2024/25 წლების სეზონი | სტატისტიკა
"ბარსელონასთვის" 2024/25 წლების სეზონი დასრულებულია, რომელიც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, წარმატებული გამოდგა. კატალონიურმა გუნდმა შიდა ტრებლი იზეიმა - მოიგო რა ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერ თასი.
"ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდი სეზონის 10 სტატისტიკურ მაჩვენებელს წარმოგვიდგენს.
44 მოგება
ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის წარმომადგენელ არცერთ სხვა გუნდს არ მოუგია იმდენი მატჩი, რამდენიც ჰანსი ფლიკის "ბარსამ" მოიგო. 44 გამარჯვება - 28 ლა ლიგაში, 9 ჩემპიონთა ლიგაზე, 5 ესპანეთის თასზე და 2 ესპანეთის სუპერ თასზე.
საუკეთესო ბომბარდირი - ლევანდოვსკი
რობერტ ლევანდოვსკიმ 2024/25 წლების გათამაშებაში 42 გოლი გაიტანა და "ბარსას" სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პოლონელმა თავდამსხმელმა 27 ბურთი ლა ლიგაში გაიტანა, 11 - ჩემპიონთა ლიგაზე, 3 ესპანეთის თასზე და ერთი ესპანეთის სუპერ თასზე. მან "ბლაუგრანას" მაისურით 100-გოლიან ნიშნულსაც მიაღწია.
საუკეთესო ასისტენტი - რაფინია
ბრაზილიელმა შემტევმა თანაგუნდელებს 22-ჯერ გაატანინა. ევროპაში რაფინიაზე მეტი ასისტი, 23, მხოლოდ მოჰამედ სალაჰს აქვს. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელს მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით ჩამორჩება თანაგუნდელი ლამინ იამალი.
ყველაზე მეტი გატარებული წუთი მოედანზე - რაფინია
რაფინია ასევე ის მოთამაშეა, რომელმაც ყველაზე მეტი ითამაშა - 4 661 წუთი მოედანზე, საშუალოდ 81 წუთი თამაშში. მის შემდეგ მოდიან პედრი (4 643 წუთი) და იამალი (4 548).
174 გოლი
"ბლაუგრანამ" 174 გოლი გაიტანა, რაც ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის წარმომადგენელ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგია. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ "ბარსა" ამ მაჩვენებლით გაცილებით წინაა მეორე ადგილზე მყოფ "პარი სენ-ჟერმენზე", რომელმაც 147 ბურთი გაიტანა. შემდეგ მოდიან "ბაიერნი" (138 გოლი), "რეალ მადრიდი" (137) და "ლივერპული" (123). "ბარსელონას" ისტორიაში ეს გოლების მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
21 მშრალად შენახული კარი
"ბარსამ" კარი მშრალად 21-ჯერ შეინახა. აქედან 14 ვოიჩეხ შჩესნიზე მოდის, 6 - ინიაკი პენიაზე, ერთი კი - მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე.
30 გამოყენებული ფეხბურთელი
გასულ სეზონში 30-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა ითამაშა. ფლიკის ხელმძღვანელობით "ბარსას" პირველ გუნდში დანი როდრიგესის, ტონი ფერნანდესისა და ანდრეს კუენკას დებიუტი შედგა.
9 ქამბექი
2024/25 წლების სეზონი ქამბექებით დახუნძლული აღმოჩნდა. ჰანსი ფლიკის გუნდმა ჩამორჩენის აღმოფხვრა 9 შემთხვევაში მოახერხა.
23 გოლი საჯარიმოს გარედან
"ბარსელონამ" 174 გოლიდან 23 საჯარიმოს გარედან გაიტანა, რაც ასევე ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის წარმომადგენელ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგია.
45 ქულა გასვლაზე
"ბარსამ" ლა ლიგაში 88 ქულა დააგროვა, აქედან 45 კი სტუმრად მოიპოვა, რაც ასევე ევროპაში საუკეთესო შედეგია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]