ანტუან გრიზმანი - ბარსელონას ახალი პრობლემა
"ბარსელონას" კიდევ ერთ თავისტკივილი გაუჩნდა - ანტუან გრიზმანი.
ფრანგი თავდამსხმელის საკითხი თითქოს გადაწყვეტილი იყო - "ატლეტიკოს" ის 2023 წელს 40 მილიონ ევროდ უნდა გამოესყიდა. ასე "ბარსა" გრიზმანის ხელფასის თანხასაც დაზოგავდა და 40 მილიონსაც მიიღებდა. თუმცა ბოლო დროს ამ გეგმას საფრთხე შეექმნა.
გრიზმანი "ატლეტიკოში" 2021 წელს ორწლიანი იჯარით გადავიდა. პირობა ასეთი იყო - თუ ფეხბურთელი ამ 2 წლის განმავლობაში მატჩების 50%-ში ითამაშებდა, 2023 წელს "ატლეტიკოს" მისი 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება წარმოეშვებოდა. სტატისტიკაში კი ითვლება მხოლოდ ის თამაშები, რომელთა დროსაც ანტუანი მოედანზე მინიმუმ 30 წუთს გაატარებს. გეგმა თითქმის გარანტირებულად შესრულებადი იყო, მაგრამ...
Relevo-ს ცნობით "ატლეტიკოს" გრიზმანში 40 მილიონი ევროს გადახდა არ სურს, ან კიდევ უფრო უარესი - არ შეუძლია. ამის გამო "ბარსელონას", შესაძლოა, პრობლემები შეექმნას.
იგივე წყარო მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარს გვთავაზობს:
1. "ბარსელონა" გამოსასყიდი თანხის შემცირებაზე თანხმდება და გრიზმანს "ატლეტიკოში" 20 მილიონად გაყიდის, საიდანაც 18 მილიონი ფიქსირებული თანხა იქნება, 2 მილიონი კი ბონუსები;
2. "ატლეტიკო" ფეხბურთელს სკამზე სვამს, ან მაქსიმუმ 30 წუთს ათამაშებს, გრიზმანი მატჩების 50%-ში მონაწილეობას ვერ იღებს და 2023 წელს "ბარსელონაში" ბრუნდება. ასეთ შემთხვევაში "ბარსა" 40 მილიონსაც კარგავს და სახელფასო ხარჯიც დაახლოებით 20 მილიონით ეზრდება. "ატლეტიკო" ფეხბურთელს ვერ იყენებს, გრიზმანი კი, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩეს. ამ ვარიანტის ამოქმედების შემთხვევაში ყველა ზარალდება;
3. "ატლეტიკო" 40 მილიონის გადახდას დასთანხმდება, მაგრამ "ბარსელონა" მადრიდელებს ამ თანხას რამდენიმე წელზე გადაუნაწილებს. ასეთ შემთხვევაში "ბარსამ" 2023 წელს, შესაძლოა, მხოლოდ 10 მილიონი ევრო მიიღოს;
4. "ბარსელონა" გრიზმანს კონტრაქტს უხანგრძლივებს, ხელფასს უმცირებს და "ატლეტიკოში" ისევ იჯარით უშვებს. ფეხბურთელი სათამაშო დროს მიიღებს და "ბარსას" 2023 წელს მისი გაყიდვა შეეძლება;
ამჟამინდელი სიტუაცია ასეთია - გრიზმანს "ატლეტიკოში" დარჩენა უნდა, დიეგო სიმეონეს სურს, ფრანგი გამოიყენოს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა აქცენტს ფინანსურ მხარეზე აკეთებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]