რონალდ კუმანი ხეტაფესთან მატჩის წინ
"ხეტაფესთან" ლა ლიგის მე-3 ტურის მატჩის წინ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, პრესკონფერენცია გამართა.
საწყის ორ თამაშში "ხეტაფემ" პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა. მათ ორივე მატჩი წააგეს, მაგრამ თამაშის გათვალისწინებით მეტს იმსახურებდნენ.
მესმის, რომ საკუთარი კლუბისთვის ყველას საუკეთესო უნდა, მაგრამ ახლა იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რაც გვაქვს. ფინანსურად სხვებისთვის კონკურენციას ამ მომენტისთვის ვერ ვახერხებთ. სიტუაციას რეალისტურად უნდა შევხედოთ.
უმტიტი? ცალკეულ ფეხბურთელებზე საუბარი სწორი არაა. კლუბმა ჩემი გეგმების შესახებ იცის, თუმცა, როგორც აქამდეც მითქვამს, ყველა მოთამაშეს პატივს ვცემ. გუნდის წევრებმა იციან, ვინ რამდენ სათამაშო დროს მიიღებს.
როცა ყველა ტრავმირებული გამოჯანმრთელდება, 32 ფეხბურთელი გვეყოლება. შეუძლებელია, ყველამ რეგულარულად ითამაშოს.
ვინ ატარებს 10 ნომერს? არ ვიცი, ეს მე არ მეხება. გადაწყვეტილებას კლუბი მიიღებს.
ჩემპიონთა ლიგის განრიგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი მეტოქეებია და არა კალენდარი. ჯგუფი, რომელშიც ჩვენ მოვხვდით, ძლიერია და ისტორიული გუნდებისგან შედგება. "ბაიერნთან", "ბენფიკასთან" და კიევის "დინამოსთან" დაპირისპირება საინტერესო იქნება და სასურველი შედეგის მისაღწევად მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ.
იქნება თუ არა ეს სეზონი გარდამავალი? ახლა არ გვაქვს საშუალება, მსოფლიოში საუკეთესოები ვიყოთ, თუმცა "ბარსელონას" გამარჯვებულის მენტალიტეტი ყოველთვის აქვს და არა მგონია, ტიტულების გარეშე დავრჩეთ.
მართალია, მესი გვაკლია, მაგრამ გუნდურობა უნდა გამოვამჟღავნოთ და შედეგს ასე მივაღწიოთ.
ანსუმ სრულად გამოჯანმრთელებისთვის გრძელი გზა უნდა გაიაროს. მან 8 თუ 9 თვე გამოტოვა და ამ ფორმის აღდგენა 2-3 კვირაში შეუძლებელია. ის "სევილიასთან" მატჩში არ იქნება, რადგან ვფიქრობთ, რომ გარისკვა არ ღირს.
მბაპე "რეალში"? თუ მათ ამის ფული აქვთ, შეუძლიათ, ის დაიმატონ. მბაპე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მეც ვისურვებდი, რომ მას ჩემს გუნდში ეთამაშა. თუ "რეალი" ამას შეძლებს, პრობლემა არ მექნება.
მორიბას თემაზე საუბარი აღარ მინდა. ყველაფერი მასზე, მის აგენტებზე და კლუბზეა დამოკიდებული. თუ სხვა კლუბი მისი შეძენით ინტერესდება, მათ შეუძლიათ, გამოსასყიდი თანხა გადაიხადონ.
პიანიჩის განაცხადს მიღმა დატოვება მისი უპატივცემულობა იქნება. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება, მაგრამ ახლა ის "ბარსელონას" წევრია.
ის თანხები, რასაც ტრანსფერებში იხდიან, ჩემთვის აბსურდულია, განსაკუთრებით კი იმ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ახლა მსოფლიოშია. ერთ ფეხბურთელში ამდენის გადახდა სიგიჟეა.
ალექს კოლიადომ თავისი სიტუაცია ძალიან კარგად იცის. მის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და შესაბამისად, მას სათამაშო დროის მისაღებად თავის გამოჩენა მოუწევს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]