ჟერარ პიკე - მოგზაურობა ორგზად

ჟერარ პიკე - მოგზაურობა ორგზად

ეს დრო მშვენივრად მახსოვს, 1997-98 წლების სეზონი იყო. ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის, მეგობრები, სავარჯიშო კომპლექსი, კლუბში მომუშავე ხალხი... "ბარსელონას" წევრად გახდომამ უამრავი პრივილეგია მომანიჭა. ბუცებს გჩუქნიან, ფორმას გირეცხავენ... ანუ შენი მოვალეობა მხოლოდ ვარჯიში და თამაშია. მალე მივხვდი, რომ ეს რეალური პრივილეგიები იყო. ჩემს ადგილას ყოფნას ნებიესმიერი ისურვებდა. 
პირველი წელი საკმაოდ რთული იყო. ყველანი ახლები ვიყავით და თავიდან გვიჭირდა გამარჯვებების მოპოვება. თანაც, კიდევ ერთი წინააღმდეგობა შეგვხვდა: მეტოქეებზე ერთი წლით უმცროსები ვიყავით, რასაც ჩვენს ასაკში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ისეთი კლუბისთვის როგორიც ბლაუგრანაა, ოქროს მედლების გარეშე დარჩენა ჩავარდნად ითვლებოდა, ამის გამო გუნდის დატოვება ბევრს მოუხდა.
კიდევ ის დამამახსოვრდა, რომ "ბარსას" ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელად ლუი ვან გაალი დაინიშნა. საქმეები ბრწყინვალედ აეწყო: პირველივე სეზონში ლა ლიგა და სამეფო თასი მოვიგეთ. იმხანად ბაბუა ამადორი კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ და ბლაუგრანას ხშირად დაჰყვებოდა ხოლმე. დროთა განმავლობაში ჰოლანდიელს დაუმეგობრდა და სეზონის დასრულების დღეს, სახლში დაჰპატიჟა სადილზე.
ის დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ლუისა და მის მეუღლეს ტერასაზე შევეგებეთ. ოჯახის წევრებს მიესალმა და მომიახლოვდა, უკვე იცოდა რომ ფეხბურთს ვთამაშობდი. ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად, მან კი ისეთი ძალით დამკრა, რომ იატაკზე გავიშხლართე. გაოგნებული ვიყავი. ვერაფერი გავიგე. სწორედ ამ დროს, ვან გაალმა ისეთი რამ თქვა, რაც არასდროს დამავიწყდება: "შენ ვერასდროს ვერ გახდები ცენტრალური მცველი". ფერი დავკარგე, ენა ჩამივარდა. არ გაუცინია და შესაბამისად, არ ვიცოდი რა მეფიქრა, ხუმრობად აღმექვა მისი ნათქვამი თუ სინამდვილედ. ბოლოს ჩავთვალე, რომ ჰოლანდიელმა ეს სრული სერიოზულობით განაცხადა, ამის ხმამაღლა თქმა და ოჯახის წევრების ხარხარი ერთი იყო. არა გრცხვენია, ვან გაალმა მხოლოდ იხუმრაო - დამამშვიდეს მშობლებმა.

ესეთი ხუმრობა მე არ გამიგია! მაგრამ ამის შემდეგ, რამდენჯერაც ვარჯიშებზე შემხვდებოდა, იმდენჯერ მომესიყვარულებოდა ხოლმე და ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე.
პირველი წელი გუნდისთვის წარუმატებელი იყო, მომდევნო სეზონში კი ყველაფერი შეიცვალა. ისეთი ბრწყინვალე ფეხბურთელები შემოგვიერთდნენ, როგორებიც სესკ ფაბრეგასი და ვიქტორი ვალდესი არიან, შესაბამისად "მატაროდან" და "ლა დამიდან". თუმცა, ჩემი წარმატების საწინდარი მწვრთნელი როდოლფ ბორელ "როდო" გახლდათ, რომელმაც ჩვენგან გამარჯვებული გუნდი გამოძერწა. ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როდოსი ბევრი მმართებს. სწორედ მან მასწავლა ფეხბურთის თამაში, მან შექმნა "ბარსელონას" ფილოსოფია და ჩემი შესაძლებლობების, პირველივე დღიდან სჯეროდა. 24 საათს გუნდთან ერთად ატარებდა და ყოველთვის უნდოდა, რომ საუკეთესოები ვყოფილიყავით.
იმავე წელს ლა ლიგა და კატალონიის თასი მოვიგეთ, მაგრამ ბრიუნეტში გამართული ტურნირი მაინც არასოდეს დამავიწყდება, რადგან ფინალში მადრიდთან დავმარცხდით. თერთმეტი წლის ბავშვისთვის ეს ტურნირი ოცნების ზღვარია. მატჩების ტელევიზიით ტრანსლირება, უამრავ გუნდთან პაექრობა, გაზეთების ფურცლებზე მოხვედრა - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. ბრწყინვალე გუნდი გვყავდა, ისეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, როგორიც ვალიენტე ("სევილიაში" ბურთაობს), პედრესა ("ესპანიოლი ბ"), სესკი და ვიქტორ ვასკესი არიან.

