მატჩისშემდგომი მიმოხილვა: წავაგეთ ფეოლა!
- წავაგეთ ფეოლა!
- გაგიჭირდებოდათ..
ასეა საქმე. "ბარსას" წაგება აღარ გამკვირვებია, მით უმეტეს, ჩემპიონობის მთავარ ფავორიტთან, თან გასვლაზე. ხალხი მაინც არ არის, მაგრამ ფსიქოლოგიურად ცუდად მომზადებული გუნდისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
იქნებ სუარესის არყოფნამ ნაკლები საფრთხე შეგვიქმნასთქო, ვიფიქრე და ალბათ ასეც იყო. სუარესის ყოფნის შემთხვევაში უფრო დიდი ანგარიშით წავაგებდით. "ბარსამ" ამ შეხვედრაში დაკარგა სამი ქულა, ბოლომდე გაიაზრა, რომ არ არის ის გუნდი, რომელიც ჩემპიონობისთის იბრძოლებს, დაკარგა სერჟი რობერტო და ჟერარ პიკე. რაც ყველაზე ცუდად მენიშნა, მეორე ტაიმის მიმდინარეობისას, მომეჩვენა, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არაფერი ჰქონდთან ერთმანეთთან საერთო. ეს უკვე კატასტროფაა. მესის და გრიზმანის შეუთამაშებლობის ამბავი ვიცით, მაგრამ დემბელეც მხოლოდ თავისთვის თამაშობდა, ასეთი შეუთამაშებელი შემტევი ტრიო ძალიან დიდი ხანია არ გვყოლია.
კუმანი
იმ ფეხბურთელებით, რომლებიც რონალდ კუმანმა "ატლეტიკოსთან" გამოიყვანა, მეტად უცნაური ტაქტიკა იქმნება. მსგავსი რამ ვიხილე "იუვენტუსთან" და დიდხანს თვალებს არ ვუჯერებდი, მაგრამ ანალიზისას აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი. შემადგენლობის მხრივ, ამ ორ შეხვედრაში ორი განსხვავება იყო, პიკეს ნაცვლად არაუხო იდგა, ხოლო შტეგენის ნაცვლად ნეტუ, თუმცა, ამას ტაქტიკაზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან ამ შემთხვევაში ნახევარდაცვასა და თავდასხმაზე მაქვს საუბარი.
კონკრეტულად რაშია საქმე - იქმნება ორი ზონა, შემტევებისა და ნახევარცმველების, მაგრამ ეს ზონები იქმნება დიაგონალური პრინციპით. მესი, გრიზმანი, დემბელე აქტიურად უტევენ, მაგრამ მარცხენა ფლანგი აუთვისებელი რჩება, რადგან პედრი კუმანის დავალებით ნახევარცმველს თამაშობს და არა გარემარბს. სწორედ ამან გამოიწვია მარჯვენა ფლანგის გააქტიურება და მარცხენის ინერტულობა, არადა, სანამ ფატი ჯანმრთელი იყო, მუდმივად საპირისპირო პრობლემა გვქონდა. მხოლოდ მარცხნიდან ვუტევდით, მარჯვენა ფლანგი მკვდარი იყო.
მეორმოცე წუთისთვის მხოლოდ ერთი შეტევა იყო მარცხნიდან და ისიც ალბას დამსახურებით. ამ ტაქტიკურ სქემაში, ალბა შეტევიდან საერთოდ გამოთიშულია, ეს კი გუნდის შემტევ პოტენციალს მნიშვნელოვნად აზარალებს.
დაცვის დროს დემბელეს ევალება მეოთხე ნახევარმცველის ფუნქციები შეასრულოს, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებდა ამას.
ასეთი რამ ხშირად არ მინახავს, ალბათ იმიტომ, რომ არანაირად მომგებიანი არ არის. "იუვესთან" იმუშავა და კუმანმაც ჩათვალა, რომ შეიძლება ამგვარი ტაქტიკის გამოყენება. ასე რომ, ექსპერიმენტები გრძელდება.
