გრანადასთან თამაშის მსაჯი ცნობილია
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის 33-ე ტურის გადადებული თამაშების მსაჯები დაასახელა და "ბარსელონასა" და "გრანადას" დაპირისპირების არბიტრიც გავიგეთ.
29 აპრილს გასამართ შეხვედრას 40 წლის პაბლო გონსალეს ფუერტესი განსჯის.
ფუერტესი 2004 წლიდან მსაჯობს. 2012 წელს ის სეგუნდა დივიზიონში, 2017 წელს კი ლა ლიგაში დააწინაურეს. მას შემდეგ ის უმაღლეს დივიზიონში სეზონში სტაბილურად 19 შეხვედრას ატარებს და "ბარსელონასა" და "გრანადას" დაპირისპირება მისთვის ამ სეზონში ასევე მე-19 იქნება.
პრიმერაში ფუერტესი თამაშში საშუალოდ 5.26 ყვითელ ბარათს აჩვენებს, რაც ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის მე-6 შედეგია. ყვითლისგან განსხვავებით, წითელი ბარათების ჩვენება არ უყვარს - თამაშში საშუალოდ 0.24 და მე-14 შედეგი ლა ლიგის მოქმედ არბიტრებს შორის.
კარიერის განმავლობაში ლა ლიგაში ფუერტესი თამაშში საშუალოდ 29.57 ჯარიმას და 0.25 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს. მიმდინარე სეზონში ჯარიმები 30.72-მდეა გაზრდილი, ხოლო თერთმეტმეტრიანები 0.11-მდე შემცირებული.
ფუერტესს "ბარსელონას" შეხვედრაში მსაჯობის დიდი გამოცდილება არ აქვს. მან ეს აქამდე მხოლოდ 4-ჯერ მოახერხა. კატალონიელებმა ოთხივე თამაში მოიგეს. ამ ოთხ მატჩში თერთმეტმეტრიანი არ გვინახავს, წითელი ბარათი კი არბიტრმა ერთხელ აჩვენა, როდესაც მეტოქე ფეხბურთელი გააძევა.
პაბლო გონსალესის მონაწილეობით ჩატარებულ შეხვედრებში ძალიან კარგი შედეგი აქვს "გრანადასაც" - 5 თამაშში 4 მოგება და 1 წაგება. ფუერტესს პენალტი არც "გრანადას" მატჩში დაუნიშნავს და ერთადერთი წითელი აქაც მეტოქე ფეხბურთელზე მოდის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]