მატჩისშემდგომი მიმოხილვა: რონალდ დაჯექი, ორიანი!
მატჩს წინ უსწრებდა კონკურენტების შეხვედრები. "ატლეტიკომ" მოიგო და სუარესმა მორიგი გოლი შეაგდო, მადრიდის "რეალი" კი დამარცხდა და "ბარსას" წინ გასვლის საშუალება მიეცა. როგორც წესი, ასეთ დროს გუნდებს დამატებითი მოტივაცია ეძლევათ, მაგრამ "ბარსას" მოტივირებულის არაფერი ეტყობოდა.
რა თქმა უნდა, სანაკრებო პაუზამ თავის როლი ითამაშა, თუმცა ისიც გამოჩნდა, რომ მხოლოდ გადაღლაში არ ყოფილა საქმე. კუმანის გუნდმა ჯერჯერობით ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა, ადრე თუ გვიან ყველა მარცხდება, მაგრამ თამაშის ხარისხი ისეთი იყო, რომ ვალვერდე და სეტიენი გაგვახსენა. ანუ, იგივე კინოში დაგვაბრუნა, რომლის ყურებაც აღარ გვინდა და აღარც შეგვიძლია.
დებიუტი სასტარტოში
სამი ასეთი ფეხბურთელი გვყავდა. სერჟინიო დესტი, პედრი და უსმან დემბელე (ამ კონკრეტულ სეზონში). დესტსა და პედრის შორის საუკეთესოს გამოვლენა გამიჭირდება, რადგან ყველაზე მონდომებულები სწორედ ისინი იყვნენ, მაგრამ დემბელე რომ ამ სამიდან და ალბათ მოედანზე მყოფთაგან ყველაზე ცუდი იყო, ეს ნათლად გამოჩნდა. თითქმის ყველა ბურთი დაკარგა და მისი მთავარი პრობლემა ისევ ღიაა - ვერასდროს იღებს სწორ გადაწყვეტილებას, როცა დრიბლინგია საჭირო, პასს აკეთებს, თან არაზუსტს, როცა პასია საჭირო - დრიბლინგზე მიდის. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს აზროვნების პრობლემაა, რომელსაც არაფერი ეშველება, ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ აზროვნების უნარს ვერაფერს უზამ, ან აზროვნებ, ან ვერა.
ძალიან დიდი ხანია არ უთამაშია და რა თქმა უნდა, ამანაც ითამაშა თავის როლი, მაგრამ ძალიან მძიმე სანახავია, როცა ამხელა პოტენციალის მქონე ფეხბურთელს უყურებ და ხვდები, რომ სამი წლის განმავლობაში საერთოდ არ გაზრდილა.
კარგი იყო პედრი, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, რომ ასეთ შეხვედრაში ვინმე კარგი ყოფილიყო. აქტიურობდა, არც სიზუსტე აკლდა და ყველაზე სახიფათო მომენტი სწორედ მისი აქტიურობის შედეგად შეიქმნა, როცა უმოკლეს მონაკვეთში მოტეხა მცველი და დესტი მოძებნა, მან მესის დაუგორა და ბურთი ძელს მოხვდა. კარგი მომენტი იყო, ცუდი ის იყო, რომ მხოლოდ ერთი იყო ასეთი, მეტი არ ყოფილა.
საერთო სურათიდან გამომდინარე, ვერც დესტს შევაქებთ, მაგრამ კონკრეტულ მომენტებში ჩანს, რომ კარგი ფეხბურთელია, ტექნიკური, სწრაფი და ჭკვიანი ბიჭია. მისი ფლანგიდან დიდი საფრთხე ნამდვილად არ შექმნილა, ძირითადად მარცხნიდან გვიტევდა გუნდიდან უსამართლოდ გაშვებული კუკურელია, რომელსაც სერჟი რობერტო ვერ გაუმკლავდა.
