როგორი იქნება ჩავი ერნანდესის ბარსელონა
ყველასათვის ძალიან ნათელია, რომ რონალდ კუმანს "ბარსელონაში" დიდი დრო აღარ უწერია. ჟოან ლაპორტა, ჯერჯერობით, მის გათავისუფლებას არ ჩქარობს.
ნიდერლანდელისთვის იდეალურ ვარიანტში, სპეციალისტი კონტრაქტის ბოლომდე დარჩება კლუბში, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, მას ხელშეკრულებას არავინ გაუხანგრძილვებს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კუმანის შეცვლის მთავარი ფავორიტად კლუბის ლეგენდარული კაპიტანი, ჩავი ერნანდესი მოიაზრება.
თუ ჩავის "ბარსელონას" მწვრთნელობა მიმდინარე სეზონშივე ანდეს, მისთვის გადამწყვეტი მაინც 2022/2023 წლების სეზონი იქნება. ჟოან ლაპორტას მოუწევს ზაფხულში სულ მცირე 2-3 დიდი ტრანსფერი განახორციელოს.
კატალონიელთა მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი იქნება, რომლის გამოსასყიდი თანხაც 2022 წელს 75 მლნ. ევრომდე შემცირდება.
ჰოლანდის გარდა, "ბარსელონა" ასევე შეეცდება "მანჩესტერ იუნაიტედის" 28 წლის ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა გადმოიბიროს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და უფასოდ მოსვლა შეეძლება.
ასევე აქტიურად იწერება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დაცვის ცენტრის გაძლიერებაზე, რონალდ არაუხოს მეწყვილეს პოზიციაზე მთავარ ფავორიტად "იუევნტუსის" 22 წლის მცველი, მატიას დე ლიხტი მოიაზრება, რომელსაც ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მისი ამჟამინდელი ღირებულება 75 მლნ. ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სამივე ზემოთ ნახსენები ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლაა, რომელიც, როგორც ამბობენ, ჟოან ლაპორტას ახლო მეგობარია.
ასევე არის შანსი მომავალი სეზონიდან "ბარსელონაში" ვიხილოთ დანი ოლმო, რომელიც "ლა მასიას" აღზრდილია და ახლა "ლაიფციგის" ღირსებას იცავს. ესპანელის შეძენა "ბარსელონამ" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებშიც სცადა და იწერება, რომ იანვარში კვლავ დაუბრუნდება, თუმცა გუნდი აქცენტს ალბათ მაინც უფრო ჰოლანდზე გააკეთებს.
კატალონიელებისთვის პრობლემას სატრანსფერო ღირებულება არ წარმოადგენს, რამდენადაც ფეხბურთელების ხელფასები. "ბლაუგრანას" პრეზიდენტს გამოსავლის ძიება მოუწევს იმისათვის, რომ კლუბი მომავალი სეზონიდან კვლავ კონკურენტუნარიანი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლაპორტას რეპუტაცია კითხვისნიშნის ქვეშ დადგება.
პირველ რიგში "ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს, რომლებიც კლუბში საკმაოდ დიდი ხელფასებით სარგებლობენ: ფილიპე კოუტინიო და ანტუან გრიზმანი (რომელიც ჯერ კიდევ "ბარსელონას" ფეხბურთელია), ასევე მირალემ პიანიჩიც.
"ბარსელონას" მთავარი იარაღი კლუბის ახალგაზრდებზე (მათ შორის მწვრთნელიც) აშენება იქნება. ჩავი ერნანდესის საყვარელი ფორმაცია, გაგიკვირდებათ და 4-3-3-ია. ამ გუნდში ხელშეუხებელი სულ რამდენიმე ფეხბურთელია, თუმცა კლუბის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით შემადგენლობის სიღრმისეულ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ, მთვარი აქცენტი, რა თქმა უნდა, "ლა მასიას" წარმომადგენლებზე იქნება.
მეკარე: ამ პოზიციაზე "ბარსელონას" ჯერჯერობით პრობლემა არ აქვს, ტერ შტეგენი გუნდის შეუცვლელი ფიგურაა. ნეტუ კი, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, მის ნაცვლად მეორე მეკარე ინიაკი პენია გახდება.
დაცვა: დაცვის ხაზში ხელშეუხებელი მხოლოდ რონალდ არაუხოა, ზაფხულში კი ლაპორტა, დიდი ალბათობით, ძირითადი შემადგენლობის მეორე ცენტრალური მცველის მოყვანას შეეცდება. მარცხენა მცველის პოზიციაზე, სავარაუდოდ კვლავ ალბას ვიხილავთ, მისი შემცვლელის მოყვანას ალბათ კლუბი ვერც სეზონის ბოლოს შეძლებს. სერჟინიო დესტს, რომელიც ჩავის გეგმებში დიდად არ შედის, კიდევ ერთი სეზონი მიეცემა შანსი.
ნახევარდაცვა: აქ ხელშეუხებელი მხოლოდ 2 ფეხბურთელია: პედრი და დე იონგი. მათ გარდა, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები: გავი და ნიკო. 1 დიდ ტრანსფერს ნახევარდაცვის ხაზშიც უნდა ველოდოთ.
თავდასხმა: ჟოან ლაპორტა ვალდებულია თავდასხმა სულ მცირე 1 მეგა-ტრანსფერით გააძლიეროს.
როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, ყველაზე კარგ შემთხვევაში ჟოან ლაპორტამ მაქსიმუმ 2-3 დიდი ტრანსფერი განახორციელოს ძირითადი შემადგენლობისთვის და ასევე რამდენიმე პატარა ტრანსფერი სათადარიგო სკამისთვის.

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]