როსელი: "გუნდში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს"
წლევანდელი "ჩემპიონთა ლიგის" ფინალი, კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტ სანდრო როსელისთვის პრეზიდენტის რანგში პირველი იქნება. მართალია სეზონის დასრულებამდე წინ კიდევ ერთი მატჩია, მაგრამ იგი უკვე თამამად აცხადებს, რომ გუნდმა ეს სეზონი შესანიშნავად ჩაატარა...
ორშაბათი საღამოდან, "ბარსას" პრეზიდენტი ლონდონში, გუნდთან ერთად იმყოფება და "უემბლიზე" გასამართი მატჩის მოსამზადებელ პერიოდსაც აკვირდება. მისი განცხადებით, ძალიან რთული სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდი ამ მატჩისთვის ფსიქოლოგიურად მზადაა. მან ასევე აღნიშნა, რომ გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა: "ისინი ძალიან ბედნიერად გამოიყურებიან. ეს არის გუნდი, რომელიც ყველას ნათლად უჩვენებს, თუ როგორი უნდა იყვნენ კომპანიონები. მათთან ერთად ყოფნა ერთ დიდ სამეგობრო წრეში, თუ ოჯახში ყოფნას ჰგავს. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევს და ერთმანეთთან ყოველთვის ხუმრობენ."
მართალია სეზონი ბოლომდე არ დასრულებულა, თუმცა სანდრო აცხადებს: "სეზონი უკვე შესანიშნავია. გუნდის მომავალი ამ მატჩზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული." საუბრის ბოლოს როსელმა განაცხადა, რომ მისთვის საამაყოა ის, რომ იგი "ბარსას" ოჯახის წევრია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]