100%-იანი შედეგი | ბარსელონამ რეალი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა
ესპანეთის ჩემპიონატი ქალთა ფეხბურთში დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, "ბარსელონამ" 30-ე თამაშიც მოიგო.
ბოლო ტურის წინ "ბლაუგრანას" 29 თამაშში 29 მოგება ჰქონდა. ხონათან ხირალდესის გუნდს 100%-იანი შედეგის დასაფიქსირებლად "ატლეტიკოსთან" მოგება ჭირდებოდა. ეს სწორედ ის "ატლეტიკოა", წინა გათამაშებაში "ბარსას" ყველა თამაშის მოგების საშუალება რომ არ მისცა. ამჯერად კატალონიელებმა მიზანს მიაღწიეს, რის შედეგადაც "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა.
იმ შემთხვევაში, თუ "ატლეტიკო" დღეს ქულას აიღებდა, "როხიბლანკო" ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოახერხებდა. მარცხის შემთხვევაში კი, თუ პარალელურ მატჩში "რეალი" "ვილიარეალს" დაამარცხებდა, ლიგის საგზურს სწორედ "რეალი" მოიპოვებდა. ასეც მოხდა - "ბარსელონამ" 2-1 მოიგო, "რეალმა" 1-0 და ჩემპიონთა ლიგაზე "სამეფო კლუბი" გავიდა.
ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში მესამედ მოხდა, რომ ერთმა გუნდმა ყველა თამაში მოიგო. პირველად ასეთი შემთხვევა 1997/98 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც "ატლეტიკო მალაგამ" 12 თამაშიდან ყველა მოიგო. მეორედ კი ასეთი რამ 2000/01 წლების სეზონში მოხდა, როდესაც "ლევანტემ" 28 შეხვედრის მოგება მოახერხა.
დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული იყო "ბარსელონას" ლეგენდისთვის, მელანი სერანოსთვის, რომელმაც საშინაო მატჩში ბოლოჯერ ითამაშა. 32 წლის ფეხბურთელს მთელი კარიერა "ბლაუგრანაში" აქვს გატარებული. პირველ გუნდში ის 2007 წლიდან თამაშობს, მანამდე კი "ბარსა ბ-ში" გამოდიოდა. მიმდინარე სეზონის ბოლოს სერანო კარიერას ასრულებს.
"ბარსელონას" ქალთა გუნდისთვის სეზონი არ დასრულებულა. 21 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლიონს" ვეთამაშებით, 25 მაისს კი ესპანეთის თასის 1/2 ფინალში "რეალს".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]