რაიო-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა
დღეს, ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩში "ბარსელონა" "რაიო ვალიეკანოს" ესტუმრება.
რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, "ვალიეკასზე" "ბარსა" კონკურენტ გუნდს დაუპირისპირდება. სატურნირო ცხრილში 15 ქულით კატალონიელები მე-9 პოზიციას იკავებენ, "რაიოს" კი ერთით მეტი ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. მართალია, "ბარსას" მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, თუმცა გამოტოვებული შეხვედრა "სევილიასთან", "რამონ სანჩეს პისხუანზე" უნდა გაიმართოს. შესაბამისად, გარანტირებული არაფერია. პრინციპში, ამ სეზონში გარანტირებული 3 ქულა ვერცერთ გუნდთან ვერ გვექნება.
სათამაშო ფორმა
რონალდ კუმანის "ბარსელონამ" მორიგი "დიდი მატჩი" წააგო, ამჯერად, მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით. უკანასკნელ თამაშებში ნათლად გამოჩნდა, რომ ამ გუნდს კუმანთან ერთად განვითარების პერსპექტივა არ გააჩნია. ამ შემადგენლობას პროგრესისთვის აუცილებელი რესურსი აქვს, მაგრამ მოედანზე ვერ ვხედავთ ნიშნებს იმისა, რომ "უემბლის გმირს" ამ რესურსის თავმოყრა და სისტემაში მოყვანა შეუძლია.
მან "ბარსელონაში" საკუთარი თავი ამოწურა, გუნდს ცვლილება სჭირდება. რთული წარმოსადგენია, რომ დღევანდელ ან მომდევნო მატჩებში რაიმე ისეთს ვიხილავთ, რაც აქამდე არ გვინახავს.
მეტოქე
"რაიო ვალიეკანო" ლა ლიგაში შთამბეჭდავად დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 შეხვედრაში გუნდს 17 გოლი აქვს გატანილი. ამ მხრივ, ლა ლიგაში "რაიოზე" უკეთესი შედეგი მხოლოდ "რეალს" აქვს - 24 გოლი.
"რაიოში" თავი რამდენიმე ცნობილმა ფეხბურთელმა მოიყარა. რადამელ ფალკაოს გარდა, რომელმაც უკვე 3 გოლის გატანა მოასწრო, ამ გუნდის შემადგენლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველის, ბებესა და "ატლეტიკოს" ყოფილი ფეხბურთელის, მარიო სუარესის სახელებს შეხვდებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძირითადი შემადგენლობის წევრი არცერთი მათგანი არაა.
ასევე, "რაიოში" ირიცხება ზინედინ ზიდანის შვილი, ლუკა ზიდანი. "რაიოს" მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამ, "სევილიასთან", პირველი ტურის მატჩში იგი სასტარტო თერთმეტეულში დააყენა, თუმცა შეხვედრის დაწყებიდან 15 წუთში ზიდანმა წითელი ბარათი მიიღო და მას შემდეგ, მოედანზე აღარ გასულა.
მწვრთნელები მატჩის წინ
ანდონი ირაოლა:
"ელ კლასიკო" თანაბარი თამაში იყო და "ბარსას" ანგარიშში დაწინაურებაც შეეძლო. მათ რომ საგოლე მომენტები გამოეყენებინათ, ძალიან განსხვავებულ შედეგს მივიღებდით.
"ბარსა" არის გუნდი, რომელსაც ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, იგი გაიძულებს ითამაშო ბურთის გარეშე. სტატისტიკის მიხედვით, ფავორიტი "ბარსაა". არ ვიცი, "რაიომ" "ბარსასთან" ქულა ბოლოს როდის აიღო.
დანაკლისი
"რაიოსთან" მატჩის წინ, ლაზარეთს ფრენკი დე იონგი შეემატა. As-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნიდერლანდელი კიევის "დინამოსთან" შეხვედრაში დაბრუნდება.
