"ბარსას" და "იუვეს" ისტორიული მატჩები
„ბარსა“ და „იუვე“ 70-ანებიდან მოყოლებული ყოველ დეკადაში ხვდებიან ერთმანეთს. პირველად 1970 წელს შეხვდნენ და ორივე შეხვედრაში ტურინელებმა იმარჯვეს. „ბარსა“ ამ დროს ძლიერი არ ყოფილა და მხოლოდ ორი ფეხბურთელი შეგვიძლია გამოვყოთ, რომელთაც კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს - მეკარე სალვადორ სადურნი და ფორვარდი კარლეს რეშახი. ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, სანამ გუნდში იოჰან კრუიფი მოვიდოდა, ამიტომ „ბარსა“ დიდი მიზნებისთვის ვერ იბრძოდა და არც განსაკუთრებულად კარგ ფეხბურთს თამაშობდა.
„იუვემ“ ორივე შეხვედრა 2:1 მოიგო.
რეკორდი „კამპ ნოუზე“
1986 წელს, „ბარსელონამ“ ლეგენდარული „იუვენტუსი“ მიიღო, სადაც დეკადის საუკეთესო ფეხბურთელი (მარადონას შემდეგ), მიშელ პლატინი თამაშობდა, პლატინის „ოქროს ბურთი“ სამჯერ ზედიზედ ჰქონდა მოგებული, ამასთანავე ბრწყინვალედ ითამაშა 1982 წლის მუნდიალზე, სადაც მხოლოდ იმიტომ ვერ გავიდა ფინალში, რომ ისტორიაში პირველად, მეკარემ კუნგ-ფუს ილეთი ჩაატარა! ტონი შუმახერი გამოფრინდა კარიდან და ბატისონს ისეთი ტრავმა მიაყენა, რომ ამ უკანასკნელმა მოედანი უგონო მდგომარეობაში დატოვა. იმ დროის მეკარის ასეთი თამაში იმდენად უჩვეულო იყო, რომ წითელ ბარათს გადაურჩა, მთელი საფრანგეთი შოკში ჩავარდა და გერმანიამ „ქამბექი“ შემოგვთავაზა. არადა, ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ საფრანგეთი საუკეთესო იყო.
პლატინიმ ცალი ფეხით მოიგო ევროპის ჩემპიონატი 1984 წელს და მსგავსი პერფორმანსი ევროზე მას მერე არავის უჩვენებია. აი, ასეთი ფეხბურთელით გვესტუმრა „იუვენტუსი“. პლატინის გვერდს უმაგრებდა დანიის ყველა დროის საუკეთესო - მიქაელ ლაუდრუპი და იტალიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი - გაეტანო შირეა.
ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ „კამპ ნოუზე“ 120 000 მაყურებელი მივიდა. ყველანაირი ნორმა დაირღვა, ხალხი კიბეებზე ისხდა, ზოგ შემთხვევაში ერთ სკამზე ორი ადამიანი იყო განთავსებული, „ბარსამ“ კი 1:0 გაიმარჯვა.
გუნდში აღარ იყო დიეგო მარადონა, ის უკვე „ნაპოლიში“ თამაშობდა და პლატინის სისხლს უშრობდა. მეორე ვარსკვლავს, ბერნდ შუსტერს კი შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია. სამაგიეროდ მოედანზე იყო სტივ არჩიბალდი, „ბარსას“ მთავარი მწვრთნელის, ტერი ვენეიბლზის საყვარელი ფეხბურთელი.
მან ტურინში გაიტანა, მის გოლს პლატინიმ უპასუხა და მატჩი 1:1 დასრულდა.
ბაჯო VS სტოიჩკოვი
ძალიან საინტერესო გამოდგა 1991 წლის დაპირისპირება. 90-ანების დასაწყისის მთავარი ვარსკვლავები წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ, რომარიო ჯერ არ თამაშობდა „ბარსელონაში“, სამაგიეროდ გვყავდა სტოიჩკოვი, მეტოქეს კი ჰყავდა საუკეთესო ფორმაში მყოფი რობერტო ბაჯო.
კრუიფი შენების პროცესში იყო, გუნდში უკვე თამაშობდნენ რონალდ კუმანი და ხოსე მარი ბაკერო. „იუვეში“ კი ბაჯოს გვერდით კაზირაგი და 90 წლის მუნდიალის მთავარი აღმოჩენა, სალვატორე სკილაში თამაშობდნენ.
პირველ შეხვედრაში კრუიფის გუნდმა 3:1 იმარჯვა, სტოიჩკოვმა დუბლი შეასრულა. მეორე შეხვედრა „იუვემ“ ბაჯოს გოლით მოიგო - 1:0.
