კალათბურთი - მორიგი ელ კლასიკო ფინალში
გუშინ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ბარსელონამ" "ჟოვენტუტი" დაამარცხა.
ბადალონაში გამართული შეხვედრა ძალიან დაბალშედეგიანი გამოდგა. "ბარსელონამ" 63-60 მოიგო.
"ბარსამ" პირველი მეოთხედი 1, ხოლო მეორე 8 ქულით წააგო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი აღმოჩნდა, რომელშიც "ბლაუგრანამ" 21-11 იმარჯვა.
კვლავ შედეგიანი იყო "ბარსას" ყოფილი კაპიტანი, ამჟამად ჟოვენტუტის ლიდერი ანტე ტომიჩი, რომელმაც თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა - 15 ქულა და 13 მოხსნა. "ბარსას" მხრიდან საუკეთესო ნიკოლა მიროტიჩი იყო 20 ქულითა და 7 მოხსნით.
"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა. ზედიზედ მეორედ კატალონიელთა მეტოქე მადრიდის "რეალი" იქნება, რომელთან ევროლიგაზე მარცხის გამოც "ბლაუგრანას" რევანში აქვს ასაღები. წინა ჩემპიონატის ფინალი "ბარსელონამ" მადრიდელებს 2-0 მოუგო.
მიმდინარე სეზონში საკალათბურთო "ელ კლასიკო" 7-ჯერ გაიმართა. აქედან 5-ჯერ "ბარსამ" მოიგო, ხოლო 2-ჯერ "რეალმა". ფავორიტად ფინალშიც კატალონიური გუნდი ითვლება, მაგრამ მადრიდელებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ "ბლაუგრანას" დამარცხება აუტსაიდერის სტატუსითაც შეუძლიათ.
ფინალური სერია 3 მოგებამდეა. 13 და 15 ივნისს გუნდები ბარსელონაში ითამაშებენ, 17 ივნისს კი მადრიდში. თუ ამ სამ მატჩში 3 მოგებას ვერცერთი გუნდი მოაგროვებს, 19 ივნისს მადრიდში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, საჭიროების შემთხვევაში კი 22 ივნისს გუნდები გადამწყვეტ დაპირისპირებას ბარსელონაში ჩაატარებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]