ახალი "ხუთიანი" კატალონიურად
მადრიდის "რეალი" კვლავ ფიქრობს, რომ შეუძლია სესკ ფაბრეგასის ტრანსფერის განხორციელება. თეთრები ამ ფეხბურთელს 2006 წლიდან აკვირდებიან, როდესაც პრეზიდენტად რომან კალდერონი დაინიშნა და ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ კლუბში ახალგაზრდა და კარგი მომავლის მქონე ნახევარმცველს მოიყვანდა.
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სესკს "ბარსელონა" ძალიან უყვარს. თუმცა ბევრს დროთა განმავლობაში ავიწყდება, რომ ეს ფეხბურთელი განწირულია კატალონიურ კლუბში თამაშისთვის. მან უკვე რამდენჯერმე თქვა, რომ "არსენალის" დატოვება მისთვის "ბარსელონაში" თამაშის ტოლფასი იქნება.
მადრიდის "რეალმა" ბოლო წლებში სამჯერ სცადა ფაბრეგასის გადაბირება, თუმცა სამჯერვე მტკიცე უარი მიიღო თავად ფეხბურთელისგან. პირველად ეს 2006 წელს მოხდა, როდესაც კალდერონი 19 წლის ბიჭის გადაბირებას ცდილობდა 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებით. სავარაუდოა, რომ რომანმა არჩევნები სწორედ ამ დაპირების წყალობით მოიგო, თუმცა პრეზიდენტის დაპირება დაპირებადვე დარჩა, რადგან 19 წლის სესკმა უარი თქვა მადრიდის "რეალში" გადასვლაზე და "არსენალში" დარჩა.
ფლორენტინო პერესის გაპრეზიდენტებასთან ერთად დაბრუნდა იმედი იმისა, რომ კატალონიელ ფლეიმეიკერს მადრიდში იხილავდნენ. ფლორენტინომ დაუყონებლივ მიმართა ინგლისურ კლუბს წინადადებით 2009 წელს, ზუსტად მაშინ, სანამ ფეხბურთელი კონტრაქტს 2015 წლამდე გაახანგრძლივებდა. ამ პერიოდში სესკი "რეალთან" ყველაზე ახლოს იყო, რადგან კონტრაქტს ვადა გასდიოდა და არსენ ვენგერს არაფერის გაკეთება არ შეეძლო, თუმცა ამჯერადაც უარი სესკმა განაცხადა, რაც ბევრმა უარყოფითად შეაფასა, რადგამ იმ დროისთვის მადრიდის "რეალში" ახალი ერა იწყებოდა ახალ ვარსკვლავებთან და ახალ მიზნებთან ერთად. შემდეგი მცდელობა სესკის გადაბირებისა პერესს არ ეკუთვნის. ეს ჟოზე მოურინიომ სცადა, თუმცა ფაბრეგასმა ასევე უარი განაცხადა იტალიაში გადაბარგებაზე, რადგან ფეხბურთელს იმ დროისთვის სხვა გეგმები ჰქონდა, იგი "ბარსელონასგან" ელოდა წინადადებას.
წელს მოურინიო მაღალი დონის ნახევარცმველის ყიდვას ცდილობს. რამდენიმე დღის წინ ფლორენტინომ და ჟოზემ კიდევ ერთხელ მოიკრიბეს ძალები და სათითაოდ სცადეს ფაბრეგასთან დაკავშირება, მაგრამ პრეზიდენტმაც და მწვრთნელმაც, ორივემ სათითაოდ მიიღეს ჩვეული პასუხი ფეხბურთელისგან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]