მატჩისშემდგომი მიმოხილვა: "წმინდა ჟოანის" კიდევ ერთი სასწაული

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: "წმინდა ჟოანის" კიდევ ერთი სასწაული

          უცნაურ სამყაროში ვცხოვრობთ. გუშინ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომელიც ამავე დროს ესპანეთის ნაკრების მეოთხე მეკარეა. მესამეც კი არ არის, ესე იგი, გულის სიღრმეში საფრთხეს გრძნობს, რომ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დარჩეს. ამას უკვე პარადოქსიც აღარ ჰქვია. მეორე მხრივ, მისი კონკურენტი (თავისი ჭკუით) არის მეკარე, რომელმაც როგორც იქნა მიიღო ნაკრებში პირველი ნომრის სტატუსი, მაგრამ ქარს ატანს ამ ნანატრ საჩუქარს, იმიტომ, რომ კლუბის შეცვლას და მუნდიალზე თამაშს, სკამზე ჯდომა და მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ყურება ურჩევნია. 

რა ხდება კი მაგრამ?! 

გუშინდელი დერბი სეზონის საუკეთესო მატჩად მონათლეს. მეტწილად ჟოან გარსიას დამსახურებაა, რადგან რაღაც ისეთი ვნახეთ, რაც სეზონის განმავლობაში არ გვინახავს და იქნებ უფრო მეტისაც. სტადიონზე, რომ მაღალი ტემპერატურა იყო ესეც მისი დამსახურებაა. დერბიმ დამატებითი ინტრიგა შეიძინა. გარსია ბარსაში გადასვლის მერე მოღალატედ შერაცხეს და თითი უქნიეს ჩამოხვალ შენ და ნახავ რა დღეში ჩაგაგდოთო, ახლა ის თითი სად არის ნეტავ?! 

პირველივე ტაიმში დაიწყო სასწაულების მოხდენა, შეიძლება ითქვას, რომ რობერტო ფერნანდესს ცხოვრება დაავიწყა. მის დარტყმულზე უბრალოდ გახურდა, ასეთი დარტყმები გარსიას საფრთხეს არ უქმნის, ასეთ დარტყმებზე მხოლოდ "ესპანიოლის" ქომაგები ღელავენ, ჩვენ დიდი ხანია მივეჩვიეთ, რომ ასე გოლი არ გადის ბარსას კარში. აი მერე კიდევ სასწაული ვიხილეთ, შეიძლება ითქვას სეზონის სეივი. რომერომ ახლო მანძილიდან დაარტყა თავით, დაარტყა საგოლედ, საზეიმოდ, უკვე აღსანიშნად, შერხეულ ბადესაც ხედავდა ალბათ, მაგრამ აიღო გარსიამ, წაარტყა ხელი და აიღო, როგორ და რანაერად მხოლოდ მან იცის, ან, შეიძლება თავადაც არ იცის, შეიძლება თავად ყველაზე მეტად არ იცის რას სჩადის, უბრალოდ გამოსდის ასე, იმიტომ, რომ ღვთისგან მოვლენილი სასწაულია.

არა, უნდა ვითხოვოთ კასილიასისგან ტიტული - წმინდა ჟოანი. 

რას სჩადის ეს კაცი?! 

