ფრენკი დე იონგით ჩელსიც დაინტერესდა
"ბარსელონასა" და "ჩელსის" გზები სატრანსფერო საკითხებში, შესაძლოა, კიდევ ერთ ფეხბურთელთან მიმართებით გადაიკვეთოს. საუბარი ფრენკი დე იონგზეა.
ცნობილია, რომ "ბარსას" ნიდერლანდელი ფეხბურთელის გაყიდვა სურს. მიზეზი ისაა, რომ მიღებული თანხა კატალონიელების მძიმე ფინანსურ მდგომარეობას ცოტათი გამოასწორებს, გარდა ამისა "ბლაუგრანა" სახელფასო ტვირთსაც მნიშვნელოვნად შეიმსუბუქებს, რადგან ახალი სეზონიდან ფრენკის ანაზღაურება გაიზარდა.
დე იონგის მთავარი მსურველი "მანჩესტერ იუნაიტედია". ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებით, კლუბები შეთანხმდნენ, რომ სატრანსფერო თანხა 85 მილიონი ევრო იქნება, საიდანაც 65 მილიონი ფიქსირებული უნდა იყოს, ხოლო 20 მილიონი ბონუსები. დარჩენილია ბონუსებზე დეტალურად შეთანხმება და ტრანსფერზე თავად ფეხბურთელის დაყოლიება.
ცნობილია, რომ დე იონგს "ბარსელონადან" წასვლა არ უნდა და თუ მაინც მოუწევს, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ურჩევნია. ეს "იუნაიტედისთვის" პრობლემაა.
ESPN-ის ინფორმაციით სიტუაციას აკვირდება "ჩელსი" და არაა გამორიცხული, ლონდონელები 25 წლის შუახაზელისთვის ბრძოლაში ჩაერთონ. "ჩელსის" უპირატესობა ისაა, რომ ეს გუნდი 2022/23 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]