სამეულები, "იუვესთან" და "ატლეტიკოსთანაც" აი ასე გადაადგილდებოდნენ:
ფრანგები
ჩვენი სანაქებო "მამლებიც" კი ვერ არიან შეთამაშებულნი. ფატის ტრავმის შემდეგ კაცი იფიქრებდა, ფრანგებს შეთამაშების პრობლემა არ ექნებათო, მაგრამ ასე ერთმანეთისგან მოწყვეტილი სამეული არსად მინახავს.
დემბელე აქტიური იყო. პირველ ტაიმში თავის ვიზავი დაჩაგრა, მაგრამ რამდენად გონივრულია მუდმივად ჩაწოდებაზე თამაში, როცა მესი და გრიზმანი გყავს საჯარიმოში?! გონივრულობა დემბელეს პლუსი არ არის.
აი ტაიმის ბოლოსკენ აურია. მცირე დაზიანება მიიღო და მას მერე თამაშიდან გაითიშა. ეს ალბათ შიშის ფაქტორია. შეშინებულმა გააგრძელა თამაში, რომ მძიმე ტრავმა არ მიეღო. მისი სამედიცინო ისტორიის მქონე ფეხბურთელისთვის ეს ბუნებრივი მოვლენაა.
გრიზმანი ტრადიციულად, ღერძს მოწყვეტილი პლანეტის როლში იყო.
მესი და გრიზმანი
თამაშის წინ, ისედაც არაჯანსაღი და კონფლიქტური გარემო, გრიზმანის ბიძამ უფრო მეტად დაძაბა. იერიში მიიტანა მესიზე. მესის ბარსელონაში დაბრუნებაც კი აღარ უხარია. დავიღალეო, განაცხადა. ალბათ გახსოვთ "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" - არის იქ ერთი პერსონაჟი, რომელიც გამუდმებით ყვირის - დავიღალეე, დავიღალეეე! არაფერს აკეთებს, უბრალოდ ზის, მაგრამ დაღლილია.
მენტალურად გატეხილია. მესიც ასეა. აღარ შეუძლია ამ გარემოში ყოფნა, რადგან გუნდს წლების განმავლობაში ნელ-ნელა ანადგურებდნენ, ახლა კი ყველაფერი მისი ბრალია. ის წარმოუდგენელი პერიოდი დაგვიდგა, როცა არგენტინის ნაკრებში სიხარულით მიდის, ხოლო ბარსელონაში დაღვრემილი ბრუნდება.
საშინლად ითამაშა, მაგრამ რაც შევქმენით, მისი დამსახურება იყო. ერთი-ორი კარგად ჩააწოდა და ჩვენი სახიფათო მომენტებიც ეგ იყო.
იქნებ ზამთარშივე მოხერხდეს გრიზმანთან დამშვიდობება?!
შტეგენის შეცდომა
კარგ ფორმაშია, მაგრამ გაგვწირა. მხოლოდ მისი შცდომ, რომ არ ყოფილა, ესეც ფაქტია. პიკე და რობერტო ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ეს პიკეს შეცდომაა, რობერტოსთან მანძილი აუცილებლად უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ დაუძახა, რომ ბურთი გაეტარებინა, მაგრამ იმდენად ახლოს იდგნენ, რომ მზად მაინც ვერ აღმოჩნდა და ბურთი ვერ დაიმორჩილა. მერე შტეგენიც გამოფრინდა.. ამ ყველაფერს მატჩის ვიდეო ანალიზისას მივუბრუნდებით.
ისევ გახვრეტილები ვიყავით ცენტრიდან, ამასაც ვიდეოში განვიხილავთ.
კრიზისი
აი, ასე გამოიყურება კრიზისი. ახლა მთავარი კითხვა შემდეგია - გაძლებს თუ ვერა კუმანი სეზონის ბოლომდე? ასე თუ გააგრძელა, ვერა, ვერანაირად ვერ გაძლებს. მისი მომყვანი ხალხიც აღარ არის სათავეში და ზამთარში დაგვემშვიდობება.
მაინც ვუსურვოთ, რომ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან, თორემ ზამთარში ვინ დაგვატყდება თავს, ეგეც რთული სათქმელია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 21 ]