    არც მეორე ტაიმში მოგვიწყენია, რა მოწყენაზეა საუბარი, გოლი არ გადიოდა და მაინც ამაზე სახალისო მატჩი იშვიათი სანახავია, უმაღლეს ტემპში ითამაშეს, უმაღლეს დონეზე, შექება ეკუთვნით "ესპანიოლის" ფეხბურთელებს, ყველაფერს კარგად აკეთებდნენ, უბრალოდ თავს ზემოთ ძალა არ არის, თავს ზემოთ მხოლოდ ჟოან გარსიაა. აბა, როგორ არ უნდა მოგწონებოდა რობერტო ფერნანდესის გარღვევა? შეიგდო ბურთი მარტინსა და კუნდეს შორის, შეასკდნენ "ბარსელონელები" ერთმანეთს ისე როგორც ჰაინცე და პატრის ევრა, დასაფასებელია რობერტოს ბოლო მცდელობაც, ეს უზადო გარღვევა შედევრად ექცია და ლამაზი, მოხდენილი მოძრაობით მეკარეც დაეგდო, მერე კი ცარიელ კარში შეეგორებინა, ვაფასებთ ამას ბარსას ქომაგები, მაგრამ რაღაც ვერ გაითვალისწინა, ბარსას კარში უბრალოდ მეკარე არ დგას, ბარსას კარში ლეგენდარული მეკარე დგას, რომელიც ახლა იწყებს პირველი ნაბიჯების გადადგმას, გარსიას მისჯილი აქვს, რომ იქცეს ესპანური ფეხბურთის ლეგენდად, ეს გარდაუვალია, ეს აუცილებლად მოხდება, გზა ამისათვის უკვე გაკვალულია, ახლა მხოლოდ ნებისყოფაა საჭირო, რომ ბოლომდე იაროს ამ გზაზე, თორემ სადღაც ზემოთ უკვე ყველაფერი კარგად იციან. 

არ გაატანინა. როგორღაც გამოაძრო. გააგიჟა ფერნანდესი. 

ბარსას არაფერი გამოსდიოდა და ცვლილებები იყო საჭირო. გამოვიდნენ მოედანზე ფერმინ ლოპესი და პედრი, ლევანდოვსკი და დანი ოლმო. უხ, რა ხალხი გვყავს სკამზე. არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, ფერმინ ლოპესს ყველაფერთან ერთად სისწრაფეშიც მოუმატებია. ყოველ შემთხვევაში, ამ გიჟურ ტემპში რომ შემოვიდა, თითქოს კიდევ უფრო მაღალ სისწრაფეზე გადაიყვანა თამაში, გადაწყვეტილებებსაც სწრაფად იღებდა, ბურთითაც სწრაფად მოძრაობდა და გარსიას მერე ყველაზე დიდი წილი მას აქვს გამარჯვებაში. თუმცა, მანამდე "ესპანიოლის" ქომაგებმა გაიხარეს, აქაოდა ჩვენს კარშიც დგას მეკარეო და დმიტროვიჩმაც სასწაული ბურთი გამოაძრო, ერიკ გარსიას აუღო ალბათ ერთი მეტრიდან. სულ გაგიჟდა ეს ხალხი. ვინ იღებს ასეთ ბურთებს?! 

მერე ისევ გარსიას ჯერი მოვიდა. აიღო ყველაფერი რაც მისი კარისკენ წავიდა. დაბალი? მაღალი? ჩამესმა ბორის წიფურიას ხმა. არ აქვს ბორის მნიშვნელობა. ყველაფერი აიღო, დაბალიც, მაღალიც და აუღებელიც. 

მერე კიდევ როგორც იქნა დაისვა წერტილი. ფერმინ ლოპესმა "ესპანიოლი" ცენტრიდან გაარღვია, მესივით არ იარა კაცო?! დატრიალდა რწყილივით და დროული პასიც მისცა დანი ოლმოს, რომელმაც შორეული კუთხისკენ უზადოდ დაატრიალა. ბევრი გოლი გამახსენდა, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ ანრის გოლს ჰგავდა "სელტიკის" კარში. გაიხსენეთ, ნახეთ და დამეთანხმებით. 

ეს მატჩი მოგებულია. შესაძლოა, საჩემპიონო მატჩი. ასეთ შეხვედრებს ჩემპიონები იგებენ. ასეთ სამ ქულას ჩემპიონები იღებენ. ასეთი მატჩების მერე აღარ გჯერა, რომ შენი დამარცხება შესაძლებელია. მეორე გოლიც მალევე გავიდა, რობერტ ლევანდოვსკი სულ სამჯერ შეეხო ბურთს და კრიტიკაც დაიმსახურა ამ მოკლე დროში, მაგრამ გასატანი მაინც გაიტანა, თანაც, უმაღლეს დონეზე შეასრულა დარტყმა, მგონი კორპუსიც წაახმარა კარში შესაგდებად. ისევ ფერმინის პასი იყო. ისევ სწრაფად იარა, კარგად დადგა ფეხზე, პენალტზე თამაშს მომენტის დამთავრება ამჯობინა და არ შემცდარა. ყველაფერი გამოვიდა. 