ვან გაალის „ბარსა“
ვან გაალის მეორე ფორმაციის „ბარსა“ ძალიან ჰგავდა დღევანდელ „ბარსას“. ჰოლანდიელმა სეზონის წინ თქვა, რომ რივალდო არ სჭირდებოდა და გუნდიდან გაუშვა. მის ნაცვლად რიკელმე მოიყვანა, რომელსაც ცხოვრება გაუმწარა და გადმოიბირა გაისკა მენდიეტა, რომელსაც კარიერის საუკეთესო პერიოდი უკან ჰქონდა მოტოვებული.
„ბარსა“ საზიზღრად თამაშობდა ჩემპიონატში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მარტივად გაიარა გზა და მეოთხედფინალში ლიპის „იუვეს“ დაუპირისპირდა, სადაც კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებდა მომავალი „ოქროს ბურთის“ ლაურეატი - პაველ ნედვედი.
„ბარსამ“ ტურინში 1:1 ითამაშა და ეს კარგ შედეგად ჩათვალა, გამომდინარე იქიდან, რომ ფავორიტი „იუვენტუსი“ იყო. „კამპ ნოუზე“ რამდენიმე ეპიზოდში აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დაგვიდეს.
ანგარიში ნედვედმა გახსნა. ამას მთელი მსოფლიო ელოდა. შემდეგ ჩავიმ გაათანაბრა, ასევე ძალიან კარგი გოლით, რასაც არავინ ელოდა. შემდეგ ედგარ დავიდსი გააძევეს მოედნიდან და „ბარსამ“ სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. თამაში ფრედ დასრულდა და შეხვედრამ დამატებით დროში გადაინაცვლა.
ლილიან წურამი კედელივით იდგა, პატრიკ კლუივერტს ფეხი არ გაანძრევინა, ჩვენ კი კონტრშეტევა გამოგვეპარა და მარსელო ძალაეტამ ყველაფერი დაამთავრა.
ფინალი
2015 წლის ფინალის წინ მსოფლიო ვარსკვლავებს ეკითხებოდნენ სავარაუდო ანგარიშს და ყველაზე ხშირი პასუხი იყო 2:0 ან 3:1 „ბარსას“ სასარგებლოდ. ასეთი აშკარა ფავორიტი იყო „ბარსა“. ეს წელი იყო ის შემთხვევა, როცა „ბარსა“ – „რეალის“ ფინალი ყველაზე ახლოს იყო, მაგრამ „იუვემ“ ყველაფერი გააფუჭა და ისტორიული ფინალი ვერ შედგა.
MSN-მა თავის საქმე იდეალურად შეასრულა და ჯერჯერობით ბოლო ჩემპიონთა ლიგის თასი მოვიგეთ. ძალიან კარგი იყო ინიესტა და რაკიტიჩი, ალბა და ალვესი. იდეალური გუნდი იყო. თამაშის ბოლოსკენ ჩავიც გამოვიდა და „ბარსელონური“ კარიერა დაასრულა.
ჩავის წასვლის მერე, „ბარსას“ ლიგა არ მოუგია. ეს ფაქტიც ბევრ რამეზე მეტყველებს.
მეოთხედფინალი
„ბარსამ“ მერვედფინალში სასწაული დაატრიალა და 4:0 მოატრიალა ფრანგებთან. ისეთი თამაში იყო, რომ მიუხედავად ჩაგდებული ჩემპიონთა ლიგისა, მაინც შემოგვრჩა რაღაც კარგი და ლამაზი. „ბარსას“ სერიოზული პრობლემები ჯერ კიდევ პარიზში გამოჩნდა. ამ დროს უკვე ბრწყინავდნენ ანდრე გომეში, ნელსონ სემედუ და სერჟი რობერტო. ალვესი უკვე მეტოქის შემადგენლობაში თამაშობდა, ჩვენი ტრიო კი ვერაფერს გახდა.
უშანსოდ წავაგეთ. დიბალა საუკეთესო იყო.
ერთადერთ ნათელ წერტილად, ტურინში მესის და ინიესტას კარგი მომენტი შემოგვრჩა, ხოლო „კამპ ნოუზე“ ნეიმარის დრიბლინგები. ეს იყო და ეს. სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყო. სეზონის ბოლოს ნეიმარიც გაგვექცა.
ამის მერე მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე ვთამაშობთ. 2017 წელს მესი კარგ ხასიათზე იყო და 3:0 მოვიგეთ. ტურინში მატჩი 0:0 დასრულდა.
იმდია, მესი-რონალდუს დაპირისპირებას მაინც ვიხილავთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]