ტურნირისთვის კარგად ვიყავით მომზადებულნი. მთელი სეზონი დამაჯერებლად ვთამაშობდით და შესაბამისად, გამარჯვების იმედი გვქონდა. მადრიდის დამარცხება ძალიან გვინდოდა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ერთდერთი შემთხვევა იყო, როდესაც წაგების გამო ვიტირე, ეს ჩვენთვის დიდი დანაკარგი იყო... ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ, მაგრამ ფინალში მადრიდელებმა შანსი არ დაგვიტოვეს. 2:3-ზე დავმარცხდით. ლოპამ, რომელიც ამჟამად "ხიხონში" ბურთაობს ჰეთ-თრიკი გაიფორმა, ასევე გამოვყოფდი გრანეროს კარგ თამაშს, ის დღეს "რეალის" ღირსებას იცავს.
მომდევნო წლები ერთმანეთს ჰგავდა. სულ ვიმარჯვებდით. თითქმის ოთხი წელი ვიასპარეზეთ მარცხის გარეშე. იმ დროისთვის ისეთი მწვრთნელები გვყავდა, როგორებიც ტიტო ვილანოვა, ალბერტ ბენაიხესი და ალექს გარსია არიან. გულახდილად გეტყვით, რომ თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. სამივეზე კარგი მოგონებები დამრჩა. ტიტოს ყოველდღე ვხვდები "ბარსელონაში". ბენახესი და გარსია კანტერას წვრთნიან, მაგრამ მთავარი გუნდის ვარჯიშებს ხშირად ესწრებიან.

ამ პერიოდში ისეთი რამ მოხდა, რამაც კლუბის სიტორია შეცვალა: ლეო მესისთან კონტრაქტის გაფორმება. მახსოვს, როდესაც ჩვენს გუნდში ჩაირიცხა ძალიან პატარა იყო და ფრთხილად ვეთამაშებოდით, რათა ტკივილი არ მიგვეყენებინა. არადა, მწვრთნელებს ნათქვამი ჰქონდათ, საკმაოდ ძლიერია და არ დაზოგოთო. პრობლემა იმაში იყო, რომ მის შეჩერებას ვერ ვახერხებდით. ძალიან სწრაფი იყო. დღემდე მახსოვს მისი მეორე ოფიციალური მატჩი, როდესაც საშინელი ტრავმის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა. ფეხი მოიტეხა. ამ საზარელი გამოცდილების შემდეგ, ფორმა მალე აღიდგინა და როგორც ფეხბურთელმა ზრდა დაიწყო. დღეს კი ლეო უკვე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა.
სკოლაში ვცდილობდი კლასელებს არ ჩამოვრჩენოდი, მაგრამ წლიდან წლამდე უფრო და უფრო მიჭირდა. გაკვეთილების შემდეგ, 5 საათზე ბონანოვას მოედანზე ავტობუსში ვჯდებოდი, რომელსაც "მინი ესტადზე" მივყავდი. ვარჯიში 6 საათზე იწყებოდა და რვისთვის მთავრდებოდა. შხაპს მივიღებდი ხოლმე და მშობლებს შინ მივყავდი. ვივახშმებდი თუ არა, გაკვეთილების სწავლას ვიწყებდი. ესეთი გრაფიკით კვირაში ოთხი დღე მიწევდა ცხოვრება. შაბათს, მატჩი გვქონდა ხოლმე. თავისუფალი დრო არ მრჩებოდა, შესაბამისად მეგობრებთან ერთად ვერ ვთამაშობდი. ეს ყველაფერი გამიცდა, მაგრამ დღეს, ვთვლი, რომ გაღებული მსხვერპლი ღირდა ამად.
გაგრძელება იქნება...

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.