ბარსელონა ჯოვანი ლო სელსოთი ინტერესდება
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავი ერნანდესს ჯოვანი ლო სელსო ძალიან მოსწონს.
კატალონიელთა თავკაცი მიიჩნევს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი გამთამაშებლის პოზიციას შესანიშნავად ერგება.
ლო სელსომ გასული სეზონი "ვილიარეალში" გაატარა, თუმცა "ტოტენჰემის" საკუთრებაა. "სპურსი" მის მომავალს მალე გადაწყვეტს. ჯოვანის ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება მანამდეც ჰქონდა - ის 2 წელი "ბეტისში" ასპარეზობდა.
"ბარსელონაში" "ვილიარეალის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, ალექს ბაენა მოსწონთ, მაგრამ მისი გამოსასყიდი თანხა €60 მილიონია, რაც ტრანსფერს თითქმის შეუძლებელს ხდის.
წყაროს ცნობით, ილქაი გიუნდოგანისა და საყრდენის გარდა, ჩავის კიდევ ერთი კრეატიული ნახევარმცველი სურს, რომელიც ბურთს შემტევებამდე, განსაკუთრებით ლევანდოვსკიმდე მიიტანს. რობერტმა გუნდში თავადაც თქვა, რომ კარგი იქნება, თუ ბურთს მცველებთან ერთი-ერთზე ყოფნისას ხშირად მიიღებს. "ბარსა" შეეცდება, შედარებით იაფიანი ვარიანტი იპოვოს.
ჩავი მიიჩნევს, რომ პედრის არყოფნისას გუნდს შემქმნელი აკლია და დიდწილად ფლანგებზე დამოკიდებული ხდება. როცა გონსალესი არაა, "ბლაუგრანას" საჯარიმომდე ბურთის მიტანა უჭირს.
ახლა დეკუსა და მატეუ ალემანის მიზანი სწორედ ამ სტილის ფეხბურთელის პოვნაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]