აბა წავედით სუპერ თასზე 

ასეთ ხასიათზე დაიძრება ბარსა სუპერ თასის მოსაგებად. პირველი მეტოქე "ბილბაო" იქნება. და იმედია ამ მატჩის მერე, მეორე მეტოქეზეც დავწერთ. აბა, მოვემზადოთ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 4 იანვარი 2026 12:50
    3
    მაგარი თამაში იყო მაგრათ კი ვი ერვიულე მარა გარსიას შემყურე ვფიქრობდი რო მინიმუმ უგოლო ფრე იქნებათქო რადგან მომენტებს მაინცადამაინც ვერ ვქმნიდით და თუ ვინმე იყო გამტანი ესპანიოლი გაიტანდა მარა საღოლ გარსიას და შეცვლაზე შემოსულებს.. მიკვირს რითი ამჯობინებს სიმონს რითია მეტი გარსიაზე აქამდე ნაკრებში რატომ არ იძახებს რა დააშავა...
    Culé [?]
    #5 4 იანვარი 2026 12:46
    1
    კუნდეს კომენტარი ნახეთ? 🤣🤣

    🔵🔴 Jules Koundé: "We don't want to see Joan García having to work too much." 😅

    “Barca need to improve on lot of things. We can’t expect Joan to save us every match.”

    იცინოდა თან ამ კომენტარის დროს
    ფანი [?]
    #4 4 იანვარი 2026 12:22
    1
    სეზონი მალე დასკვნით ეტაპზე შევა, ამიტომ მცველია მოსაყვანი


    კანსელო მოიყვანონ არაა ძვირი
    წევრი [?]
    #3 4 იანვარი 2026 11:46
    3
    ამ თამაშის მერეც თუ ნაკრებში არ დაუძახა იმ თავ ტვლიპინამ ადგეს გარსია და თავზე დააფაროს ყველაფერი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 იანვარი 2026 11:46
    2
    აი ეხლა ლაპორტა ღლე თუ არაა ერთი მცველი არ უნდა მოუყვანოს ფლიკს? "წმინდა ჟოანი" ძალიან მომწონს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #1 4 იანვარი 2026 11:41
    1
    სასწაული მეკარე გვყავს რასაც ქვია თანაც რა ფასად დავითრიეთ 25 მილიონად მხოლოდ! რაც შეეხება ოლმო ტრავმიანია მარა კლასი მაინც აქვს რა ფერმინიც კარგი ბიჭია უბრალოდ ჯერ პატარაა დაიხვეწება და ღორობასაც გადაეჩვევა სივრცის კაცია უფრო როცა აქ მაგრად ითვისებს! რაც შეეხება იამალს არვიცი შარშანდელი იამალისგან წელს არაფერია დარჩენილი ის მუხტი ის მოტივაცია ჟილკა მკვდარია თითქოს იფიქრებ კაცი ვსიო ოქროს ბურთზე მეორე ადგილზე გავედიო და ვსიო მორჩა ჩემი მოვალეობა მოვიხადეო თუ ტრავმა აქ და ვერ თამაშობს ისე როგორც წინა სეზონში მაშინ დაასვენონ და ეგიქნება სასწაულია პირდაპირ რომ შარშანდელი იამალისგანაც რო 1% არაა დარჩენილი ჩემი აზრით 10 ნომერის ჩაცმაც მოქმედებს მაგაზეც უფრო მეტ ვალდებულებას მოითხოვს! ზამთარში აუცილებლად მოსაყვანია ცენტრალური მცველი ვინმე მარცხენა ფეხს რომ იყენებს თორე ჩემპიონთა ლიგა კი არა ლა ლიგის მოგებაც გაგვიჭირდება ბოლო დასკვნითი ფაზა რომ შევა აი რაც შეეხებს ღვერან ტორეს რაცარუნდა ყაროს გოლებს მაინც უკლასოა და არაფერი ესაქმება ბარსას ძირითაში ლევანა ბებერია მაგრამ კლასი მაინც აქვს ზაფხულში მოკლედ ბევრი რევოლუციაა მოსახდენი ძაან ბევრი ფეხბურთელი უნდა წავიდეს!