ხავი მარტინესი ხიხანტესის ეთერში ლევანდოვსკისა და ჰანსი ფლიკზე საუბრობს
"ოსასუნას", "ბილბაოს" & "ბაიერნის" ყოფილი და "კატარის" ამჟამინდელი ფეხბურთელი, ხავი მარტინესი "ხიხანტესის" ეთერში, ჟერარ რომეროსთან "ბარსელონაზე" საუბრობს.
გუნდის მდგომარეობაზე:
"ბარსაში" ბევრი ფეხბურთელია, რომელმაც გასული სეზონის შემდეგ მოუკლო. ინტენსივობა ძალიან დაბალია. ასე თამაში რთულია.
ყველა გუნდს სჭირდება ფეხბურთელი, ვინც მუდმივად ფიქრობს, რა მოხდება, როცა ბურთი დაიკარგება. სწორედ ამიტომ, მგონია, რომ "ბლაუგრანას" ბუსკეტსისნაირი ფიგურა აკლია.
ჩავის გადადგომაზე:
შოკირებული ვიყავი, როცა ჩავის გადაწყვეტილებაზე გავიგე. ისინი (პრესა) მას ძალიან სასტიკად მოექცნენ - ბარსელონასა და მადრიდში პრესა გკლავს. უნდა იცოდე, ამას როგორ გაუმკლავდე, მაგრამ ზოგჯერ ეს ძალიან რთულია. გერმანიაში მწვრთნელს ბევრად დიდ პატივს სცემენ.
ლევანდოვსკის ფორმაზე:
შეიძლება ითქვას, რომ სეზონის სტარტზე ეს პრობლემა ნამდვილად ჩანდა, როცა ჩავი ერნანდესი ამბობდა, რომ თანაგუნდელებს რობერტი უკეთ უნდა მოემარაგებინათ, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა - პოლონელი საკმაოდ ბევრ საგოლე შანსს იღებს, მაგრამ ვერ გააქვს.
ჰანსი ფლიკის "ბარსაში" შესაძლო დანიშვნაზე:
ჰანსი ფლიკის ფილოსოფია "ბარსელონას" იდეალურად ერგება. მასთან ერთად "ბაიერნი" გვარდიოლას სტილში თამაშობდა.
ფლიკის სავარჯიშო სესიები ინტენსიურია, მაგრამ ეს ყველაფერი ბურთის გამოყენებასაც მოიცავს. მიუნხენში ყოველ დილით ფიტნესმწვრთნელთან ერთად ვვარჯიშობდით - სწორედ ამ დროს ვიცვლებოდით, მოტოციკლებად ვიქეცით. ეს განსხვავებული კულტურაა.
ფლიკი პირდაპირ გეუბნება, შენზე რას ფიქრობს. ის ძალიან მშვიდია და ბევრი უნდა დააშავო, რომ გააბრაზო. ჰანსი გასახდელ ოთახში ყველას ამშვიდებს და შემდეგ საუბარს იწყებს.
არ ვიცი, "ბარსაში" ეს ყველაფერი როგორ იმუშავებს. ენობრივი ბარიერიც გასათვალისწინებელია.
"ბარსელონას" ფანები იმედოვნებენ, რომ ფლიკის ხელში გუნდის ფიზიკური კონდიციები საგრძნობლად გაუმჯობესდება და "ბარსა" ბურთის ფლობაზე ორიენტირებულ, შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. თუმცა, ქომაგებში ეჭვს ერთი რამ იწვევს - "ბაიერნში" ჰანსის მოღვაწეობა ხანგრძლივი არ ყოფილა, გერმანიის ნაკრებში კი წარმატებას ვერ მიაღწია.
გავრცელებული ცნობებით, ფლიკი ჟოან ლაპორტას ფავორიტი კანდიდატია. "ბარსელონას" პრეზიდენტს ისეთი მწვრთნელის მოყვანა სურს, ვინც გუნდში მკაცრ დისციპლინას დანერგავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]