ბარსელონას კამპ ნოუზე დაბრუნება კიდევ ერთი თვე გადაიდება
"ბარსელონას" სამშაბათს ლა ლიგაში ოფიციალურად უნდა დაედასტურებინა, სად ჩაატარებს პირველ საშინაო მატჩს სეზონში "ვალენსიას" წინააღმდეგ. თავდაპირველი გეგმით, ეს შეხვედრა "კამპ ნოუზე" უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი კვლავ გაიწელა.
კლუბს ჯერ არ მიუღია სამუშაოების დასრულების სერთიფიკატი ორ ტრიბუნაზე, რომლებიც ეტაპობრივად უნდა გახსნილიყო 27,000 მაყურებლის დასაშვებად. ამ დოკუმენტის გარეშე ქალაქის საბჭო ვერ გასცემს გახსნის ლიცენზიას, რაც სტადიონის დაბრუნებას კიდევ ერთხელ აჭიანურებს.
Cadena SER-ის ცნობით, "ბარსელონას" "კამპ ნოუზე" დაბრუნება ოქტომბრის საერთაშორისო პაუზამდე პრაქტიკულად გამორიცხულია, რაც თითქმის ერთწლიანი დაგვიანების ტოლფასია. თავდაპირველი გეგმით, სტადიონი 60,000 მაყურებლისთვის უნდა გახსნილიყო.
კლუბს პაუზამდე სამი საშინაო მატჩი აქვს ლა ლიგაში ("ვალენსია", "ხეტაფე" და "რეალ სოსიედადი") და ერთი ჩემპიონთა ლიგაზე ("პარი სენ-ჟერმენი"), თუმცა "ბლაუგრანა" უკვე ემზადება ალტერნატიული ვარიანტებისთვის.
"კრუიფი" და "მონჟუიკი"
მოლოდინია, რომ "ვალენსიასთან" მატჩს "ბარსელონა" სავარჯიშო ბაზაზე მდებარე "კრუიფზე" ჩაატარებს, რომელიც მხოლოდ 6,000 მაყურებელს იტევს. "მონჟუიკის" გამოყენება შეუძლებელია, რადგან იმავე კვირაში იქ Post Malone-ის კონცერტია დაგეგმილი. ამის შემდეგ კი "ხეტაფესთან", "რეალ სოსიედადთან" და "პარი სენ-ჟერმენთან" შეხვედრები უკვე "მონჟუიკზე" უნდა გაიმართოს.
ფინანსური დარტყმა
ეს კიდევ ერთი სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია კლუბისთვის ფინანსური თვალსაზრისითაც. "კამპ ნოუზე" მატჩების ჩატარება "ბარსელონას" თითოეულ თამაშში 4-8 მილიონ ევრომდე შემოსავალს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული ტევადობით ეს თანხა შემცირდებოდა, "მონჟუიკზე" ჩატარებული შეხვედრების ხარჯები და "კამპ ნოუზე" შესაძლო შემოსავლის დაკარგვა კლუბის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად აზარალებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 49 ]