იოჰან კრუიფის რჩეული პრეზიდენტი
სულ მალე არჩევნებია, "ბარსაში" ახალი ერა დაიწყება, მესისთან ერთად თუ მის გარეშე, ამას მალე გავიგებთ. მთავარი ფავორიტები ჟოან ლაპორტა და ვიქტორ ფონტი არიან. წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იქნება ისეთი გვარების წამოყვირება, რომელიც საღერღელს აგვიშლის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად ვარსკვლავების ყიდვის თანხა არ გვაქვს. გუნდი გაკოტრების ზღვარზეა და უკვე ბევრმა ადამიანმა ლიონელ მესის ირიბად ანიშნა, რომ მისი წასვლა გაკოტრებისგან გადარჩენის ერთადერთი გზაა.
"ფული მოედანზე უნდა იყოს და არა ბანკში" - იოჰან კრუიფი
იოჰანი ამბობდა, რომ გუნდმა უკანასკნელი რისკის ფასად უნდა გაიღოს თანხა, თუნდაც ყველაფერი შეაგდოს სასწორზე, ჯობია, რომ გარისკოს და იმოქმედოს, ვიდრე გაშეშებული ადევნოს თვალყური, როგორ ყალიბდება საშუალო დონის კლუბად.
არაფერში გარგია ფული, რომელიც საცავშია. თანამედროვე ფეხბურთი მთლიანად ვალებზეა დამყარებული, თუ არ ჩავთვლით იმ მილიარდერების კლუბებს, რომლებიც ფიზიკურად ვერ გაკოტრდებიან, რადგან დაზღვევის სახით მათ მფლობელებს ყოველთვის შეუძლიათ პირადი ანგარიშიდან გაიღონ თანხა.
"ბარსა" ასეთი კლუბი არ არის, შესაბამისად, ყველაფერი მმართველებზე და მათ პროექტზეა დამოკიდებული.
ლაპორტას მთავარი მრჩეველი სწორედ იოჰან კრუიფი იყო, ამიტომ არასდროს ერიდებოდა დიდი კრედიტის აღებას, არასდრის ერიდებოდა რისკს და დრომ გვაჩვენა, რომ მართალიც იყო, რადგან "ბარსას" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი ბრძანდება. (თუ არა საუკეთესო).
ასევე, აღსანიშნავია, რომ ჟოან ლაპორტას აქვს სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი და შეუძლია ყველა მხარეს მოუსმინოს. მაგალითად, 2003 წელს, კრუიფი ურჩევდა, რომ სამი "ვალენსიელი” შეეძინა: აიმარი, ალბელდა და აიალა. თავად პრეზიდენტს დევიდ ბექჰემის ყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი, ეს იყო მისი მთავარი დაპირება, სანდრო როსელმა კი თავი დადო, "იუნაიტედს" რონალდინიოს წავგლიჯავო. მას შემდეგ, რაც ბექჰემმა არჩევანი "რეალის" სასარგებლოდ გააკეთა, ლაპორტამ როსელის რჩევა გაითვალისწინა და არა კრუიფის, მიუხედავად მისი ავტორიტეტისა და მისდამი დიდი პატივისცემისა. ბრაზილიელი ჩავიგდეთ ხელში და დიდი ნაბიჯით ამოვედით ჭაობიდან.
ყველამ იცოდა რონის უდისციპლინობის ამბავი, L’equipe-ზე არაერთხელ დაიწერა, როგორ იპარებოდა თამაშის წინ ბაზიდან, ან როგორ სტუმრობდნენ ბაზაზე როსკიპები. როსელმა სწორედ ამით "დაკერა" რონალდინიო, ფერგიუსონი გაგამწარებს და "ბარსაში" მეტი თავისუფლება გექნებაო. მზე, ზღვა და კლუბები. მეტი რა უნდოდა?
ლაპორტამ გარისკა ტრანსფერების დროს და გაიმარჯვა.
ლაპორტამ გარისკა ახალბედა მწვრთნელის დანიშვნის დროს და გაიმარჯვა.
თანაც ორჯერ. ორივე შემთხვევაში იოჰან კრუიფს დაუჯერა. პირველად ფრანკ რაიკაარდი დანიშნა, რომელმაც ასევე კრუიფის მეცადინეობით, იმ დროისთვის ექსპერიმენტული 4-3-3 დანერგა, სადაც მემარჯვენე მარცხენა ფლანგზე დააყენა და მარჯვენა ფლანგი ცაცია მესის მოუმზადეს. დღეს უკვე ვიცით, რომ ფეხბურთის დიდი ცვლილება სწორედ იმ წერტილიდან დაიწყო.
