წითელი და ლურჯი "უემბლიზე"
ს/კ "ბარსელონა" მასპინძლის როლს მოირგებს "უეფას" ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც ლონდონის "უემბლის" სტადიონზე გაიმართება. შესაბამისად, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაშისას კატალონიელები საშინაო ფორმით, წითელ და ლურჯ ზოლებიანი მაისურით წარდგებიან მაყურებელთა წინაშე. აღნიშნული შეთანხმება მიღწეულ იქნა პარასკევის შეხვედრაზე, რომელსაც "უეფას", "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 1992 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდესაც "ბარსამ" თასი აღმართა, გუნდი საგარეო ფორმით იყო წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ 1992 წელს "ბარსას" საგარეო ფორმა ფორთოხლის ფერი იყო.
ამჯრად გვარდიოლას შეგირდები ტრადიციულ "ბლაუგრანას" (ბლაუგრანა ითარგმნება, როგორც წითელი და ლურჯი) მაისურს მოირგებენ.
"უეფას" ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლონდონში, "უემბლის" სტადიონზე, 28 მაისს გაიმართება. ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და ინგლისის "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს 2009 წელს შეხვდნენ. მაშინ გამარჯვება კატალონიელებმა მოიპოვეს (2:0).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]