ინგლისელები სესკის ტრანსფერს დასრულებულად მიიჩნევენ
სერიალი სახელად "საპნის ოპერა" დასასრულს უახლოვდება. როგორც იცით წინა სერიებში მოვლენები სხვადასხვაგვარად განვითარდა. ჯერ იყო და "ბარსელონას" ხელმძღვანელობის ცვლამ და ფინანსურმა მდგომარეობამ შეუშალა ხელი ფაბრეგასის ტრანსფერს. მოგვიანებით არსენ ვენგერის ჩამოუყალიბებელმა პოზიციამ აგვაღელვა, ბოლოს კი სერიალში ახალი გმირი – ივან გაზიდისი შემოიჭრა და დასასრულს მისული საგა ისევ განაახლა. "სესკი სამშობლოში ბრუნდება", "არსენ ვენგერმა ფაბრეგასის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო", "ვენგერი კვლავ უარზეა", "სესკი ისე ახლოსაა "ბარსასთან", როგორც არასდროს", ""არსენალმა" ფოტოები ფაბრეგასის გარეშე გადაიღო" და კიდევ უამრავი მსგავსი დასახელების სტატიები ამშვენებდა ჩვენი საიტის მთავარ გვერდს. ფაბრეგასი და მისი ტრანსფერი "ბარსელონას" გულშემატკივრების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ახლა კი, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სერიალი დასასრულს მიუახლოვდა. ყოველშემთხვევაში ასე იძახიან პრესის წარმომადგენლები. სასიხარულო ისაა, რომ, როგორც ამბობენ, რეჟისორს ფილმის "ჰეფი ენდით" დასრულება გადაუწყვეტია.
ისეთ გამომცემლობაშიც კი, როგოიც არის The Guardian ამბობენ, რომ "არსენალმა სესკისთვის ომი წააგო" და რომ "ბარსამ" გადაწყვიტა წერტილი დაუსვას უსასრულოდ გრძელ "საპნის ოპერას". კატალონიელებმა ისეთი შეთავაზება გაუკეთეს "მეთოფეებს", რომელიც ორივე მხარისათვის მისაღებია.
რაც შეეხება თანხას – "ბარსელონამ" "არსენალს" 35 მილიონი ევრო შესთავაზა ფიქსირებულად, რომელსაც დაემატება 5–დან 10 მილიონამდე ბონუსები.
პ.ს. ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად და "სპორტ.ეს"–ზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესპანეთის სუპერთასის გათამაშებისთვის ფაბრეგასი "ბარსელონას" შემადგენლობაში იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]