ინტერ მაიამი-ბარსელონა | პრევიუ
ფლორიდაში გამართული რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ, "ბარსელონა" ამერიკული ტურნეს პირველ შეხვედრას ჩაატარებს და "ინტერ მაიამის" დაუპირისპირდება.
მატჩი სტარტს გამთენიისას, თბილისის დროით 04:00 საათზე აიღებს. მის პირდაპირ რეპორტაჟს Barça TV+ წარმოგიდგენთ (სამწუხაროდ, მხოლოდ ესპანეთის მასშტაბით), ჩრდილოეთ ამერიკაში კი მაყურებლებს თამაშის ნახვა TUDN-ზე შეეძლებათ.
გუნდის სიახლეები
პრესეზონის პირველ შეხვედრაში "ოლოტთან" 1-1 დასრულებული მატჩის შემდეგ, "ბარსელონას" შემადგენლობას დაუბრუნდნენ ფეხბურთელები, რომლებიც გასული სანაკრებო პაუზისას ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი და, შესაბამისად, ვარჯიში 1 კვირით დაგვიანებით განაახლეს.
სასიხარულო ინფორმაცია ისაა, რომ ფლორიდაში გუნდს რობერტ ლევანდოვსკი შეუერთდა, მაგრამ პოლონელი თავდამსხმელი "ინტერ მაიამისთან" მატჩისთვის მზად არ იქნება.
სამაგიეროდ, თამაშს ანდრეას კრისტენსენი და რაფინია შეძლებენ - არსებობს შანსები, რომ "ბარსას" მაისურით მათი დებიუტი ვნახოთ. გუნდს კიდევ ერთი ახალწვეული, ფრანკ კესიე ჰყავს, მაგრამ მან "ბარსელონაში" თამაში უკვე მოასწრო ("ოლოტის" წინააღმდეგ).
ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში "ბარსელონა" საშინაო ფორმას პირველად მოირგებს. პრესეზონის გახსნით შეხვედრაში გუნდს ოქროსფერი, გასვლითი მაისური ეცვა.
მეტოქე
2018 წელს დაარსებული "ინტერ მაიამი" MLS-ში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია. კლუბის პრეზიდენტი, საფეხბურთო სამყაროში (და არამარტო) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე, დევიდ ბექჰემია. "ინტერი" ვარდისფერ, შავ და თეთრ ფერებს ატარებს. მათ პირველ 2 სეზონში ამერიკის ჩემპიონატში მე-19 და მე-20 ადგილები დაიკავეს. გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გონსალო იგუაინი გახდა - "ბარსასთვის" კარგად ნაცნობი ფეხბურთელი, რომელიც წლების განმავლობაში მადრიდის "რეალში" ასპარეზობდა.
2021 წლის იანვრიდან "ინტერ მაიამის" "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ინგლისელი მოთამაშე ფილ ნევილი წვრთნის, რომელიც მანამდე ინგლისის ქალთა ეროვნული ნაკრების თავკაცი იყო.
MLS-ის მიმდინარე სეზონში "ინტერს" 20 მატჩი აქვს ჩატარებული. სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ნევილის შეგირდებმა "შარლოტი" 3-2 დაამარცხეს, "ცინცინატის" 2 ქულით გადაასწრეს და პლეი ოფის ზონაში მოხვდნენ. ამ სეზონში გუნდის ბომბარდირი 10 გოლით ეკვადორელი ლეონარდო კამპანიაა, რომელიც აშშ-ში ინგლისური "ვულვზიდან" იჯარით ასპარეზობს.
შესაძლოა, გუნდი ახალგაზრდულია, მაგრამ მას შემადგენლობაში საერთაშორისო დონეზე (ნაკრებში) გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, მათ შორის - ჯოვინ ჯონსი (ტრინიდადი და ტობაგო, 79 მატჩი), გონსალო იგუაინი (არგენტინა, 75), დეანდრე იედლინი (აშშ, 74), დემიონ ლოუ (იამაიკა, 48), ბრეკ შეა (აშშ, 34), რობერტ ტეილორი (ფინეთი, 20), არიელ ლასიტერი (კოსტა რიკა, 17), ხაირო კინტეროსი (ბოლივია, 13), კირან გიბსი (ინგლისი, 10) და ლეონარდო კამპანია (ეკვადორი, 10).
ურთიერთშეხვედრები
გასაკვირი არაა, რომ "ბარსა" მაიამის "ინტერის" წინააღმდეგ პირველად თამაშობს, მაგრამ, MLS-ში ამჟამად მოასპარეზე კლუბებთან ჩვენს გუნდს 100%-იანი შედეგი აქვს;
2006: ნიუ იორკ რედ ბულზი-ბარსელონა 1-4
2008: ნიუ იორკ რედ ბულზი-ბარსელონა 2-6
2009: ლოს ანჯელეს გელექსი-ბარსელონა 1-2
2009: სიეტლ საუნდერსი-ბარსელონა 0-4
ერთადერთი შემთხვევა, როცა "ბარსა" ამერიკულ გუნდთან დამარცხდა, 1984 წელს დაფიქსირდა - მაშინ "ნიუ იორკ კოსმოსთან" 2-5 წავაგეთ.
"ბარსელონა" მაიამიში მეოთხედ ითამაშებს. 2011 წელს მექსიკურ "გვადალახარასთან" 1-4 წავაგეთ, მაგრამ შემდეგ "ბლაუგრანამ" ამ ქალაქში "რეალსა" და "ნაპოლის" სძლია. სამივე ხსენებული მატჩი NHL-ის გუნდის, "მაიამი დოლფინსის" სტადიონზე (რომელსაც ახლა "ჰარდ როკ სთედიუმი" ეწოდება) ჩატარდა.
სტადიონი
სანამ მაიამის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად გოლფის 25 000-იანი სტადიონი "მაიამი ფრიდომ პარკი" გაიხსნება, "ინტერ მაიამი" საშინაო მატჩებს, დროებით, 18 000-იან "დრაივ ფინქ სთედიუმზე", ფორტ ლოდერდეილში ატარებს, რომელიც მაიამის ჩრდილოეთით, დაახლოებით 30 მილის დაშორებით, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს.
როგორც მოსალოდნელია, სტადიონი სავსე იქნება. ამჟამად აქ ტემპერატურა 32ºC-ს აღწევს.
სავარაუდო შემადგენლობები
Sports Mole
ინტერ მაიამი (4-2-3-1): კალენდერი; იედლინი, სეილორი, მაკვეი, გიბსი; გრეგორე, მოტა; ტეილორი, პოსუელო, ვასილიევი; კამპანია.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი; დესტი, არაუხო, ერიკ გარსია, ალბა; გავი, ბუსკეტსი, პედრი; დემბელე, ობამეიანგი, ფერან ტორესი.
Mundo Deportivo
ინტერ მაიამი (4-3-3): კალენდერი; იედლინი, ლოუ, სეილორი, მაკვეი; ტეილორი, გრეგორე, მოტა; პოსუელო, იგუაინი, კამპანია.
ბარსელონა (4-3-3): ინიაკი პენია; დესტი, არაუხო, ერიკ გარსია, ალბა; გავი, ბუსკეტსი, პედრი; დემბელე, ობამეიანგი, ანსუ ფატი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]