მადრიდის რეალი - დანი ალვესის საყვარელი მეტოქე
დღეს, "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" ერთმანეთს ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან. გუნდების ფორმების მიუხედავად, "ელ კლასიკო" ყოველთვის დაძაბული ჯახია. დღევანდელი მატჩს განსაკუთრებულია "ბლაუგრანას" ვეტერანისთვის, დანი ალვესისთვის, რომელიც თავის საყვარელ მეტოქეს კიდევ ერთხელ შეერკინება.
ბრაზილიელი ლეგენდა წლების შემდეგ კვლავ "ბარსას" ღირსებას იცავს. დანი გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტის მოტანისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მოვიდა. ის 38 წლისაა, საუკეთესო ფორმაში აღარ იმყოფება, თუმცა მან პირველ ორ შეხვედრაში აჩვენა, რომ გუნდისთვის კიდევ ბევრის მიცემა შეუძლია.
ალვესისთვის, "ელ კლასიკოზე" კარგი შესაძლებლობა არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ კვლავ მაღალ დონეზე იმყოფება. ამის საფუძველს "რეალთან" მისი დაპირისპირებების ისტორიაც იძლევა.
დანი ალვესი მადრიდულ გუნდს ყველზე მეტჯერ (45) შეხვედრია და ყველაზე მეტი (22) გამარჯვებაც აქვს მოპოვებული. ბრაზილიელმა "რეალს" პირველი გოლი 2003 წლის 9 ნოემბერს "სევილიას" მაისურით გაუტანა. საინტერესოა, რომ მაშინ დანის დღევანდელი რამდენიმე თანაგუნდელი, მაგალითად, გავი და ილიას აკომაში, დაბადებულებიც კი არ იყვნენ. მეორედ კი "თეთრების" კარი 2012 წელს, ესპანეთის თასზე, ულამაზესი დარტყმით აიღო. დანის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაცაა.
სწორედ დანი ალვესის წინააღმდეგ უჭირდა თამაში კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე მეტად. პირად დუელებში უმეტესწილად გამარჯვებული სწორედ ბრაზილიელი გამოდიოდა ხოლმე. დღეს, რონალდუს ნაცვლად, დანის ვინისიუს ჯუნიორი ეყოლება გასანეიტრალებელი. ალვესს არაუხოც მიეხმარება ხოლმე, თუმცა ბევრი რამ სწორედ ბრაზილიელზე იქნება დამოკიდებული.
დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტად "რეალი" ითვლება, თუმცა "ელ კლასიკოს" თავისი წესები აქვს და შედეგის პროგნოზირება იოლი არაა. "ბარსას" გამარჯვება ნამდვილად შეუძლია და ამისთვის დანი ალვესის კარგი თამაში დასჭირდება.
გამოყენებულია Barca Buzz-ის მასალა
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]