მის გარდა, ტრავმირებულნი არიან პედრი გონსალესი, მარტინ ბრეითუეიტი, რონალდ არაუხო და უსმან დემბელე. დიდი ალბათობით, ეს უკანასკნელი თამაშის უფლებას მომდევნო ტურში მიიღებს.
ასევე, ანსუ ფატიმ "რეალთან" მატჩი მარჯვენა ფეხის მუხლზე მცირე დისკომფორტით დაასრულა. 18 წლის შემტევი "რაიოსთან" შეხვედრის განაცხადში მოხვდა, თუმცა დღეს კლუბმა იუწყა, რომ ანსუ თამაშს ვერ შეძლებს.
დღევანდელი მატჩისთვის, ირაოლას გუნდის დანაკლისი არცისე სერიოზულია. "რაიოდან", 26 წლის თავდამსხმელი, მარტინ მარკელანსი, ვერ ითამაშებს.
არბიტრი
შეხვედრას 44 წლის გამოცდილი არბიტრი ანტონიო მატეუ ლაოსი გაუძღვება.
ლაოსი ესპანეთის ჩემპიონატში 2008 წლიდან მსაჯობს. მას ლა ლიგაში 252 მატჩში უმსაჯია. იგი თამაშში საშუალოდ 4.92 ყვითელ და 0.24 წითელ ბარათს აჩვენებს.
ლაოსი "ბარსასთვის" კარგად ნაცნობი სახეა. ვალენსიელ მსაჯს "ბლაუგრანას" შეხვედრებში მონაწილეობა 43-ჯერ მიუღია. ამ თამაშებში კატალონიელთა სტატისტიკა ასეთია - 29 მოგება (67%), 9 ფრე (21%) და 5 წაგება (12%). ლაოსმა "ბარსელონას" ფეხბურთელი მოედნიდან 6-ჯერ გააძევა, მეტოქე გუნდის მოთამაშე კი - 9-ჯერ. მან "ბარსას" სასარგებლოდ - 6, ხოლო საწინააღმდეგოდ 1 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
ლაოსის მონაწილეობით "რაიოს" სტატისტიკა ასეთია - 20 მატჩი, 5 მოგება (25%), 7 ფრე (35%) და 8 წაგება (40%). მან მადრიდული გუნდის მოთამაშეს წითელი ბარათი 5-ჯერ უჩვენა, მოწინააღმდეგე ფეხბურთელს კი - 2-ჯერ. ლაოსმა "რაიოს" სასარგებლოდ 5 პენალტი დანიშნა, საწინააღმდეგოდ კი - 2.
ურთიერთშეხვედრები
"ბარსელონასა" და "რაიოს" ერთმანეთთან სულ 39-ჯერ უთამაშიათ. კატალონიელებმა 27-ჯერ მოიგეს, მადრიდელებმა 4-ჯერ, ხოლო 8 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 122-34.
ურთიერთშეხვედრებში "ბარსელონას" დიდი უპირატესობა აქვს, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო 14 თამაში, რომელთაგანაც "ბარსამ" ყველა მოიგო. ამ 14 მატჩიდან 3 ან მეტბურთიანი სხვაობა 9-ში დაფიქსირდა, ბურთების შეფარდება - 63-9
მადრიდში გამართული 20 დაპირისპირებიდან "ბარსელონამ" 11 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 3 დათმო.
ბოლოს, ეს გუნდები ერთმანეთს გასულ სეზონში შეხვდნენ. მაშინ, "რაიო" ლა ლიგა 2-ში ასპარეზობდა და "ბარსას" ესპანეთის თასის 1/8-ფინალში გადაეყარა. აღსანიშნავია, რომ "ვალიეკასზე" გამართულ მატჩში "რაიომ" ანგარიშის გახსნა შეძლო, თუმცა, ლეო მესისა და ფრენკი დე იონგის გოლებით, მომდევნო ეტაპზე კატალონიელები გავიდნენ.