მეორედ, ასევე კრუიფს დაუჯერა და "ბარსა ბ-დან" გვარდიოლა დააწინაურა, მაშინ როცა მთავარ პოსტს ჟოზე მოურინიო ეტრფოდა. ჟოზემ პრეზენტაციაც კი მოამზადა, თუ როგორ აპირებდა "ბარსას" გადაწყობას, მაგრამ კრუიფმა თქვა, რომ კლუბს საკუთარი ფილოსოფიისთვის არ უნდა ეღალატა და როგორც აღმოჩნდა, ლაპორტამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
პეპმა მოიტანა მაქსიმალიზმი, ტიკი-ტაკა, პერფექციონიზმი, დეტალებზე არაადამიანური ორიენტირება, ცრუ ცხრიანი, გაუთავებელი ექსპერიმენტები და იმდენი ტიტული, რომ ადამიანს სათვალავი აერევა.
საბოლოოდ, რინუს მიხელსისა და ელენიო ერერას შემდეგ, ფეხბურთის მთავარ რევოლუციონერად იქცა.
"არასდროს მინახავს ფულის ტომარას გოლი გაეტანოს" - იოჰან კრუიფი
ფული ძალიან მნიშვნელოვანია, თანამედროვე ფეხბურთი დიდი ბიზნესია, მაგრამ ფული არ არის ყველაფერი. კრუიფი ამბობდა, რომ კლუბმა აუცილებლად უნდა დახარჯოს, მაგრამ უნდა დახარჯოს გონივრულად!
პირველი ეტაპი არის ფილოსოფია, რომელიც "ბარსას" გააჩნდა ერთ დროს.
მეორე ეტაპი არის სისტემა, რომელიც ეფუძნება აღნიშნულ ფილოსოფიას. ლაპორტას დროს ამ მხრივაც იდეალურად იყო ყველაფერი.
მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დახარჯო თანხა იმისათვის, რომ სუსტი რგოლები გააძლიერო და არავითარ შემთხვევაში ამ სამი ფუძის არევა არ შეიძლება, თორემ მოხდება ის, რაც უკვე მოხდა.
როსელმა სისტემა მოშალა, ფილოსოფიას უღალატა. გვარდიოლას "ბ" გუნდიდან ფეხბურთელი გაუყიდა, რომელზეც პეპმა თქვა, რომ სჭირდებოდა. კრუიფი გუნდს ჩამოაცილა, პეპი გაგვექცა და ტიტოს სიკვდილისწინა სურვილი რომ არა, ალბათ მესიც გაგვექცეოდა.
შემდეგ მოვიდა ბართომეუ, რომელიც თავს იწონებდა ბუღალტერიით, ამბობდა, რომ ვალებს მინიმუმამდე შეამცირებდა და კლუბი წელში გასწორდებოდა, ერთი სიტყვით, აქცენტი გააკეთა ფინანსურ და არა სპორტულ მხარეზე. როგორც მცოდნე ხალხმა აღნიშნა, ბართომეუ სპორტული სექციის მართვის გაგებაში არ იყო.
ამიტომ, რაც დაიზოგა, ის მალევე დაიკარგა.
ძალიან ბევრჯერ დაგვიწერია ის, რაც "ბარსას" გადამდგარმა თანამშრომელმა მცირე ხნის წინ დაადასტურა, იყო შანსი გვყოლოდა კილიან მბაპე, იყო შანსი გვყოლოდა ერლინგ ჰოლანდი, მაგრამ ზუსტად იმ არაკომპეტენტურობისა და უცოდინრობის გამო, მომავალი დეკადის მთავარი ვარსკვლავები ხელიდან გავუშვით, ოდესმე ჩავიგდებთ თუ ვერა, კაცმა არ იცის.
ასეთია მმართველის დანატოვარი. ლაპორტას დანატოვარმა, ინერციით კიდევ მოგვიტანა ტიტულები, როსელმა და ბართომეუმ კი განადგურებული სპორტული მიმართულება და ჩამოშლილი ფინანსური სტრუქტურა გვიანდერძეს, რომელიც კიდევ ბევრჯერ დაგვხვდება წინ და იმედია კისერს არ მოგვტეხავს.
როგორ იხარჯება ფული?
რისკი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც იცი, რას აკეთებ. კლუბმა ვალი უნდა აიღოს და უნდა დახარჯოს გონივრულად!
როდესაც რომან აბრამოვიჩმა "ჩელსი" იყიდა, მისი პირველი ტრანსფერი პიტერ კენიონი იყო. "მანჩესტერის" სპორტული დირექტორი, საუკეთესო მენეჯერი ბრიტანეთში. მანჩესტერელებმა მოღალატე ეძახეს, მაგრამ კენიონი ლონდონში გადაბარგდა და ჩაუყარა საფუძველი "ლურჯი არმიის" მშენებლობას.
