რეალი ბარსელონას რეკორდს ვერ გაიმეორებს
"რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის ბოლო ტურის შეხვედრაში ქულები დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მადრიდული გუნდი "ბარსელონას" ისტორიულ მიღწევას ვერ გაიმეორებს.
2012/13 წლების სეზონში "რეალს" მშვენიერი გუნდი ჰყავდა და მადრიდელებმა ლა ლიგაში 85 ქულა მოაგროვეს, იმაზე ერთით ნაკლები, ვიდრე მიმდინარე სეზონში. თუმცა "ბარსელონა" ბევრად უფრო ძლიერი გამოდგა. ტიტო ვილანოვას გუნდმა წინა სეზონში "რეალის" მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა და 100 ქულა მოაგროვა. ეს არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატში პირველ და მეორე ადგილებს შორის სხვაობა 15 ქულა დაფიქსირდა.
მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" პრობლემების გათვალისწინებით "რეალს" ამ შედეგის გაუმჯობესების შანსი ჰქონდა, მაგრამ ხელიდან გაუშვა. იმ შემთხვევაში, თუ მადრიდელები ბოლო ტურში მოიგებდნენ, ხოლო "ბარსა" მოტივირებულ "ვილიარეალთან" საკუთარ კედლებში წააგებდა, "სამეფო კლუბი" ვილანოვას "ბარსას" 15 ქულიან რეკორდს გაიმეორებდა. თუმცა ცოტა ხნის წინ დასრულებულ შეხვედრაში "რეალმა" "ბეტისს" ვერ გაუტანა და ქულას დასჯერდა. ეს ნიშნავს, რომ "ბარსას" წაგების შემთხვევაშიც კი პირველ და მეორე ადგილებს შორის სხვაობა 13 ქულა იქნება.
"ბლაუგრანა" ინარჩუნებს ამ მაჩვენებლით მეორე ადგილსაც. 2017/18 წლების სეზონში ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონამ" 93 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასულ "ატლეტიკოს" 14 ქულით აჯობა. ისტორიაში სხვა არცერთ გუნდს ასეთი შედეგიც კი არ დაუფიქსირებია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]