ფაბრეგასი "ბარსასთან" ისე ახლოსაა, როგორც არასდროს
ზედიზედ მესამე ზაფხულია, რაც ფაბრეგასი თავისი ოცნების ახდენასთან ახლოსაა, მაგრამ წელს მანძილი "ბარსასთან" ყველაზე მოკლეა. ყველაფერი 2009 წელს დაიწყო, როდესაც პეპ გვარდიოლას სატელეფონო ზარი გაისმა და სესკმა სამშობლოში დაბრუნების შეთავაზება მიიღო. მაშინ "არსენალის" უარი ძალიან მტკიცე იყო, განსხვავებით 2010 წლისგან. შარშან, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობის როტაციამ და გუნდის ეკონომიკურმა მდგომარეობამ ტრანსფერის შესრულებას შეუშალა ხელი. ახლა კი, 2011 წელს ფაბრეგასის "ბარსელონაში" დაბრუნების საკითხი სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.
მოლაპარაკებები უკიდურესად რთულია. "ბარსელონამ" "მეთოფეებს" მინიმალური შეთავაზება გაუკეთა, ლონდონელები კი სატრანსფერო ფასს არ ამცირებდნენ. ერთადერთი გზა საქმის წინ წასაწევად იყო თავად ფეხბურთელთან კონტაქტზე გასვლა. სესკმა, არსენ ვენგერთან რვა წლიანი თანამშრომლობის შემდეგ პირველად მკაცრად დააფიქსირა თავისი პოზიცია. ფეხბურთელმა უარი თქვა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშზე და კლუბს არც აზიურ ტურნეში გაჰყვა. მართალია ვენგერი აცხადებდა, რომ ყველაფერი ტრავმის ბრალი იყო, მაგრამ, მიუხედავად ექიმების ნებართვისა, ფაბრეგასი "არსენალს" არც "ბენფიკას" წინააღმდეგ სათამაშოდ გაჰყვა.
ვენგერი მიხვდა, რომ სესკი "არსენალის" მაისურით აღარასდროს ითამაშებდა და ფეხბურთელის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო. ლონდონელთა მხრიდან საქმეში ივან გაზიდისი ჩაერთო. ამის პარალელურად ჟოსეფ მარია ბართომეუმ და რაულ სანლიეჰიმ ("ბარსელონა") უმალ შეწყვიტეს ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში და სიტუაციის გასარკვევად ლონდონში ჩავიდნენ.
მოლაპარაკებები "ბარსას" წარმომადგენლებსა და გაზიდის შორის კატალონიელთათვის არასასურველი სცენარით განვითარდა. ლონდონელები კვლავ 40 მილიონ ევროს ითხოვენ. "ბარსელონაც" ამდენივეს გადახდას აპირებს, მაგრამ გადახდის პირობები მიუღებელია "მეთოფეებისთვის". კატალონიელები ფიქსირებულად 29 მილიონს გადაიხდიან, რასაც დაემატება 5 მილიონი ევრო, რომელიც ფაბრეგასის ხელფასიდან ჩამოიჭრება. დარჩენილი 6 მილიონი კი ეტაპობრივად გადაირიცხება. სწორედ ეს ქმნის პრობლემას. ლონდონელები ფიქსირებულად უფრო მეტის მიღებას ითხოვენ.
მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. თავად ფაბრეგასს კი იმედი აქვს, რომ შესძლებს სუპერ თასის რომელიმე შეხვედრაში მაინც კატალონიელთა დახმარებას. ნახევარმცველი თავის ამჟამინდელ გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ფორმიდან არ ამოვარდეს და "ბარსელონაში" მომზადებული ჩავიდეს. ფაბრეგასი შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებშია და შესაძლებელია, რომ უკვე შაბათს ის პეპ გვარდიოლას გუნდის შემადგენლობაში აღმოჩნდეს. რაც შეეხება ნომერს, "ბლაუგრანამ" მას "4" ნომრიანი მაისური შეუნახა.
სესკსა და პეპს შორის სატელეფონო კონტაქტი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კატალონიელთა მწვრთნელმა ზუსტად იცის, თუ რა როლის შესრულება მოუწევს გუნდის ახალწვეულს. თავად სესკი კვლავ აგრძელებს ბრძოლას, რათა ოცნება სისრულეში მოიყვანოს.
პ.ს. "არსენალმა" ფაბრეგასი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა, რაც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ნახევარმცველი ჯერ კიდევ "მეთოფეთა" რიგებში ირიცხება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]