ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნება რეალურია - მოლაპარაკებები დაიწყო
"ბარსელონას" ბრაზილიელი ლეგენდის, ნეიმარის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე საუბრები არ წყდება.
ნეიმარი, რომელმაც იანვარში სამშობლოს, კერძოდ, "სანტოსს" მიაშურა, აპირებს, მომდევნო სეზონიდან ევროპაში დაბრუნდეს. მისი ოცნება კვლავ "ბარსელონაა".
კატალონიური კლუბი აქამდე ნეიმარის დამატებას არ განიხილავდა, მაგრამ ახლა ეს ტრანსფერი რეალურია. The Athletic-ის ჟურნალისტი დევიდ ორნსტეინი იტყობინება, რომ "ბარსას", "სანტოსსა" და 33 წლის შემტევის აგენტ პინი ზაჰავის შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ნეიმარის აგენტსა და "ბლაუგრანას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკებებისთვის ხელშემწყობი ფაქტორია.
COPE-ს ჟურნალისტის, ვიქტორ ნავაროს ცნობებით, ნეის პრიორიტეტი "ბარსაში" დაბრუნება და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობაა.
ბრაზილიელი ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს. "სანტოსში" გადასვლის შემდეგ მის აქტივში 6 ჩატარებულ მატჩში უკვე 5 საგოლე მოქმედებაა - 2 გოლი და 3 ასისტი.
ნეიმარი "ბარსელონაში" 2013-2017 წლებში ბრწყინავდა, რის შემდეგაც რეკორდული 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა, 2023 წლიდან კი, სამშობლოში დაბრუნებამდე, "ალ ჰილალში" ირიცხებოდა.
ნეიმარს "სანტოსთან" 6-თვიანი კონტრაქტი აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანას" ზაფხულში მისი უფასოდ დაბრუნება შეეძლება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]