 0, რეალი 2
მსგავსი სახელის კიდევ ერთი სტადიონი, რომელიც "ატლეტიკოს" საშინაო არენა იყო. "რეალმა" "ბარსას" ამ სტადიონზე 3-ჯერ უმასპინძლა. სამივე შეხვედრა ესპანეთის თასზე გაიმართა, აქედან 2 გადათამაშება იყო. ის ერთადერთი ფრე 6-6 დასრულდა.
კამპო დე დელისიასი, სარაგოსა (1922)
თამაში: 2 (ორივე ამხანაგური)
მოგება: ბარსელონა 2, რეალი 0
ნეიტრალურ ტერიტორიაზე გუნდები ერთმანეთს პირველად 1922 წელს დაუპირისპირდნენ. "ბარსამ" და "რეალმა" სარაგოსა ყოველწლიურ ფესტივალზე ზედიზედ 2 ამხანაგური თამაში გამართეს და ორივეჯერ კატალონიელებმა მოიგეს. ამ მატჩებიდან ყველაზე დასამასხოვრებელი მომენტი მოედნიდან "ბარსას" ვარსკვლავის, ჟოზეპ სამიტიერის გაძევება იყო. გულშემატკივრები ამ ფაქტით ისე აღშფოთდნენ, რომ საბოლოოდ მოედნის დატოვება მსაჯს მოუხდა.
ესტადიო ჩამარტინი, მადრიდი (1926-1946)
თამაში: 23 (15 ლა ლიგა, 2 ესპანეთს თასი, 6 ამხანაგური)
მოგება: ბარსელონა 7, რეალი 13
"რეალის" პირველი დიდი არენა, რომელიც 22.500 ადამიანს იტევდა, 1924 წელს გაიხსნა. "ბარსელონამ" ამ სტადიონზე პირველად 1926 წელს ითამაშა და 5-1 მოიგო. 1929 წლიდან კი, როდესაც ლა ლიგის გათამაშება დაიწყო, "ბლაუგრანა" ამ არენაზე ყოველწლიურად თამაშობდა.
კამპ დე ლეს კორტსი, ბარსელონა (1927-1957)
თამაში: 26 (26 ლა ლიგა, 4 ესპანეთის თასი, 6 ამხანაგური)
მოგება: ბარსელონა 21, რეალი 7
"რეალის" დიდ სტადიონამდე 2 წლით ადრე დიდი არენა "ბარსელონამ" აღმართა. ეს 1922 წელს მოხდა, როდესაც "ბლაუგრანამ" 20 ათასიანი "ლეს კორტსი" ააშენა. მოგვიანებით სტადიონის ტევადობა გასამმაგდა. ამ არენაზე "ბარსასა" და "რეალის" პირველი დაპირისპირება 1927 წელს გაიმართა და ის ამხანაგური მატჩი უგოლოდ დასრულდა.
მესტალია, ვალენსია (1936, 1990, 2011, 2014)
თამაში: 4 (ყველა ესპანეთის თასის ფინალი)
მოგება: ბარსელონა 1, რეალი 3
"ბარსელონა" და "რეალი" ესპანეთის თასის ფინალში ერთმანეთს 7-ჯერ შეხვედრიან და აქედან 4 დაპირისპირება "ვალენსიას" საშინაო არენაზე გაიმართა. მადრიდელებმა ოთხიდან 3 შეხვედრა მოიგეს, "ბარსამ" კი ერთხელ, 1990 წელს იმარჯვა.
მეტროპოლიტანო, მადრიდი (1946-1947)
თამაში: 2 (ორივე ესპანეთის ჩემპიონატი)
მოგება: ბარსელონა 0, რეალი 1
ახალი სტადიონის მშენებლობის დროს "რეალმა" "ატლეტიკოს" საშინაო არენა იქირავა, სადაც "ელ კლასიკო" 2-ჯერ გაიმართა.
სანტიაგო ბერნაბეუ, მადრიდი (1948 წლიდან დღემდე)
თამაში: 98 (73 ლა ლიგა, 11 ესპანეთის თასი, 7 ესპანეთის სუპერ თასი, 3 ესპანეთის ლიგის თასი, 4 ჩემპიონთა თასი/ლიგა)
მოგება: ბარსელონა 26, რეალი 50
ყველაზე მეტი "ელ კლასიკო" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულა. ამ არენაზე "ბარსელონას" რამდენიმე დასამახსოვრებელი მოგება აქვს. მათ შორისაა 5-0 1974 წელს, 6-2 2009 წელს, ასევე ლა ლიგაში ზედიზედ 4 მოგება 2015-2019 წლებში.
