ოფიციალურად: ბარსელონამ გამპერის თასზე პუმასი და მონპელიე მოიწვია
ცოტა ხნის წინ "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამპერის თასზე მამაკაცთა გუნდს - "პუმასი", ქალთა გუნდს კი "მონპელიე" დაუპირისპირდება.
ჩავი ერნანდესის შეგირდები "კამპ ნოუზე", 7 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მექსიკურ "კლუბ უნივერსიდად ნასიონალს", იგივე "პუმასს" შეხვდებიან, გოგონები კი "ესტადი იოჰან კრუიფზე", 23 აგვისტოს, 23:00 საათზე ფრანგულ "მონპელიეს" ეთამაშებიან.
"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მამაკაცთა და ქალთა გუნდების მატჩების ერთ დღეს ჩატარება მჭიდრო გრაფიკის გამო ვერ მოხერხდება. მას შემდეგ, რაც "რომამ" გამპერის თასზე თამაშზე უარი თქვა, კატალონიელებს ახალი მოწინააღმდეგის პოვნა სწრაფად მოუწიათ.
როგორც იცით, კლუბის დამაარსებლის სახელობის ამხანაგურ ტურნირზე "ბარსას" გოგოებმა პირველად გასულ სეზონში ითამაშეს - მაშინ მამაკაცთა და ქალთა გუნდები ტურინის "იუვენტუსს" შეხვდნენ (და მოიგეს), წელს კი პირველი შემთხვევა იქნება, როცა ისინი სხვადასხვა მეტოქეს დაუპირისპირდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]