საინტერესო ფაქტები
- 2012 წელს, "კამპ ნოუზე" "ბარსა" "რეალთან" 1-2 დამარცხდა. მომდევნო ტურში კი "რაიოს" ესტუმრა და 7-0 გაანადგურა.
- მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" არცერთი საგარეო მატჩი არ მოუგია - 2 ფრე, 2 წაგება.
- 1979 წელს, "ბარსამ" "რაიო" 9-0 დაამარცხა, იოჰან კრანკლმა 5 გოლის გატანა შეძლო.
- რონალდ კუმანს "რაიოს" წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია. აქედან, მან გოლის გატანა მხოლოდ ერთ შეხვედრაში ვერ შეძლო, ორჯერ დუბლი შეასრულა. ჯამში, მის ანგარიშზე 6 გოლია.
- "რაიოს" ლა ლიგის ბოლო 4 საშინაო მატჩი მოგებული აქვს. ოთხივე შემთხვევაში მადრიდელებმა, მინიმუმ, 2 გოლის გატანა შეძლეს.
- რადამელ ფალკაოს "ბარსას" წინააღმდეგ 4-ჯერ უთამაშია. მან 3 გოლის გატანა შეძლო, თუმცა 4-ვე მატჩი წაგებული აქვს.
- ფილიპე კოუტინიოს კარიერაში პირველი დუბლი 2012 წელს, "რაიოს" წინააღმდეგ, აქვს შესრულებული. მაშინ ბრაზილიელი "ესპანიოლის" ფეხბურთელი იყო.
სავარაუდო შემადგენლობები
SofaScore:
"ბარსელონა" | 4-3-3
ტერ შტეგენი - დესტი, პიკე, გარსია, ალბა - გავი, ბუსკეტსი, რობერტო - კოუტინიო, აგუერო, მემფისი
"რაიო" | 4-2-3-1
დიმიტრიევსკი - ბალიუ, საველიჩი, კატენა, ფ. გარსია - სისი, კომესანია - პალასონი, ტრეხო, ა. გარსია - ფალკაო
WhoScored:
"ბარსელონა" | 4-3-3
ტერ შტეგენი - დესტი, პიკე, გარსია, ალბა - გავი, ბუსკეტსი, რობერტო - კოუტინიო, მემფისი, ფატი
"რაიო" | 4-2-3-1
დიმიტრიევსკი - ბალიუ, საველიჩი, კატენა, ფ. გარსია - ვალენტინი, კომესანია - პალასონი, ტრეხო, ა. გარსია - ნტეკა
Sportskeeda:
"ბარსელონა" | 4-3-3
ტერ შტეგენი - დესტი, პიკე, გარსია, ბალდე - პუჩი, ბუსკეტსი, რობერტო - აგუერო, მემფისი, ფატი
"რაიო" | 4-2-3-1
დიმიტრიევსკი - ბალიუ, საველიჩი, კატენა, ფ. გარსია - ვალენტინი, სისი - პალასონი, ტრეხო, ა. გარსია - ფალკაო
SportsMole:
"ბარსელონა" | 4-3-3
ტერ შტეგენი - მინგესა, პიკე, გარსია, ალბა - გავი, ბუსკეტსი, რობერტო - დესტი, აგუერო, მემფისი
"რაიო" | 4-2-3-1
დიმიტრიევსკი - ბალიუ, საველიჩი, კატენა, ფ. გარსია - ვალენტინი, კომესანია - პალასონი, ტრეხო, ა. გარსია - ნტეკა
პროგნოზი
SportsMole: რაიო 1-2 ბარსელონა
Sportskeeda: რაიო 1-2 ბარსელონა
WhoScored: რაიო 0-2 ბარსელონა
ტრანსლაცია
მატჩი, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge შემოგთავაზებთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]