შჩესნი თუ ნავასი - ჰანსი ფლიკის არჩევანი
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ვოიჩეხ შჩესნისა და კეილორ ნავასს შორის არჩევანი გააკეთა.
როგორც იცით, "ბარსას" მთავარმა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმა მიიღო და მას მინიმუმ 8 თვე გაუცდება. ცნობილია, რომ "ბლაუგრანა" მისი შემცვლელის დამატებას აპირებს და კლუბი ამაზე უკვე მუშაობს. დღეისათვის არსებულ ვარიანტებს შორის "ბარსელონა" აქცენტს ორ მეკარეზე აკეთებს. ესენი არიან: 34 წლის პოლონელი ვოიჩეხ შჩესნი და 37 წლის კოსტა რიკელი კეილორ ნავასი.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა შჩესნისა და ნავასს შორის პირველი მათგანი აირჩია. ფლიკი უპირატესობას შჩესნის ანიჭებს, რომელიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე პოლონეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობის წევრი იყო. ვოიჩეხს ასევე კარგი მეგობრობა აკავშირებს რობერტ ლევანდოვსკისთან, რომელიც მას სწრაფ ადაპტაციაში დაეხმარება.
Relevo-ს ცნობებით, შჩესნი თანახმაა, ფეხბურთს დაუბრუნდეს და "ბარსაში" ითამაშოს. ის კატალონიურ კლუბს მომდევნო კვირაში შეუერთდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]