ბარსელონაში მიაჩნიათ, რომ ატლეტიკოს გრიზმანის გამოსყიდვის ვალდებულება უკვე აქვს
ანტუან გრიზმანის საგა გრძელდება. "ატლეტიკო" ფეხბურთელს თითო მატჩში მაქსიმუმ 30 წუთს ათამაშებს იმის გამო, რომ "ბარსელონასგან" მისი 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება არ წარმოეშვას. თუმცა "ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ მადრიდელებს ეს უფლება უკვე წარმოეშვათ.
ერთი წლის წინ გრიზმანი "ატლეტიკოში" იჯარით გადავიდა. კლუბები შეთანხმდნენ, რომ თუ ფეხბურთელი თამაშების 50%-ში მიიღებდა მონაწილეობას, "ატლეტიკო" მას 40 მილიონ ევროდ გამოისყიდდა. ამ სტატისტიკაში ჩაითვლებოდა ის შეხვედრები, რომლებშიც ანტუანი მოედანზე 30-ზე მეტ წუთს დაჰყოფდა.
წინა სეზონში გრიზმანმა შესაძლო შეხვედრების 80%-ში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ მხარეებმა საიჯარო ხელშეკრულება გაახანგრძლივეს, ახლა კი "ატლეტიკო" ცდილობს, ფრანგმა ყველა შეხვედრაში 30 წუთზე ნაკლები ითამაშოს, 2 წლის ჯამში 50%-ზე ნაკლები დააგროვოს და მადრიდელებს 40 მილიონის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშვათ.
თუმცა "ბარსელონაში" სხვაგვარად ფიქრობენ. Sport-ის ცნობით კატალონიური კლუბის პოზიცია ასეთია - 50%-იანი შეთანხმება მხოლოდ პირველ სეზონზე მოქმედებდა, რადგან იჯარა ერთწლიანი იყო. შემდეგ ეს იჯარა გახანგრძლივდა. პირველი სეზონის განმავლობაში გრიზმანმა 50%-ზე მეტ შეხვედრაში ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ატლეტიკოს" 2023 წელს "ბარსელონასთვის" 40 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება უკვე აქვს.
"ბარსელონას" პოზიციას ისიც ამყარებს, რომ რეალურად იჯარა ორწლიანი არ ყოფილა. ის ერთწლიანი იყო, რომელიც ზაფხულში კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. ამას ისიც ადასტურებს, რომ გასულ ზაფხულში ლა ლიგამ გრიზმანის "ატლეტიკოში" იჯარა თავიდან დაარეგისტრირა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]