ფრენკი დე იონგი
პირველ ტაიმში ალბათ საუკეთესო იყო, ბევრს მოძრაობდა, ბურთი კარგად ამოჰქონდა, რამდენჯერმე წარმატებული დრიბლინგიც განახორციელა, გამოჩნდა, რომ წინა შეხვედრის შემდეგ კრიტიკამ მასზე დადებითად იმოქმედა, მერე კი ყველაფერი აირია, მეორე ტაიმის დასაწყისში თერთმეტმეტრიანი აიკიდა და დე იონგიც გაფუჭდა. ახლა მთავარია ამან ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ცუდი სამსახური არ გაუწიოს და ეს თამაში რაც შეიძლება სწრაფად დაივიწყოს. შემდეგი ტური უკვე "კლასიკოა" და იქ შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვექნება.
გრიზმანი
ისევ უგოლოდ. ანტუან გრიზმანი ჩვენი კოლექტიური ტკივილია. ფრანგი ფორვარდად თამაშს ითხოვს და დაიწყო კიდეც ამ პოზიციაზე თამაში, ფლანგზეც ხშირად იწევდა, ყველგან მოძრაობდა, მაგრამ დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია, უფრო სწორად გააკეთა - ერთი-ერთზე გავიდა და ტრიბუნაზე შემოპარულ მაყურებელს ბურთი თავში გაარტყა.
ყოჩაღ ანტუან!
ფაქტია, რომ გრიზმანი სუარესს ამჯობინეს, გვინდა თუ არა სეზონის ბოლოს გოლებს დავითვლით, ვინ უფრო მეტს შეაგდებს და ვინ უფრო კარგ სეზონს ჩაატარებს. ჯერჯერობით სუარესი უკეთესია და მეეჭვება, რომ გრიზმანის ცხოვრებაში რაიმე შეიცვალოს. ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემა თავდასხმაში მთელი სეზონის განმავლობაში გვექნება, ან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში წავინადირებთ და მემფის დეპაის მივუბრუნდებით.
მართლაც მძიმე მდგომარეობაა. ლიონელ მესის გარდა ვერავის იმედზე ვერ ვიქნებით. სიგიჟეა 17 წლის ბიჭს ყველა თამაშში გოლის გატანა მოთხოვო. მეორე მხრივ კი გრიზმანი გვყავს, რომელიც თავს ვერ პოულობს და მცირე იმედსაც კი არ გვაძლევს, რომ რამე შეიცვლება. ადრე თუ გვიან გაიტანს, მაგრამ გატანაც ვერ შველის საქმეს. პრობლემა ის არის, რომ ყველაფრიდან ამოვარდნილია, არ არის ერთიანი გუნდის ნაწილი. მოკლედ, სეზონის ბოლოს, ორ ფრანგში თუ ერთ კარგ თავდამსხმელს მოგვცემენ, გადასარევი ამბავი იქბება.
კუმანი
სუსტი იყო რონალდ კუმანიც. ბევრი ვერაფერი შეცვალა. ცოტა გამოვცოცხლდით მას მერე, რაც ბრეითუეიტი გამოვიდა, ამ დროს ის მაინც ვიცით ზუსტად, რომ გუნდს ცენტრფორვარდი ჰყავს. ერთი კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ პასი ვერ იყო ზუსტი, მეორედ მცველთან ბრძოლაში ისე მოხდა, რომ ავტოგოლს იტანდნენ, მაგრამ ხარიხას მოხვდა. ბრეითუეიტი რომ ოდნავ მაღალი კლასის ფორვარდი იყოს, ან "ბარსას" აღზრდილი მაინც რომ იყოს, გრიზმანი უკვე სკამზე იჯდებოდა, მაგრამ ბრეითუეიტი ბრეითუეიტია, ამიტომ "კლასიკოს" ალბათ ისევ გრიზმანი დაიწყებს, მით უმეტეს, რომ ტრინკაუმ შოკში ჩაგვაგდო, ორჯერ მოიქნია ფეხი და ბურთი სად ჯანდაბაში წავიდა, კაცმა არ იცის.
რონალდ დაჯექი, ორიანი. მოსვლის დღიდან ირწმუნებოდა გრიზმანს ავათამაშებო და ჩაფლავდა.
პ.ს: ეს ვარდისფერი ფორმა რა უბედურებაა?!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]