კამპ ნოუ, ბარსელონა, (1958 წლიდან დღემდე)
თამაში: 87 (65 ლა ლიგა, 8 ესპანეთის თასი, 7 ესპანეთის სუპერ თასი, 3 ესპანეთის ლიგის თასი, 4 ჩემპიონთა თასი/ლიგა)
მოგება: ბარსელონა 44, რეალი 21
"კამპ ნოუზე" გამართული პირველი "ელ კლასიკო", 1958 წელს, "რეალმა" 2-0 მოიგო, მაგრამ როგორც წესი ამ არენაზე უფრო ძლიერი მასპინძელი გუნდია. 1984-2002 წლებში "ბარსა" ამ სტადიონზე "რეალთან" ლა ლიგაში ზედიზედ 20 მატჩში დაუმარცხებელი იყო.
რამონ დე კარანსა, კადისი (1959 და 1968 წლები)
თამაში: 2 (ორივე რამონ დე კარანსას თასი)
მოგება: ბარსელონა 1, რეალი 1
ქალაქ კადისის ყოფილი მერის, რამონ დე კარანსას სახელობით ტურნირი ერთ დროს ესპანეთში ყველაზე პრესტიჟული საზაფხულო ამხანაგური ტურნირი იყო. ტურნირი 1955-2019 წლებში იმართებოდა, მისი 1962 წლის ფინალი კი ისტორიაში შევიდა. "ბარსელონასა" და "სარაგოსას" შორის გამართული ფინალური დაპირისპირება ფრედ დასრულდა, გამარჯვებული კი თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოვლინდა. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით ეს ფეხბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ფრის შემდეგ გამარჯვებული პენალტებში გამოვლინდა (თუმცა არსებობს სხვა ვერსიებიც). გამარჯვებული კი "ბარსელონა" იყო.
რაც შეეხება ამ ტურნირზე "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირებებს - გუნდებმა ერთმანეთს თითო თამაში მოუგეს.
ვისენტე კალდერონი, მადრიდი (1974)
თამაში: 1 (ესპანეთის თასის ფინალი)
მოგება: ბარსელონა 0, რეალი 1
"ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატი 14-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჰქონდა მოგებული, თასის ამ ფინალამდე 4 თვით ადრე კი კატალონიელებს "რეალი" მადრიდში 5-0 ჰყავდათ განადგურებული. თუმცა ესპანეთის თასზე მაშინ მოქმედი წესების თანახმად გუნდებს არაესპანელი ფეხბურთელებით თამაშის უფლება არ ჰქონდათ. ეს შეზღუდვა ეხებოდა იმ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, იოჰან კრუიფსაც, ურომლისოდაც "ბარსამ" "რეალთან" 0-4 წააგო.
ფარიდ რიჩა ბარკისიმეტო, ვენესუელა (1982 წელი)
თამაში: 1 (რესპუბლიკის პრეზიდენტის თასი)
მოგება: ბარსელონა 0, რეალი 1
პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდები ერთმანეთს საზღვარგარეთ დაუპირისპირდნენ. ვენესუელაში ჩატარებული საზაფხულო ტურნირის ნახევარფინალში ესპანური გრანდები "პორტუსთან" და "ინტერთან" დამარცხდნენ. როდესაც "ბარსა" და "რეალი" შინ დაბრუნებისთვის ემზადებოდნენ, გულშემატკივრების გასახარებლად, მე-3 ადგილისთვის მატჩი სასწრაფოდ დაიგეგმა. თამაში "რეალმა" ვისენტე დელ ბოსკეს ერთადერთი გოლით მოიგო.
ლა რომარედა, სარაგოსა (1983 წელი)
თამაში: 1 (ესპანეთის თასის ფინალი)
მოგება: ბარსელონა 1, რეალი 0
არაგონის დედაქალაქმა უმასპინძლა ესპანეთის თასის ფინალს, რომლის მოგებითაც "ბარსელონა" ამ თასს ისტორიაში მეოცედ დაეუფლა.
ჰარდ როკ სთედიუმი, მაიამი, აშშ (2017 წელი)
თამაში: 1 (საერთაშორისო ჩემპიონთა თასი)
მოგება: ბარსელონა 1, რეალი 0
4 წლის წინ გუნდებმა კიდევ ერთი ახალი სტადიონი აითვისეს. ესპანეთს საზღვრებს გარეთ ისტორიაში მეორედ გამართულ "ელ კლასიკოს" მაიამიმ უმასპინძლა. "ბარსელონამ" ლეო მესის, ივან რაკიტიჩისა და ჟერარ პიკეს გოლებით 3-2 მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]