რომანს ბიზნესში ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა, ამიტომ ჯერ ის კაცი იყიდა, რომელიც ეტყოდა, როგორ და სად უნდა დაეხარჯა გამზადებული მილიონები. აი, ეს არის გონიერება.
როდესაც "სიტიში" არაბული ინვესტიცია ჩაიდო, შეიხმა გუნდის ბარსელონიზაცია გადაწყვიტა, საფეხბურთო ბაზა "ლა მასიას" ყაიდაზე დააპროექტა, აკადემიის სისტემა ანალოგიურად მოაწყო და "ბარსას" სპორტული დირექტორი, ჩიკი ბეგირისტაინი გადაიბირა.
ეს მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობაა. ამიტომ სწორი კაცის შერჩევაა საჭირო. ლაპორტას კი რჩევების მოსმენაც შეუძლია და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაც.
სპორტული დირექტორის პოსტზე სასურველი ვარიანტი ჯორდი კრუიფი იქნება, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია ჩავი ერნანდესი კურირებს, თუმცა, მოვლენებს ნუ გავასწრებთ.
რას ველით მისგან?
ლაპორტას შესაძლო მოსვლა, ფლორენტინო პერესის მეორედ გაპრეზიდენტებას მაგონებს. პერესის წასვლის შემდეგ, როდესაც კალდერონი გახდა პრეზიდენტი, მან თქვა, რომ გუნდი მეგა ვარსკვლავების ყიდვაზე აქცენტს არ გააკეთებდა, ამის მოსმენისას ცოტა არ იყოს გული დამწყდა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე "რეალს" ეხებოდა. როგორ შეიძლება "რეალი" ან "ბარსა" იმ ფეხბურთელებზე არ ნადირობდნენ, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესოები არიან!? ეს იდენტობის დაკარგვის ტოლფასია. საუკეთესოები ყოველთვის აქ თამაშობენ.
პერესი მეორედ გაპრეზიდენტდა და სამი მეგა ტრანსფერი შედგა.
იგივეს არ ველოდები, თუმცა ლაპორტა რომ ერთ სუპერვარსკვლავს მაინც წაეპოტინება, ამაში ეჭვიც არ მეპარება. ჯერჯერობით ორი გვარი სახელდება, ჰოლანდი და ნეიმარი.
უმრავლესობას ჰოლანდი ურჩევნია, თუმცა ნეიმარის დაბრუნება ალბათ მესის დარჩენასაც ნიშნავს.
ლაპორტა გარისკავს.
ყოველთვის რისკავს.
ლაპორტამ გარისკა და ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციაც დაარღვია, "ბარსა" ერთადერთი კლუბი იყო, რომელსაც ფორმაზე სპონსორის ლოგო არ ჰქონდა დატანილი, ლაპორტამ კი UNICEF - თან გააფორმა კონტრაქტი, თუმცა მათ თავად ურიცხავდა ფულს, გარდა ქველმოქმედებისა, ამან კლუბის პოზიტიური პოპულარობა ისე გაზარდა, რომ ორჯერ მეტი შემოსავალი მიიღო.
ძველი გუნდი დაბრუნება?
ლაპორტა თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც არც რჩევების მოსმენას თაკილობდა და არც შენიშვნის მიღებას. მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევდა გვარდიოლას და ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა. როდესაც "ბარსას" უჩიოდნენ, პასუხისთვის ყოველთვის მზად იყო შემადგენლობა დისტანცირებული ჰყავდა. სწორედ ამის გამო მისცა გვარდიოლამ პირველი შენიშვნა სანდრო როსელს, თავის დაცვა არ უნდა გვიწევდეს, ამას ხელმძღვანელობა უნდა აკეთებდესო.
ჟოანს იდეალური ურთიერთობა აქვს "ბარსას" ლეგენდებთან, ამიტომ მისი მოსვლა კარლეს პუიოლის, ჩავის და ინიესტას დაბრუნებას გააიოლებს.
თითქმის იგივე გზა აქვს არჩეული ვიქტორ ფონტის, პროექტებს შორის სხვაობა, სულ მცირე ხანში გამოჩნდება.
რაც შეეხება ნეგატიურ მხარეს, ასეთიც ბევრია. ამისათვის ლაპორტას კომპანიის დასახელბაც კმარა, რომელსაც საქმე აქვს პორნო და ნავთობმაგნატებთან, ასევე რუსულ-ქართულ მაფიასთანაც, რომელზეც ადრეც დამიწერია და ამ ინფორმაციით მთელი ესპანური პრესა აჭრელებულია.
ასეთი კაცია, რას ვიზამთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]